„ღირდა ეს ამხელა მსხვერპლად, თუ ისევ ნეიტრალიტეტს აფორმებ?!“

„ღირდა ეს ამხელა მსხვერპლად, თუ ისევ ნეიტრალიტეტს აფორმებ?!“

„დღეს მსოფლიოში მთლიანად მოშლილია უსაფრთხოების ადრე არსებული არქიტექტურა, ამოყირავებული კონუსივითაა, საყრდენიც აღარ არსებობს. ოდესმე გაგიგონიათ რომელიმე სახელმწიფოს მუქარა გაეხმოვანებინოს, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო? პირველად ეს გააკეთა პუტინმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

უკრაინის მიმართ ისმის რეკომენდაციები, გაუძლოს რუსების შემოტევას. ამ რეკომენდაციების თანახმად, თუკი უკრაინა დიდხანს შეეწინააღმდეგება რუსეთს, შეიძლება, რუსი ჯარისკაცების დიდი მსხვერპლის გამო რუსეთში აგორდეს პროტესტის ტალღა და საბოლოო ფინალი პუტინის გადაყენება იყოს. რამდენად მორალურია რჩევები, რომ უკრაინელთა მსხვერპლის ხარჯზე პუტინი ჩამოშორდეს ხელისუფლებას?

- ეს შესაძლოა, ცალკეული ექსპერტის კერძო მოსაზრება იყოს, რომელიც სულაც არაა გამორიცხული, რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულიც იყოს. შესაძლოა, იმავე რუსეთის ინტერესშიცაა ასეთი მოწოდება. უამრავი სცენარია, რუსეთს დღეს გავლენის ჯგუფები ჰყავს ყველა სახელმწიფოში მეტ-ნაკლებად, ჰყავს ჩვენთან, ჰყავს უკრაინაში. ზოგიერთი მათგანი ღიად არის რუსეთის მომხრე, ზოგი ღიად მოწინააღმდეგეა რუსეთის და შეგნებულად აკეთებს ამას პროვოკაციებისთვის. რუსეთის მოწინააღმდეგეებშიც არიან გულწრფელი მოწინააღმდეგეები და ჩანერგილი მოწინააღმდეგეები, ქმედებებით უნდა განვასხვავოთ ვინ, როდის, როგორ იქცევა.

რუსული ტანკები დგანან კიევთან ახლოს, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ახალ რეზერვს აგზავნიან რუსები, ანუ ხდება 2-3 დღის ნაომარი ჯარის ჩანაცვლება, ამის რესურსი რუსეთს აქვს. უკრაინა უფრო შეზღუდულია ამ მხრივ, ხუთჯერ ნაკლებია შეიარაღებული ძალები და რამდენჯერმე ნაკლებია რეზერვისტთა მობილიზების შესაძლებლობა და ამ რეზერვის ხარისხი. სამხრეთი, ფაქტობრივად, ბლოკირებულია, აღებულია რამდენიმე ქალაქი, დიდი ალბათობით, ძალიან არ მინდა ეს მოხდეს, რუსები გაარღვევენ აღმოსავლეთის ფრონტსაც, რადგან რუსებმა წინ წაიწიეს 25 კილომეტრით. ალყაში მოქცევის საშიშროება რომ აეცილებინათ, სევეროდონეცკიდან ჯარი დახიეს უკან. ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ უკრაინელებმა გაუძლონ და ბოლომდე იომონ, გაუმართლებელია. ეს იგივეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს საქართველოში, როცა უკრაინის თემას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს სირცხვილია. ყველანაირად ცდილობენ, ცრუ ინფორმაციებზე ტალღა ააგორონ, შექმნან მუხტი, განსაკუთრებით, იყენებენ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ ათვითცნობიერებენ საფრთხეს, შესაძლოა, ისეთი საფრთხე იყოს, საერთოდ სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ.

