„ჩვენ ბედს ჩვენვე გადავწყვეტთ და არა ევროპა, ან ამერიკა“

„ჩვენ ბედს ჩვენვე გადავწყვეტთ და არა ევროპა, ან ამერიკა“

დღეს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრეს–კონფერენცია ივანიშვილმა ავღანეთში ISAF–ის მისიის ფარგლებში მომსახურე სამხედროების გარდაცვალების შესახებ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ თავდასხმა ქართველმა მეომრებმა გმირულად მოიგერიეს, მაგრამ ამას სამი მათგანის გარდაცვალებაც მოჰყვა. პრემიერმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ამის შემდეგ მან საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მმართველი გუნდისადმი დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა და ახალ ხელისუფლებას აღარ უწევს მუდმივად განმარტებების კეთება, რისთვის მოვიდა ქვეყნის სათავეში და როგორი ხელწერა აქვს.

„თითქმის ნახევარი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ის სირცუე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციულად ავრცელებდა, გამოაშკარავებულიყო და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოახერხეს ჩვენი გუნდის რეალური სახე და რეალურის სტრატეგია დაენახათ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი გუდნის წევრების წარმატებულმა ვიზიტებმა იმოქმედა. ელჩების დონეზე ამის გაკეთება ვერ ხერხდება, რადგან პრეზიდენტი ყველანაირად გვიწევს წინააღმდეგობას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნორმალურად იფუნქციონიროს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და წინასწარ დასკვნების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი. პრემიერი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი კულტურულად მოიქცა, როდესაც გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადადგა. ამასთანავე, პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გელა ხვედელიძის დაკავებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხვედელიძემ დაარღვია კანონი და ის, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, მოიხდის იმ სასჯელს, რასაც ამ დანაშაულისთვის კანონი ითვალისწინებს. აქვე ივანიშვილმა განაცხადა, რომ გელა ხვედელიძე არ იყო მისი გუნდის რიგითი წევრი, იგი არჩევნების პროცესში ძალიან აქტიური იყო და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამასთანავე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“–შიც და კოალიციაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევას უწევდა კოორდინირებას. პრემიერის თქმით, ამ ყველაფერს ხაზი გაუსვა იმიტომ, რომ ცხადი გახადოს მმართველი გუნდის პოზიცია – კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონი პირველ რიგში პირველმა პირებმა უნდა დაიცვან.

აქვე ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს ვითარებაში კარგად გაერკვეს, რადგან ხვედელიძის, ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი მკიცებულებები დღემდე წარმოდგენილი არ არის. ამიტომ პრემიერი აცხადებს, რომ მხოლოდ ვინმეს, თუნდაც ჟურნალისტის მოთხოვნის საფუძველზე არ შეიძლება თანამდებობის პირის გადაყენება, როდესაც ამ პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი საუბრობს იმაზე, თითქოს, აქვთ საკმარისი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ ვინმე თანამდებობიდან გადადგეს. გელა ხვედელიძე მათ შანტაჟს შეეწირა და არაღირსეული ნაბიჯი გადადგა, რის გამოც კანონის წინაშე აგებს პასუხს. ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აქტიურად იყო ჩართული გამოძიების პროცესში და ღარიბაშვილმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა, როდესაც გელა ხვედელიძე დააკავა. აქვე გეტყვით, რომ გია ხუხაშვილს ელისო კილაძემ და კიდევ ვიღაცეებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მასთან პრეტენზია აღარ აქვთ“, - ამბობს პრემიერ–მინისტრი.

ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობის ყოფილი ჩინოვნიკები, რომლებიც დაკავებულები არიან, პროკურორ რიჟამაძის მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. პრემიერმა განმარტა, რომ გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს და აქვე დაამატა, რომ მართალია, კარგია, საია რომ პროცესებში აქტიურად ერევა, მაგრამ ეს ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ნაწილია და ვერ ექნება იმაზე მეტი უფლება, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული. ივანიშვილი აცხადებს, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც კონკრეტული ფუნქციები აქვთ. ამასთანავე, პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას არავინ დაიკავებს.

