რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, 28 თებერვალს, მხარეთა შორის მოლაპარაკების პირველი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათი გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხარეებმა გამოავლინეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა და შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე.
„მომლაპარაკებლები ბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში, რათა განიხილონ მოლაპარაკებების შედეგი“, - წერია განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს ის, რომ თავდაპირველად მოლაპარაკების სურვილი კრემლმა გამოთქვა. ამ ფაქტს, მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში იმით ხსნიან, რომ რუსეთმა ამ ომში სერიოზული დანაკარგი განიცადა და გამოიკვეთა სურათი, რომ კრემლი ამ ომს უკრაინასთან აგებს. შესაბამისად, არც თუ ისეთი მარტივი „გასეირნება“ გამოუვიდა მოსკოვს, როგორსაც ამას რუსული მხარე ელოდა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახლა უკვე იმუქრება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რაც, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ცუდი შედეგების მომტანი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა, პუტინის ეს მუქარა ასევე იმით აიხსნება, რომ რუსეთის პრეზიდენტს დღეს სხვა ბერკეტი უკრაინის წინააღმდეგ აღარ შერჩა და მისი ეს განცხადება სიგნალია იმისა, რომ მოსკოვმა ეს ომი წააგო.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების პირველი დღე უშედეგო იყო, ამას მოჰყვება დამატებით, სხვა ტიპის მოლაპარაკებების რაუნდი. როგორც ჩიტაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რუსეთმა ომი არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური და საინფორმაციო კუთხითაც წააგო.
„მგონია, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ კონფლიქტის დასრულება ორივე მხარეს აწყობს, რადგან მართალია, რუსეთი არ აღიარებს, მაგრამ ხედავს, რომ განიცდის დიდ დანაკარგს. ამასთან, რუბლის ფასი ეცემა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა. ერთი ქალაქის გარდა, რუსეთმა ვერც ერთი დიდი ქალაქი ხელში ვერ ჩაიგდო. რაც შეეხება უკრაინას, მას არ სურს ნგრევა და მსხვერპლი საკუთარ მიწა-წყალზე.
ამიტომაც არის, რომ მოლაპარკება იმართება. რუსეთს რომ არ აწყობდეს კონფლიქტის დარეგულირება, ის მოლაპარაკებას არ გამართავდა. დღეს პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ კიდევ, სხვა მოლაპარაკებები მოჰყვება დღევანდელ მოლაპარაკებას. რუსეთმა არა მარტო ომი წააგო სამხედრო შემადგენლობის თვალსაზრისით, არამედ წააგო საინფორმაციო და ეკონომიკური შემადგენელი ნაწილიც.
თუ პუტინს სურს, რომ როგორმე თავი გადაირჩინოს, ამისთვის უნდა ეცადოს თუნდაც დასავლეთთან მოლაპაკებას, რომ სანქციები აღარ გაუგრძელონ. თუმცა, ასევე მგონია, რომ დასავლეთი სანქციებს გაუგრძელებს, რომ რუსეთი იმდენად დასუსტდეს, მომავალში ვერ გაბედოს მეორე ომის დაწყება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს, როდესაც რუსეთ კვლავ აგრძელებს სამხედრო შეტევას უკრაინის წინააღმდეგ, რთულია საუბარი მოლაპარაკებებსა და მის შედეგებზე. თუმცა, მისი თქმით, არ არის გამორიცხული, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს და მხარეებმა პოლიტიკურ დონეზე გააგრძელონ ურთიერთობა.
„წარმოვიდგინოთ, მიდის მოლაპარაკება და პარალელურად, რუსეთის ჯარები არ აჩერებენ შეტევას უკრაინის ქალაქებზე, მიდის საბრძოლო მოქმედებები და ამის ფონზე, რა მოლაპარაკებები შეიძლება იყოს შედეგიანი, არ მესმის. თუმცა, რადგან უკრაინის მხარე დათანხმდა ამ მოლაპარაკებებს, ერთ-ერთი შესაძლო შედეგი შესაძლოა იყოს საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და ამის მერე უკვე, მხარეები პოლიტიკური დონეზე, გააგრძელებენ ურთიერთიერთობას, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში მოდის პუტინის გაცხადებულ გეგმასთან, უკრაინის დელიმიტიცია-დემარკაციასთან დაკავშირებით. ეს მიზნები, რაც მან გამოაცხადა, სპეცოპერაციის დაწყების დროს, როგორც ვხედავთ, არ არის მიღწეული, - კიევი არ არის აღებული, არც უკრაინის მსხვილი ქალაქები და რუსეთის არმია დიდ დანაკარგებს განიცდის. ამიტომ, ძალიან რთულია ამ ეტაპზე, რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
უკრაინაში ომის წაგება და სახის დაკარგვა, ფაქტობრივად, ნიშნავს პუტინის ხელისუფლების დამხობას და მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის, პოლიტიკურ და რეპუტაციულ განადგურებას. ბუნებრივია, მას თავად რუსეთის საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ძალიან მძიმე ანგარიშს წაუყენებს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; რუსეთის სახელმწიფო ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.
კრემლის ლიდერმა ასევე გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე“.
„მან ამ ყველაფერში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, დაიცვას ზოგიერთი შეთანხმება, კერძოდ - შეწყვიტოს დარტყმები და თავდასხმები სამოქალაქო საცხოვრებლებზე და დაიცვას ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.