უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი თანდათან რეგიონალურ ფარგლებს გასცდა და სრულიად მსოფლიო მოიცვა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში ერთგვარად დაბნეული დედამიწა თანდათან გონს მოეგო და ყველა შესაძლო საშუალებით რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. პუტინსა და მის ქვეშევრდომებს მსოფლიო პოლიტიკოსები სულ უფრო გამკაცრებულ სანქციებს უწესებენ. რიგ ქვეყნებში უკრაინის მხარდამჭერი ასეულ ათასიანი მანიფესტაციები იმართება. რუსეთს ბოიკოტს უცხადებენ კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები.
რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა და წესითა და რიგით გონს უნდა მოეგოს, მაგრამ... პუტინი უკან დახევას კატეგორიულად არ აპირებს. პირიქით, მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება. ბაქიბუქობს, თუ გადადგამს ამ საბედისწერო ნაბიჯს? თუ უკრაინაში საწადელს მოკლე ვადაში ვერ მიაღწია, მისგან აღარაფერი იქნება გასაკვირი. რუსულ მასმედიაში გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ პუტინს საკუთარი ხალხის შურისძიების ეშინია, საცხოვრებლად სპეციალურ ბუნკერში გადასახლდა და კბილებამდე შეიარაღებული პირად მცველთა დიდი რაზმი იცავს. რამდენად შეეფერება რეალობას ეს ფაქტი ვერაფერს მოგახსენებთ.
ფაქტია, დღევანდელ მსოფლიოში რუსეთის პრეზიდენტს მხარში ჩინეთის, სირიის, ბრაზილიის, ვენესუელის, მექსიკის პირველი პირები უჭერენ. შეიძლება ვიღაც-ვიღაცეები გამომრჩა. დამავიწყდა. „ჩვენი ბატკაც“ - ლუკაშენკოც, პუტინს გვერდში უდგას.
რუსეთის პირველი პირის კიდევ ერთმა „მეგობარმა“ - ჩეჩნეთის ლიდერმა კადიროვმა „დამპალ“ დასავლეთს „მკაცრი“ სანქციები დაუწესა. მისი ცალკეული პუნქტები რუსულ მასმედიაში ორი დღის წინ გავრცელდა და ცოტა არ იყოს კომიკური ელფერიც დაჰკრავდა: ჩეჩნეთის ცა იხურება დასავლეთის ქვეყნების თვითმფრინავებისთვის;
ბორის ჯონსონს ჩეჩნეთის ბანკში, რუბლში გახსნილი ყველა აქტივი დაებლოკება;
დაწესდება ემბარგო ბრიტანელი ოლიგარქების აქტივებზე აჩხოი მარტანში, განმეორების შემთხვევაში კი - სამაშკში.
კადიროვი არ აღიარებს ბრიტანული ჩაის არსებობას.
უკრაინა - რუსეთის ომს ახალი უჩვეულო გმირები ჰყავს. გამოცემამ „Unian.net“ არაორდინარული „საომარი“ ინფორმაცია გაავრცელა. 27 თებერვალს, საღამოს, ტრაქტორზე ამხედრებულმა ბოშებმა რუს დამპყრობლებს ტანკი მოპარეს. შემთხვევა კახოვკადან არცთუ ისე შორს, ხერსონის რაიონში მოხდა. 28 თებერვალს იმავე გამოცემამ ახალი „ნიუსი“ გამოაქვეყნა. იმავე ბოშებმა, იმავე ტრაქტორით, უკვე მეორე ტანკი წამოიყვანეს.
მსოფლიო ფეხზეა დამდგარი. რა ხდება ამ დროს რუსეთში?! ქვეყანაში ანტიმილიტარისტული მოძრაობა დაწყებულია. მართალია მას ფართო გაქანება ჯერ არ მიუღია, მაგრამ თანდათან უფრო ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება.
27 თებერვალს, პლატფორმა „Change.org“-ზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა. მას პირველივე დღეს 50 000 ადამიანმა მოაწერა ხელი.
„CNN“-ის ინფორმაციით, რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს. მაგალითად, 27 თებერვალს 57 ქალაქში 2 802 ადამიანი დააპატიმრეს. მათგან 1 275 მოსკოვში.
რუსეთის ხელისუფლებამ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. თუ „დამნაშავე“ ჩვეულებრივი „ობივატელია“, რამდენიმე დღით საპყრობილეში ამისამართებენ. თუ „ქვეყნის მოღალატე“ საზოგადოებისათვის ცნობადი სახეა, მას მართალია, არ იჭერენ, მაგრამ ან უმუშევრად ტოვებენ ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ.