ბიძინა ივანიშვილი ასევე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური ზრდის ტეპმი შემცირდა. პრემიერი ქადაგიძეს მოუწოდებს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას თავი დაანებოს და საქმეს მიხედოს.

„მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ლამის ბოდიში მომიხადა „ქართუ ბანკზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო. რაც პირადულია, ამაზე მე შემიძლია მაქსიმალურად კორექტული ვიყო, თუმცა გიორგი ქადაგიძეს აქვს კონკრეტული ფუნქციები და სჯობს, საქმეს მიხედოს. რაც შეეხება რეალობას, 5–დან 3%–მდე ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება აბსოლუტურად ნორმალურია, ამაში საგანგაშო არაფერია. რით აღწევდნენ ნაციონალები ეკონომიკურ ზრდას? ეკონომიკურ ზრდას რასაც ისინი უწოდებდნენ და რითაც აღწევდნენ, ეს იყო მაგალითად პარლამენტის შენობის მშენებლობა. მოგეხსენებათ, ეს თანხა ბიუჯეტში შედის და ამავდროულად, მთლიან შიდა პროდუქტზეც (მშპ) აისახება. ჩვენ დროებით შევაჩერეთ იუსტიციის სახლების მშენებლობა, ეს იყო გაურკვეველი პროექტები, რომელთა აშენებაც სამჯერ იაფი დაგვიჯდება და სამჯერ უფრო კომფორტული იქნება“, – აღნიშნავს პრემიერი.

მისი თქმით, ასეთი ტიპის მშენებლობები კრედიტების საფუძველზე კეთდებოდა, მაგრამ ბიუჯეტზე და მშპ–ზე აისახებოდა. ახალი ხელისუფლება კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უფრო აქტიურად განახორციელებს. ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს, რომ 2003 წელს, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10% იყო და მათი ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ განახევრდა. პრემიერის თქმით, მისი მმართველობის მეორე წელი უფრო ეფექტიანი იქნება, ხოლო მესამე და მეოთხე წლები კიდევ უფრო კარგი, რადგან ბიზნესი წნეხისაგან განთავისუფლდა და ეკონომიკის ზრდა ბუნებრივად იქნება მიღწეული.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ამნისტიის თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას საშუალო და მცირე დონეზე ამნისტიის მიღება მოუწევს, რადგან პროკურატურაში უამრავი საჩივარია შესული და არ არის სასურველი, რომ ქვეყანაში მასობრივი დაჭერები დაიწყოს.

პრემიერი საკუთრების უფლების უკანონოდ შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურაში შესულ უამრავ საჩივარზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან პროკურატურა უბრალოდ ვერ აუდის ამ საქმეების განხილვას.

„მე არ ვიცი, როგორ ხდება რიგითობის შერჩევა, მაგრამ პასუხი ერთადერთია – თუ არის საჩივარი, ის აუცილებლად განხილული უნდა იყოს. პროკურატურაში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე ძალიან ბევრი საჩივარია შესული, მე ეს ვიცი. იქ თანამშრომლების ოდენობის გაზრდაზეც იყო საუბარი, პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, ამ თემაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი და აქვე დასძენს, რომ სიამოვნებით შეხვდება რეპრესირებულ ბიზნესმენებს, რომლებმაც ორგანიზაცია „დააბრუნე“ შექმნეს.

ივანიშვილი განმარტავს, რომ დავით კირვალიძე იყო ის მინისტრი, რომელზეც იგი მინიშნებებს აკეთებდა, რომ შესაძლებელი იყო, ერთ–ერთ მინისტრს თანამდებობა დაეტოვებინა. მისი თქმით, ასეთია მმართველი გუნდის მუშაობის პრინციპი, რომ როგორც კი გარკვეული კითხვები გაჩნდა, ამაზე პრემიერმა ღიად ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი ვერ საუბრობს განათლების მინისტრობის შესაძლო კანდიდატზე, ანუ ვინ ჩაანაცვლებს გიორგი მარგველაშვილს მას შემდეგ, როდესაც იგი პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. პრემიერის თქმით, რამდენიმე პოტენციურმა კანდიდატმა ამაზე მინიშნება უკვე გააკეთა, მაგრამ ჯერჯერობით, გამოკვეთილი არაფერია.

