პუტინის ჩავარდნილი გეგმა და კიევზე დამყარებული იმედი - როგორ შეიძლება ომის სცენარი განვითარდეს? ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით გეგმები ჩაუვარდა, ამიტომ იძულებულია, კიდევ უფრო ღრმად შეტოპოს. უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სიხისტემ, პუტინის გეგმა უკრაინა ბლიცკრიკით დაეპყრო, ჩაშალა. ცაში და ზღვაში რუსების უპირატესობის მიუხედავად, ისინი სახმელეთო ყველა ბრძოლას თითქმის აგებენ. პუტინის მთავარი მიზანი კიევის სწრაფად დაკავება და ზელენსკის განეიტრალება იყო, თუმცა მას გეგმა წყალში ჩაუვრდა. უკრაინელებმა ომს ალღო სწრაფად აუღეს და პუტინმა უსიამოვნო სიუპრიზი მიიღო. ახლა ომის შედეგი უკრაინის გამძლეობაზეა დამოკიდებული.
უკრაინაში შეტაკებები გრძელდება. დაიბომბა ხარკოვი და სუმი - ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული. უკრაინის ვიცე-პრემიერი დმიტრო კულება ამბობს, რომ ქვეყანა ევროპიდან და აზიიდან არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ ფინანსურ დახმარებასაც იღებს და მადლობას უხდის მათ.
უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო კი ყველას მოუწოდებს, დაეხმარონ უკრაინას და უკრაინელებს, ხოლო თანხები უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე ჩარიცხონ.
„კიევის მოქალაქეებმა კიდევ ერთი ჯოჯოხეთური ღამე გაიარეს. ჩემს ქალაქში მილიონობით ადამიანს არ სძინავს, ისინი ყველანაირად ცდილობენ, შეაჩერონ რუსული აგრესია ჩვენი სახლების კარებთან და გააჩერონ ისინი, რათა თქვენს სახლებსა და კარებზეც არ დააკაკუნონ. უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი და მისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ. ჩვენ გვკლავენ, გვესვრიან რაკეტებს, გვანადგურებენ. ქალები, ბავშვები, მოხუცები ჯოჯოხეთს გადიან. ახლა სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება. საჭიროა ქველმოქმედება ჩვენი მოქალაქეებისა და მათი სიცოცხლის დასაცავად. გთხოვთ ჩარიცხეთ რამდენიც შეგიძლიათ უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე, გაიღეთ თანხა უკრაინელების გადასარჩენად და ევროპის მშვიდობისათვის. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს ევროპას“, - განაცხადა კიევის მერმა.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი იმ მიმართულებით ვითარდება, რომ სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს დასახული გეგმების განხორციელება ძალიან გაუჭირდება. მთლიანად რუსეთის ამოცანებს თუ განვსაზღვრავთ, პუტინი მანამდე ვერ მიაღწევს მიზანს, სანამ უკრაინაში პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობაა. ვიდრე ზელენსკის ხელისუფლება უკრაინელების უზარმაზარი მხარდაჭერით საგრებლობს, მანამდე უკრაინამ კიევიც რომ დაკარგოს, დამარცხებული მაინც არ იქნება.
„ის, რომ ბლიცკრიკი არ შედგა ფაქტია. უკრაინამ პირველ შეტევებს წარმატებით გაუძლო. რუსეთის მინიმუმი ამოცანა იყო, რომ უკრაინის სივცრე დაეკავებინა და განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილი. მათი გეგმა იყო, უკრაინისთვის მარიოპოლი, ოდესის მხარე სამუდამოდ ჩამოეშორებინა, ასევე, ზელენსკი და მისი მთავრობა პრორუსული მთავრობით ჩაენაცვლებინა. ახლა რასაც თვალს ვადევნებთ, როცა დიდი ქალაქების დაბომბვა ხდება და მთელი უკრაინის დაკავება უნდათ, ეს პუტინის გეგმებში არ შედიოდა. მას მსხვილი ქალაქების მარყუჟში მოქცევა უნდოდა, ხელისუფლება გადაეყენებინა და სამხრეთ უკრაინა სრულიად გაეკონტორლებინა. რუსეთის გეგმა წერტილოვანი დარტყმები იყო. ეს გეგმა უარყვეს და ახლა ისეთ მასირებულ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, როგორიც ჩეჩნეთში გააკეთეს. ხარკოვის და ჩერნიკოვის მსგავსი დაბომბვები თავიდან დაგეგმილი არ იყო. პრინციპში შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინისგან და მსოფლიოსგან უპრეცედენტო წინააღმდეგობა მიიღო. პუტინს ზურგი ჩინეთმაც კი აქცია. უპრეცედენტო დაპირისპირება და უკრაინელების კონსოლიდაცია მიიღეს, რაც უკრაინის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწლიც კი უკარაინის ხელისუფლების მხარდამჭერია“, - ამბობს მამუკა არეშიძე.
