ომი, რომელმაც სპორტის ყველა სახეობა ერთი დიდი იმპერიის წინააღმდეგ გააერთიანა

ომი, რომელმაც სპორტის ყველა სახეობა ერთი დიდი იმპერიის წინააღმდეგ გააერთიანა

 

 

 

 

პოლიტიკა და სპორტი ყოველთვის განცალკევებულად მოიხსენიება, თუმცა ომის დროს წითელი ხაზები იკვეთება და ამ დროს სპორტი პოლიტიკისგან განცალკევებული აღარ არის. ასე მოხდა რუსეთ-უკრაინას შორის დაწყებულ საომარ მოქმედებების დროსაც.

სპორტსმენებს, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სახელი გააქვთ, უკრაინას მხარი ერთხმად დაუჭირეს და რუსეთს და მის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ აქციას ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ და ამ მხრივ პირველი სერიოზული ნაბიჯი ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ გადადგა. შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცესკას“ ღირსებას იცავდა, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და რუსულ კლუბში კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა.

„ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო მივიღე. ვერ წარმომიდგენია, რუსეთის არმიის კლუბში თამაშის გაგრძელება“, - განაცხადა ქართველმა კალათბურთელმა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პირად ფეისბუქგვერდზე და სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშა გამოაქვეყნა წარწერით: „ვლოცულობ უკრაინისთვის, მტკიცედ იდექით“.

ქართველი სპორტსმენებიდან მარტო თორნიკე შენგელია არ ყოფილა, ვინ უკრაინას სოლიდარობა გამუცხადა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა შოთა არველაძეს ძველი მოგონებები გაუღვივა და ქართველმა მწვრთნელმა ასევე რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა.

„ახლა რუსეთს ევალება, ბრძოლა შეწყვიტოს. მათ ჩამოაგდეს ბომბები და აწარმოებენ ომს, რომელსაც ბევრი სიკვდილი მოაქვს და ანგრევს ოჯახებს - მშობლები ტირიან შვილების დაკარგვის გამო. საქართველოში ბევრი კონფლიქტი იყო მას შემდეგ, რაც ის 1991 წელს კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ახლა ეს უკრაინაში ხდება. ძალიან მტკივნეული და რთული იყო ამ ყველაფრის დანახვა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ომი მსოფლიოს არცერთ კუთხეში“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ინგლისურ პრესასთან ინტერვიუს დროს.

პუტინს საომარი შეწყვეტისკენ გზავნილები კიდევ სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც გაუგზავნეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი ქვილითაიამ ნიქოზიის „ომონიასთან“ დუბლი შეასრულა და პირველი გოლი უკრაინას მიუძღვნა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლი თანაგუნდელებთან ერთად, უკრაინის დროშით იზეიმა.

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში გოლის გატანის შემდეგ, ქომაგებს მაისური უჩვენა, რომელზეც უკრაინის დროშა იყო გამოსახული. ბექამ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა ასე გამოუცხადა. ეს ქართველი სპორტსმენების მცირედი ჩამონათვალია, რადგან სპორტის სახეობა არ დარჩენილა, რომ ქართველი სახელოვანი სპორტსმენების გზავნილი არ ყოფილიყო.

ქართველების მსგავსად უკრაინას უცხოელი სპორტსმენებიც უცხადებენ სოლიდარობას. პირველი მთავარი სპორტული მთავარი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა იყო ის, რომ ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალი პეტერბურგში აღარ გაიმართება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრისა და ფართომაშსტაბიანი ომის დაწყების გამო, შვეიცარიაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც აგრესორი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა 24 თებერვალს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მიიღო.

აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა: სანკტ პეტერბურგს 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. 28 მაისს დაგეგმილი შეხვედრა, რუსეთის ქალაქის ნაცვლად, პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ ჩატარდება.