პრემიერი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორები გულისყურით აკვირდებიან საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესს და მათი მხრიდან გარკვეული დახმარება ამ კუთხით უკვე არის გაწეული, თუმცა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაზე მეტი დახმარება მათი მხრიდან საჭირო აღარ არის.

„ამ მხრივ ევროპელებს პრაქტიკულად აღარ აქვთ კითხვები და აქვე ვაძლევ პირობას საზოგადოებას, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენ შერჩევით სამართალს არ დავუშვებთ, მაგრამ წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ. აღარ იქნება ისე, როგორც აქამდე იყო, რომ ევროპელები და ამერიკელები გადაწყვეტენ ჩვენს ბედს. ჩვენს ბედს ჩვენ თვითონვე გადავწყვეტთ, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ბევრი დახმარება მიგვიღია, ბევრი კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მან გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს თბილისის მერობა შესთავაზა. ივანიშვილის თქმით, ზურაბიშვილისთვის არაფერი შეუთავაზებია, თავად სალომე ზურაბიშვილის სურვილი იყო, რომ  მმართველ გუნდს მისთვის გარკვეულ თანამდებობებზე დაეჭირა მხარი, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან ივანიშვილმა თავი შეიკავა.

პრემიერ–მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ შრომის კოდექსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართალია სამინისტრომ კარგი საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგინა, მაგრამ ივანიშვილის აზრით, ამ პროექტს ბიზნესმენებთან შეჯერება და მათი აზრის გათვალისწინება აკლდა. პრემიერ–მინისტრის თქმით, მმართველმა გუნდმა დაქირავებულის უფლებებს გადახედა, რადგან არსებულ კანონმდებლობაში დაქირავებულის უფლებები საერთოდ უგულებელყოფილი იყო. აქვე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის სხდომაზეც გამოთქვა შენიშვნები შრომის კოდექსის შემოთავაზებულ ვარიანტთან დაკავშირებით, ხოლო მისი ცნობილი განცხადება როზა ლუქსემბურგის შესახებ არ იყო საჯაროდ გაკეთებული, მან ამაზე სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და სტუდენტებმა ეს ჩანაწერი გაუვრცელეს. ივანიშვილი აცხადებს, რომ გავლილი იქნება კონსულტაციები ბიზნესმენებთან, რათა დაცული იყოს ასევე ინვესტორების უფლებები და შემოთავაზებულ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევა.

ივანიშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გუნდი ძალიან წარმატებულია.

„ვისაც ეკონომიკა ესმის, იცის, რომ ახალი მთავრობის მოსვლიდან 7 თვეში ეკონომიკის აღორძინება შეუძლებელია. ეს არის აბსურდი. რა მოლოდინი იყო, რომ 7 თვეში ეკონომიკა აღორძინდებოდა?! ბაქრაძესთან პოლემიკა მე გავაჟღერე მედიაში, რომ ვიცით, ეკონომიკა 7 თვეში ვერ აღორძინდება, მაგრამ სათქმელად კარგიაო. ძალიან წარმატებული გუნდი მყავს, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილი. გუშინ მქონდა თათბირი ეკონომიკურ ჯგუფთან და ძალიან ფართოა სპექტრი, რითაც არის დაკავებული ეკონომიკის სამინისტრო“, – აღნიშნავს პრემიერი.

მან სოფლის მეურნეობის ბარათების დარიგების პროცესში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეული კითხვები არსებობს, მაგრამ ეს იმდენად მასშტაბური პროექტია, რომ შეუძლებელია, აქ ხარვეზები არ იყოს. ამასთანავე, პრემიერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ კითხვებისა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ არსებობს, უწყებამ ამ პროცესს მაინც კარგად გაართვა თავი.

შინაგან საქმეთა სამინისტროზე კი ივანიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ხვედელიძის შემთხვევისა, ეს უწყება მთავრობის ერთ–ერთი ძლიერი რგოლია.