რუსეთმა უკრაინის დიდი ნაწილი რომ დაიკავოს და კიევი აიღოს, ეს გამარჯვება მაინც არ იქნება, ეს უბრალოდ წარმატება იქნება, რადგანაც უკრაინელების გატეხვა ძალიან რთული იქნება. არეშიძე ამბობს, რომ ვლადიმერ ზელენსკის კიევიდან გაყვანის გეგმაც შეიძლება არსებობდეს, თუკი დედაქალაქი დაეცემა. თუმცა მიიჩევს, რომ ზელენსკი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, რომლის გატეხვა და დედაქალაქის დატოვება ნაკლებად მოსალოდნელია.
„როდესაც დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ზელენსკს კლოუნად აღიქვამდნენ, გამოჩნდა, რომ სრულიად სხვა ფსიქოტიპია და არნახული მამაცობა აჩვენა. ის სრულიად სწორ აქცენტებს აკეთებს. მან მოახერხა ის, რაც უკრაინის ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერასდროს შეძლო, მთელი უკრაინის ერთ მუშტად შეკვრა. რუსეთი რომ ახლა ზელენსკის ლიკვიდაციაზეა ორიენტირებული, ეს კარგად ჩანს.
სხვათა შორის, ჰაკერების მიერ სხვადასხვა რუსული უწყების მიერ გატეხილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ დივერსანტებს ზელენსკის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი შტაბის ლიკვიდაცია აქვს დავალებული. ამ ომმა ძალიან ბევრი ლიდერი ამოყარა. ამიტომ, არ იქნება ზელენსკი, იქნება სხვა. რუსებს ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცვლა ძალიან გაუჭირდება. უნდა დააუთოვოს და დაანგრიოს უკრაინა, რომ ისინი გატყდნენ. ვხედავთ კადრებში უკრაინელები შიშველი ხელებით რუსულ ტანკებს უდგებიან. ეს ის ხალხია, რომლებსაც უკრაინაც და მისი იდეები ფეხებზე ეკიდათ, მაგრამ ოფიცილურმა მოსკოვმა იმდენი ქნა, ეს ხალხი გააერთიანა. პუტინის ყველაზე დიდი მარცხი ესაა. ამ განწყობას ვერავინ ვერ შეცვლის“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ან საერთოდ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს. პუტინის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში მსოფლიოს მხრიდან პასუხს მიიღებენ.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ომი დროში რაც უფრო გაიწელება, უკრაინისთვის უკეთესია. ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს ბლიცკრიკი ანუ უკრაინის სწრაფი დაპყრობა არ გამოუვიდა, ამიტომაც მისი გეგმები ამ ეტაპზე ჩაიშალა. უკრაინელებმა კი პირველ შოკს გაუძლეს და ომს ალღო აუღეს. ამიტომ რუსულ დანაყოფებში დანბეულობა შეიმჩნევა. მისი აზრით, ყველაზე რთული რუსებისთვის კიევის ქუჩებში ბრძოლა იქნება.
„ბრძოლები რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება, ეს უკრაინისთვის მით უფრო მომგებიანი იქნება. სიტუაციას უკრაინა ასე რაც უფრო დიდი ხანი შეინარჩუნებს, უპირატესობა მათ მხარეს გადავა. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ბლიცკრიკს მოაწყობდა და სწრაფი გადასროლით უკრაინულ ჯარში პანიკას და დაბნეულობას გამოიწვევდა. ის შეცდა, რადგან ჯარი საკმაოდ მობილიზებულია და ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ დაბნეულობა რუსულ არმიაში შეიმჩნევა. ახლა მთავარი კიევია, რადგან პუტინს უნდა, რომ იქ საკუთარი ხელისუფლება დასვას. უკრაინამ უნდა გაუძლოს, რადგან ძლიერი შეტევები იქნება. მთელს ტერიტორიას ვერ დაიცავს, მაგრამ უკრაინელებმა ბრძოლას ალღო აუღეს.
რუსების ტაქტიკური ჯგუფების და ჯავშანკოლონების აფეთქებას ძალიან წარმატებით ახდენენ. მათ შორის, ამერიკული „ჯაველინებით“, ბრიტანული მართვადი რაკეტებით და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით. რუსეთის სამხედრო მეთაურებში საკმაოდ დიდი დაბნეულობა შეიმჩნევა. დაბალ დონეზე ხედავთ, რაც ხდება. თითქმის წვევამდელები და საკონტრაქტოზე მყოფი ჯარისკაცები უკრაინელებს ბარდებიან. ბრძოლას მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმები და გვარდია ახორციელებს. რუსეთისთვის ესეც დამატებით პრობლემაა“,-ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, თუ რუსეთმა გაბედა და კიევის სერიოზული დაბომბვა დაიწყო, ეს პუტინისთვის კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება. ის დასავლეთიდან ბევრად მკაცრ პასუხს მიიღებს და მსოფლიოს მხრიდან სერიოზულ იზოლაციაში აღმოჩნდება. რაც შეეხება პუტინის მიერ გაცემულ ბრძანებას ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, ალადაშვილი ამბობს, რომ რთულია რეალურად მისი განზრახვის გამოცნობა, მაგრამ მას მაინც სჯერა, რომ ამას მხოლოდ მსოფლიოს შესაშინებლად აკეთებს. თუმცა მისი ბოლოდროინდელი ყველა გადაწყვეტილება ლოგიკას არის მოკლებული.