უკრაინაში აგრესიის განხორციელების დღეს ცნობილმა რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ მძაფრი პროტესტი გამოთქვა. მეორე დღეს მან უკრაინის არმიას ათი ათასი დოლარი გადაურიცხა. „მხარი დავუჭირე უკრაინის არმიას 10 000 დოლარის გადარიცხვით და მოგიწოდებთ იგივე გააკეთოთ! კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. გული მეკუმშება იმის გაცნობიერებით, რომ ახლა თქვენს ქვეყანაში კვდებიან როგორც თქვენი, ისე ჩვენი ბიჭები. ძალიან ახალგაზრდები. გულწრფელად მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“.
გადის ერთი დღე და...
„რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ქვეყნისა, რომელშიც ვცხოვრობ და რომელიც ისევე მიყვარს, როგორც უკრაინა. ჩემთვის ორივე ქვეყანა მშობლიურია, მაგრამ ისე ხდება, რომ იძულებული ვარ სახლი დავტოვო. ვიტოვებ იმედს, რომ ახლო მომავალში შევძლებ დაბრუნებას. მადლობა მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერას უკრაინელებს ვუგზავნი“, - დაწერა ახეჯაკოვამ სოციალურ ქსელში.
გაგიგიათ ალბათ მსახიობი, კომიკოსი და ტელეწამყვანი ივან ურგანტი. „ოერტეს“ პოპულარული გადაცემა „საღამოს ურგანტთან“ წამყვანი უმუშევარი დარჩა. ყველაფრის თავი და თავი ერთი მოკლე წინადადება აღმოჩნდა: - „შიში და ტკივილი. არა ომს“, - დაწერა ურგანტმა 24 თებერვალს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ამ ხუთი სიტყვის გამო „ოერტეს“ ხელმძღვანელობამ ივან ურგანტს გადაცემა დაუხურა. ტელეარხის პრეს-მდივნის ლარისა კრიმოვას მტკიცებით, ეს ნაბიჯი დროებითია და ქვეყანაში შექმნილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა რომ „ურჩი ტელეწამყვანი“ უფრო დიდი „ბოროტებისათვის“ დაისაჯა. აღმოჩნდა, რომ „საღამოს ურგანტთან“ შემოქმედებითი ჯგუფი, უშუალოდ გადაცემის მიმდინარეობისას ანტიმილიტარისტულ პერფორმანსს ამზადებდა. აბა, ასეთ „თავხედობას“ პოპულარულ კომიკოსს ვინ შეარჩენდა და დარჩა კიდეც უმუშევარი.
მაქსიმ გალკინის შემდეგ, უკრაინის ძალისმიერი ოკუპაცია ალა პუგაჩოვას ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა გააპროტესტა.
„მხოლოდ მშვიდობიანი ცა გვინდა“, - დაწერა სოციალურ ქსელებში კრისტინა ორბაკაიტემ.
„ომი უკრაინაში ჩვენი სირცხვილია, ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ ჩვენს შვილებს. არ გვინდა ჩვენი შვილები აგრესორ სახელმწიფოში იზრდებოდნენ. ყველას ვალია, შეაჩეროს ეს უბედურება. არ გვჯერა, რომ უკრაინა საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ჩვენ არ გვჯერა პუტინის განცხადების“. - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბორის აკუნინმა, დმიტრი ბიკოვმა, ვლადიმერ სოროკინმა, ლეონიდ პარფიონოვმა, ჩულპან ხამატოვამ და სხვებმა გაავრცელეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეხმიანება ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანიც: - „სირცხვილი ჩვენ“.
ცნობილი მსახიობი მილა იოვოვიჩი უკრაინის დედაქალაქ კიევშია დაბადებული. მამამისი ეროვნებით სერბია დედა კი - რუსი. ბავშვობიდან რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებითაა აღზრდილი. იოვოვიჩმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის მხარდამჭერი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„მომხდარით გულგატეხილი და შეძრწუნებული ვარ. ვცდილობ, გავიაზრო ის, თუ რა ხდება დღეს ჩემს სამშობლოში, უკრაინაში. ჩემს ქვეყანას და ხალხს დღეს ბომბავენ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იმალებიან. ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები მოდის როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან. მე ახლა ორ ნაწილად ვიხლიჩები. თვალს ვადევნებ განვითარებულ საშინელებას, ქვეყნის ნგრევას, ოჯახების დევნილობას, რომელთა მთელი ცხოვრებაც განადგურებულია“, - დაწერა მსახიობმა.