ამასთან, უკრაინული და რუსული კლუბები, ასევე ამ ქვეყნების ნაკრები გუნდები, უეფას ეგიდით ჩასატარებელ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე (სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე) გამართავენ.

რაც შეეხება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის 1/2-ფინალურ მატჩს, რომელშიც რუსეთმა პოლონეთს უნდა უმასპინძლოს (24 მარტს, მოსკოვში), მის შესახებ გადაწყეტილებას ახლო მომავალში ფიფა მიიღებს. მანამდე პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა ფიფას თამაშის ჩატარების ადგილის შეცვლა მოსთხოვეს.

პოლონეთს შვედეთი შეუერთდა და მარტში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში რუსეთთან თამაშზე უარი განაცხადა.

შვედეთის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და საკუთარ ვებგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა:

„უკრაინაში უკანონო და ძალიან უსამართლო შეჭრა შეუძლებელს ხდის რუსეთთან ნებისმიერი საფეხბურთო მატჩის ჩატარებას. ფიფას მოვუწოდებთ, რომ მარტში დაგეგმილი პლეი ოფის მატჩები, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, გააუქმოს. მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს ფიფა, ჩვენ არ ვითამაშებთ რუსეთის წინააღმდეგ. გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ფიფა ჩვენს მოწოდებას არ გაითვალისწინებს“, - თქვა შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.

კიევის „დინამოს“ ოფიციალური გვერდი რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ომის დაწყებას გამოეხმაურა. მათ ოფიციალურ გვერდზე დაბომბილი კიევის ფოტოები გამოაქვეყნეს და რუსებს მიმართეს: „ჩვენი ქალაქი, კიევი, უკრაინა. 2022 წლის თებერვალი. რუსებო, ასე გამოიყურება თქვენი დახმარება. ეს ტერორიზმია. ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ“.

ასევე გავრცელდა კიევის „დინამოს“ ფეხბურთელების საერთო ფოტო, საიდანაც ირკვეოდა, რომ ფეხბურთელებმა მოედანზე ბრძოლის ნაცვლად ომში ბრძოლა არჩიეს.

რუსეთმა სპორტული სანქციებიც მიიღო. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტთან“ კომერციული პარტნიორობა ოფიციალურად შეწყვიტა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ გავაუქმეთ სასპონსორო შეთანხმება „აეროფლოტთან“. ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების შეშფოთებას და თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულებს“, - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის სპიკერმა.

ასევე, „შალკემ“ თავის ფორმაზე კლუბის სპონსორის, „გაზპრომის“ ლოგო მოიშორა: „ვითვალისწინებთ რა სიტუაციის განვითარებას, „შალკემ“ გადაწყვიტა მთავარი სპონსორის, „გაზპრომის“ ლოგო მოიშოროს. ამ ნაბიჯის გადადგმა „გაზპრომ გერმანიასთან“ გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ. ლოგოს ნაცვლად ფორმაზე დაიწერება - „შალკე 04“.

რუსეთს ასევე საფეხბურთო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვაც ემუქრება. ამის შესახებ უკვე სხვადასხვა ქვეყანამ ფიფასა და უეფას უკვე მიმართეს. მაგალთად, საფრაგეთის ფეხბურთის ფედრაციამ ფიფას მიმართა, რომ რუსეთი  პირელ რიგში, მსოფლიო ჩემპიონატიდან იქნას მოკვეთილი.

„ეს საკითხი სხვა სახელმწიფოების ფედერაციების ხელმძღვანელებთან არ განმიხილავს. ვთვლი, რომ რუსეთის ნაკრებმა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უნდა ითამაშოს. ჩემი პოზიცია ასეთია. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ფეხბურთმა ადამიანები უნდა გააერთიანოს და ხელი დაძაბულობის შემცირებას შეუწყოს, მაგრამ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა. სპორტის სამყარო, კონკრეტულად კი საფეხბურთო სამყარო ამ სიტუაციაში ნეიტრალური ვერ დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსეთის ნაკრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“,-განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენმა.