დღეს ისეთი ვითარებაა მსოფლიოში, რომ მთლიანად მოშლილია უსაფრთხოების ადრე არსებული არქიტექტურა, ამოყირავებული კონუსივითაა, საყრდენიც აღარ არსებობს. ოდესმე გაგიგონიათ, რომელიმე სახელმწიფოს მუქარა გაეხმოვანებინოს, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო? ამდენი ბირთვული სახელმწიფოა, ზოგი ოფიციალური, ზოგი არაოფიციალური, მაგრამ პირველად გააკეთა ეს პუტინმა. ჩრდილოეთ კორეაც კი არ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, ის რაკეტებს ისვრის ხოლმე, რაკეტები ხან იაპონიას გადაცდება, ხან სამხრეთ კორეას, მაგრამ არც ერთხელ არ გაუკეთებია განცხადება, მე იაპონიას, ან სამხრეთ კორეას ვესვრი ბირთვულ იარაღსო. დღეს ეს გახმიანდა, ვინც დაეხმარებით უკრაინას, გამოვიყენებ ბირთვულ იარაღსო. შესაძლოა, სამხედრო რაიმე დახმარება რომ გაგვეწია უკრაინისთვის, რუსეთს ბირთვული იარაღი არა, მაგრამ 200 რაკეტა გამოეშვა საქართველოსკენ, დაენანება თუ რა? თორემ ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან ქართველები? გინდაც 30 ათასი გამოვიდეს, გინდაც 100 ათასი, რიცხოვნობაზე არ არის საუბარი, აქ მთავარია, ვინ უდგას ამ აქციებს სათავეში, „სირცხვილია“ და სხვები. ზუსტად ისინი არიან გონჩარენკოს მსგავსი პროვოკატორები.

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ძვირფას ქართველებს“ ცხინვალსა და სოხუმში ტანკებით გასეირნებას გვთავაზობს. ეს ის გონჩარენკოა, რომელიც უკრაინაში რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდა...

- გონჩარენკო წლების განმავლობაში გამოდიოდა ე.წ. რუსკი მირის პროპაგანდით. მისი პოლიტიკური კარიერის პირველი ნაწილი დაკავშირებული იყო პარტია „საიუზთან“, ის იყო რუსეთ-ბელარუსის კავშირში უკრაინის გაწევრიანების მომხრე, დღეს შეცვალა პოზიცია და სხვა ვექტორზე დგას? არ მჯერა. თუ შეიცვალა პოზიცია, კი ბატონო, მიხედოს თავის ხალხს. 45 მილიონია უკრაინა, საქართველო 15-ჯერ ნაკლებია მოსახლეობით და ოკუპირებულია ჩვენი ორი რეგიონი, აქ დგას საოკუპაციო ძალები. ომს აქვს თავისი დრო. არის სიტუაცია, როცა დაიწყებ ომს და შეიძლება გადააყოლო სახელმწიფო, მაგრამ არის უფრო ხელსაყრელი პირობებიც საომრად. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პოლიტიკა, იგივე პოლიტიკა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც, რომ მშვიდობიანად მოაგვარებდა კონფლიქტებს. თუ დაიწყო აგრესია ჩვენს წინააღმდეგ, კი ბატონო, ვიომებთ, მაგრამ ახლა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც წინასწარ, გარანტირებულად წამგებიან სიტუაციაში, განადგურების წინაშე აღმოგვაჩენს, ეს არათუ უპასუხისმგებლობაა, დანაშაულია ჩვენი ხალხის, მისი მომავლის და წინაპრების წინაშე, რომლებმაც მოიტანეს ეს სახელმწიფო დღემდე.

წყალსა და ქარ-ცეცხლში გადახტომა არაა პრობლემა, ხელოვნებაა ის, რომ ქარ-ცეცხლში არ აღმოაჩენინებ თავს შენს სახელმწიფოს, აარიდებ ამ საფრთხეს.

სადამდე გაძლებენ უკრაინელები?

- ცხადია, რესურსები ამოწურვადია. სხვის ხარჯზე, ანუ უკრაინელების თავგანწირვის ხარჯზე უნდათ პუტინის ჩამოგდება? ისედაც სწირავენ თავს უკრაინელები, იბრძვიან შესაძლებლობების ფარგლებში.

როდესაც პარალელებზეა საუბარი, გვესმის „ნაციონალების“ მხრიდან თავმოწონება, რომ ქართველებმა 5 დღე შევაკავეთ პუტინის აგრესია, უკრაინელებს კი ორ დღეში კიევთან მიადგა მტერი. ეს შედარება რამდენად ეთიკურია?

