წყლის გადასახადთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. საქმე ისაა, რომ გადასახადი მხოლოდ ორ კომპანიას გაეზარდა, რაც ბიზნეს-ეთიკის თვალსაზრისით ცოტა უცნაურია. სწორედ ეს ფაქტი აეჭვებს ახალ ბიზნესომბუდსმენს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებაში დისკრიმინაციის ფაქტებს ხედავს.
ბიზნეს-ომბუდსმენი მზადაა, წყლის მოსაკრებლის საკითხში „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომის“ ინტერესები დაიცვას. საქმე ისაა, რომ წყლის მოსაკრებლის გაზრდა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეეხება, რასაც გიორგი გახარია დისკრიმინაციის ფაქტებად აფასებს.
ჯერჯერობით „ნაბეღლავსა“ და „ბორჯომს“ ბიზნეს-ომბუდსმენისთვის არ მიუმართავთ, მიმართვის შემთხვევაში კი ინსტიტუტი მათი ინტერესების დამცველი გახდება.
„ამ კომპანიებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. გასაგებია, რომ ისინი ძლიერი კომპანიები არიან და ჰყოფნით თავიანთი რესურსები. ხოლო თუ მოგვმართავენ, გავხდებით მათი დამცველები, თუ არ მოგვმართავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ართმევენ პრობლემებს თავს ჩვენი დახმარების გარეშე.
რაც შეეხება კონკრეტულ თემას, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის ფაქტები ასეთ რანჟირებაში ჩანს, მაგრამ გააჩნია, ეს როგორ იქნება ახსნილი. მე არ ვსაუბრობ ღირებულების ზრდაზე, მე ვსაუბრობ ლოგიკაზე. ღირებულების ზრდა სხვა თემაა და ეს შეიძლება, დავის საგანი გახდეს, მაგრამ როგორც მე მივხვდი, ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ბრენდის ძალა და შესაბამისად, ის ფასში რაღაცნაირად უნდა გამოიხატოს“, - განაცხადა „ბიზნეს კლუბში“ სტუმრობისას გიორგი გახარიამ.
მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ევროპის პრაქტიკა იქნება შესასწავლი, რადგან „ნაბეღლავი“ და „ბორჯომი“ საკმაოდ მსხვილი ექსპორტიორები არიან და გარკვეული შეღავათები უნდა იქნას გათვალისწინებული. ბიზნეს-ომბუდსმენის ინფორმაციით, ასეთი დონის გადასახადები ევროპაში არსად არ არის.
„სანახავია ჩვენი ძირითადი კონკურენტი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ა.შ. ვინც აწარმოებს მინერალურ წყლებს. საუბარია კომპანიებზე, რომელთაც გააქვთ თავიანთი ნაწარმი ევროპაში, უკრაინაში ან მომავალში გაიტანენ რუსეთში. ხომ ვხვდებით, რომ მათი ძირითადი კონკურენტები მაგალითად უკრაინაში იქნებიან არა ადგილობრივი მწარმოებლები, არამედ იტალიური და ფრანგული პროდუქტები, ამიტომ, ეს ყველაფერი შესასწავლია და დარწმუნებული ვარ, აქ გარკვეული ბალანსი მიიღწევა“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ 1 000 ლიტრი ბორჯომის წყლით სარგებლობა 10-დან 30 ლარამდე უძვირდება, „წყალი მარგებელს“ კი („ნაბეღლავი“) - 6-დან 18 ლარამდე. ამას ემატება 1 კბ/მ-ზე მინერალური წყალზე 3-ლარიანი მოსაკრებელი, რაც ცვლილებების თავდაპირველი ვერსიით 9 ლარით განისაზღვრებოდა.
„საირმესთვის“ წყლით სარგებლობის გადასახადი, ასევე 6-დან 18 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, „უწერა“ და „რაჭის წყლისთვის“ 4-დან 12 ლარამდე მთავრობამ მათი გაზრდილი გადასახადით დაბეგვრა გადაიფიქრა.
„წყალი მარგებელის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ავთო სვიმონიშვილის ინფორმაციით, მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინაროებს და იმედოვნებენ, რომ წიაღით სარგებლობის გადასახადი ნაკლები განაკვეთით გაიზრდება, მოსაკრებელი კი საერთოდ გაუქმდება.
„აიდიეს ბორჯომი საქართველოში“ კი მიაჩნიათ, რომ ტარიფების გაძვირება პროდუქციის კუნკურენტუნარიაონაბაზე ნეგატიურად აისახება. „მოსაკრებლის გაძვირება უარყოფითად აისახება „აიდიესი ბორჯომი საქართველოს“ მიერ წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი, მინერალური წყალი „ბორჯომის“ კონკურენტუნარიანობაზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინისა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე“, - აცხადებენ კომპანიაში.