სპორტული სანქციების დაწესებაზე, თავად რუსებიც ალაპარაკდნენ. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენმა ვიაჩესლავ კოლოსოვმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ისინი ფიფადან გარიცხონ.

„ფიფადან გარიცხვა? სამწუხაროდ, ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სრული იზოლაციის საფუძველი ჯერ არ არსებობს. სპორტის ყველა სახეობაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახის განცხადება მოვისმინე, რომელიც რუსეთში ჩასატარებელი ტურნირების სხვა ქვეყანაში გადატანას ან გაუქმებას ითხოვდა. სპორტის ზოგიერთმა ფედერაციამ ეს რეკომენდაცია უკვე გაითვალისწინა. ფეხბურთს რაც შეეხება, სამუშაო სიტუაციაა. იზოლაცია ფიფადან რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გარიცხვას ნიშნავს, თუმცა ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ფიფას რეგლამენტის მიხედვით, მათთვის ჩვენ გარიცხვის მიზეზი არ მიგვიცია. მაგრამ, გავიმეორებ, გამორიცხული არაფერია“, - თქვა კოლოსოვმა.

რუსეთმა მარტო ფეხბურთში არ მიიღო სანქციები. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ სტატუსის შეჩერებას გულისხმობს: „ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ ბ-ნ ვლადიმერ პუტინს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერდა“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო, 20-22 მაისს ყაზანში გასამართი ძიუდოს გრანდ სლემი გაუქმდა.

გვერდს ვერ ავუვლიდით, ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს მიმართვას:

„დილას რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ჩემი ხალხი და ჩემი ოჯახი საფრთხეშია. უკრაინას და მის მოსახლეობას მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა სურს. გთხოვთ, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და მოუწოდოთ რუსეთის მთავრობას, შეწყვიტოს აგრესია. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა. ომი არ გვჭირდება. ომი პასუხი არ არის“, - წერს შევჩენკო სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის ქმედება რუსმა სპორტსმენებმაც დაგმეს. ისიც ფაქტია, რომ როდესაც რუსეთის მოქალაქე ხარ, რთულია შენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოხვიდე, მაგრამ არიან სპორტსმენები, ვინ ამ სირთულეს და ვლადიმერ პუტინს არ უშინდებიან და უკრაინას სოლიდარობას თამამად უცხადებენ. ერთ-ერთი პირველი ვინც ქვეყნის წინააღმდეგ წავიდა, იყო ცნობილი ჩოგბურთელი ანდრეი რუბროვი, რომელმაც კამერის ობიექტივზე ასეთი შეტყობინება დატოვა: „არა ომს“.

პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებს ლეგენდალური მოჭადრაკე გარი კასპაროვიც.

ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ უკრაინას ურჩხულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დაწერა ცნობილმა მოჭადრაკემ. კასპაროვმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც პუტინს დიქტატორიც უწოდა.

„პუტინი დიქტატორია. უკვე 20 წელია რაც ძალაუფლება აქვს ხელში. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიტყვა პრეზიდენტი მას არ შეესაბამება. ის თავისუფალ სამყაროს ებრძვის და წარსულში დაბრუნებას ცდილობს. პუტინი უკრაინას არასდროს აღიარებდა, როგორც დამოუკიდებელ-სუვერენიტეტულ სახელმწიფოს და ახლა ცდილობს გაანადგუროს“, - განაცხადა გარი კასპაროვმა ვიდეო მიმართვისას.

ომი სათამაშო მოედანი არ არის, მაგრამ ზოგჯერ საომარი ველი მას ძალიან ჰგავს, სადაც თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ის გუნდი მოიპოვებს, რომლის არცერთი წევრი განზე არ დადგება, ითამაშებს ისევე თავდაუზოგავად, როგორც დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი იბრძვის თავისი ხალხის გვერდით.