„შსს ერთ-ერთი ძლიერ რგოლია. ნახეთ, რა მოხდა სამინისტროში, როგორ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილი. ცუდია, თუ საზოგადოება ფიქრობს, რომ ის არის სუსტი რგოლი. სამწუხაროა რაც მოხდა, თუ ეს მიგაჩნიათ სისუსტედ, გეთანხმებით, მაგრამ მთავარია რა რეაქციაც მოჰყვა გელა ხვედელიძის ქმედებას - როგორ ფიქრობთ, მისი მიჩქმალვა რთული იყო? მაგრამ ჩატარდა კეთილსინდისიერი გამოძიება და სხვათა შორის, ამაში ლაშა ნაცვლიშვილს ლომის წილი აქვს, კილაძე და ვიღაცები რომ მის გადადგომას ითხოვენ და არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ. შეადარეთ გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, ნახეთ, ჩვენ პატარა დანაშაულზე როგორ დავსაჯეთ მინისტრის მოადგილე. წინა ხელისუფლების პირობებში კი ადამიანის მკვლელობაში მონაწილეები რამდენ ხანს „გულაობდნენ“. ასე რომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძლიერი რგოლი. სუსტი აღმოჩნდა თავად ხვედელიძე, ძალიან საწყენია და ძალიან გაწბილებული ვარ, მაგრამ არავინ დაფიქრებულა, რომ კანონისთვის გვერდი აევლო და მისთვის რაღაც შეღავათი მიეცა“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

მან სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურებაზეც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ ეს თემა მასაც ძალიან აშფოთებს, მაგრამ მისი თქმით, პროკურატურას დაევალა მაქსიმალურად მყარი მტკიცებულებები მოიპოვოს და გამოძიების პროცესიც გამჭვირვალედ წარმართოს. ივანიშვილის თქმით, ამან თავისი გავლენა იქონია და პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ იგი საზოგადოებას მოუწოდებს, გაგებით მოეკიდოს ამას, რადგან ქართველმა ხალხმა პროცესების ცივილიზებულად და არა მუშტი–კრივით მართვა უნდა ისწავლოს.

ივანიშვილმა სოჭის ოლიმპიადაზე მისი გამგზავრების შესაძლებლობის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ოლიპმიადაზე გამგზავრება პუტინის მიწვევის გარეშეც შეუძლია, როგორც დელეგაციის წევრს, თუმცა ამ ეტაპზე მან არ იცის, წავა თუ არა ოლიმპიადაზე.

ამასთანავე, პრემიერმა 17 მაისს რუსთაველზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ანტიჰომოფობურ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიცია მომიტინგეების უფლებებს დაიცავს. როგორც ცნობილია, არსებობს საზოგადოების ერთი ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ასეთი აქციის ჩატარებას არ დაუშვებს. პრემიერი კი ამბობს, რომ პოლიცია ჩადგება შუაში, არ მისცემს ხელის შეშლის საშუალებას და ყველას უფლებებს დაიცვას.

„მე მრავალჯერ განმიცხადებია, რომ სექსუალური უმცირესობები საზოგადოების ისეთივე ნაწილია, როგორიც თითოეული ჩვენგანი და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს. ვიცი, რომ საზოგადოებაში არსებობს ხალხი, რომელიც ამას ვერ იღებს, თუმცა სწორედ ამიტომ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც წესრიგს იცავენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმცირესობის უფლებები დავიცვათ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

და ბოლოს, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა პრემიერს რაიმე ფორმულა, რომლითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც შეძლებს და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასაც, ივანიშვილი პასუხობს, რომ ორივე ამ პირობას შეასრულებს.

„არ უნდა შევხდეთ აგრესიით იმას, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ასეთი იყო რუსეთის დამოკიდებულება სხვა ქვეყნების მიმართაც, მათ შორის პოლონეთის და რიგი სხვა ქვეყნების მიმართ. რუსეთს რომ ამის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდეს, ეს იდეალური იქნებოდა, თუმცა თუ სხვებმა ნატოში გაწევრიანება შეძლეს, რატომ ვერ შევძლებთ ამას ჩვენ? ეს ჩვენი მოვალეობაა და მე ეს წარმოუდგენლად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ივანიშვილმა.