- ჯერ ერთი, 5 დღე ვერ გავძელით, კარგად გაიხსენონ, რა ხდებოდა უკვე 10 და 11 აგვისტოს, 11 აგვისტოს ალაგ-ალაგ იყო შემორჩენილი ქვედანაყოფები, რომლებმაც წინააღმდეგობა გმირულად გასწიეს. ქილიკი და ნიშნისმოგებით საუბარი, ნახეთ, ომი თურმე ჩვენ არ დაგვიწყია, ამ კუთხით უხარიათ უკრაინის უბედურება. რას გავძლებდით ჩვენ, სიღრმეში რომ ეომა რუსეთს და რომ შემოჭრილიყო ყველა მიმართულებით, როგორც ახლა უკრაინაში შეიჭრა? წარმოდგენა არ აქვს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც აგვისტოს ომის დროს მეთაურობდა ქვეყანას, მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას სამხედრო თეორიაზე, ომის ხელოვნებაზე, ეს დანაშაული იყო, რომ ასეთი პირები ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფოს. მეორე დანაშაულია, რომ არ იძიებენ ამ ყველაფერს და ეს ხალხი პასუხისგებაში არაა მიცემული ომის დანაშაულების გამო. იმ დანაშაულებს არ ვგულისხმობ, ჰააგაში და სადღაც რომ არის განსახილველი, არამედ საქართველოში ჩვენი შესაფასებელი რაც არის, როცა ომზე, ჯარისკაცების სიცოცხლის ხარჯზე მოითბეს ხელი, ერთი თავდაცვის მინისტრი გახდა მილიონერი, მეორე თავდაცვის მინისტრი გახდა მილიარდერი, ეჭვი მეპარება, მხოლოდ თვითონ სარგებლობდნენ ამ შემოსავლებით, დახეული კალოშებით მოსული ტიპი რამდენიმე წელში რომ მილიარდერი ხდება, ეს აშკარაა. ასევე, საბუთები, ჩვენებები პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. ამ ხალხს პოლიტიკასთან ახლოს მისვლის უფლება არ აქვს, დღეს ჩვენი დაღუპულების სისხლში ამოვლებული ფულით აფინანსებენ პოლიტიკას და მედიას.

კიევში სამთავრობო კვარტლის აღება და ზელენსკის დამხობა-ეს არის პუტინის საბოლოო მიზანი?

- პუტინი თუ ვერ გააჩერა დასავლეთმა, მას ორი მიზანი აქვს გაცხადებული - დემილიტარიზაცია და, როგორც თავად უწოდებენ რუსები „დენაციფიკაცია“. პუტინის დავალება ასეთია, ანუ ამ პირების განეიტრალება, ან განადგურება, ან დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. მძიმე პროცესებია უკრაინაში და პოლიტიკური სპეკულაციით არ უნდა იყოს აქ ხალხი დაკავებული, რომ უკრაინის ომით ვისარგებლოთ და საქართველოს ხელისუფლება შევცვალოთ, ჯერ ერთი, ვერ შეცვლიან ხელისუფლებას, მეორეც, ამორალურია ეს ყველაფერი. უკრაინაში მძიმე პროცესები წავა, თუ ვერ მოხერხდა სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის შეჩერება, თუ დასავლეთმა ვერ მოახერხა ეს. დასავლეთის სერიოზულ ნაბიჯებს ამ კუთხით ვერ ვხედავ, კი, ზარები ხორციელდება, მაგრამ დრო გადის. პრეზიდენტი ზელენსკი მზად იყო მოლაპარაკებისთვის, ნეიტრალიტეტის შესახებაც გააკეთა განცხადება, რაც ძალიან მძიმეა. ღირდა ეს ამხელა მსხვერპლად, თუ ისევ ნეიტრალიტეტს აფორმებ?!

 

 

 

არაგველი641 "წარმოდგენა არ აქვს იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც აგვისტოს ომის დროს მეთაურობდა ქვეყანას, მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას სამხედრო თეორიაზე, ომის ხელოვნებაზე, ეს დანაშაული იყო, რომ ასეთი პირები ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფოს. მეორე დანაშაულია, რომ არ იძიებენ ამ ყველაფერს და ეს ხალხი პასუხისგებაში არაა მიცემული ომის დანაშაულების გამო." -მეტს ვერაფერს ვერ დაამატებს ვინმე.
2 წლის უკან
არაგველი641 ნამდვილად სწორად მოიქცა ღარიბაშვილი, რომ რუსეთი არ გააღიზიანა და რუსეთს საბაბი არ მისცა აქაც შემოჭრილიყო. ასეთ შემთხვევაში კი მთავრობის შეცვლა და სააკაშვილის პრეზიდენტად დანიშვნა არ აგვცდებოდა. კიდევ ბევრი რამე ვერ მოასწრო სააკაშვილმა და რუსეთს ვერ გადასცა საკუთრებაში თავის დროზე. სწორედ ამიტომ იგლეჯს ნაცბოზბანდა ყველაფერს, რომ ეს არ გამოუვიდათ.
2 წლის უკან