პუტინის ხელში ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაზე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო და ამ დროს რუსულმა ძალებმა კიდევ მეორე სახიფათო ობიექტი - ჩერნობილი ჩაიგდეს ხელში, მძევლად აყვანილი ატომური სადგურის პერსონალითურთ. თეთრი სახლი რუსი ჯარისკაცების ამ ქმედებით აღშფოთებულია. თუმცა მათ აღშფოთებას არად დაგიდევენ ოკუპანტები და კიევში რადიოაქტიური ობიექტის დაბომბვაზეც არ ამბობენ უარს. კიევში რუსული რაკეტები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა. რუსებმა თავდასხმისას თითქმის ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღი გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ ოკუპანტები უკრაინაში განსაკუთრებულად ნადირობენ ატომურ ობიექტებზე, თითქოს ეს ობიექტები უკრაინელების ხელში საფრთხის შემცველია. სინამდვილეში, საყურადღებოა ერთი ფაქტი, რომ საბჭოს კავშირის დაშლისთანავე უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ატომური არსენალი დარჩა, ამ იარაღზე კი 90-იან წლებში უკრაინელებმა უარი თქვეს. უკრაინაში ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს. კულებას თქმით, უკრაინამ ისტორიული წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. 1994 წელს უკრაინა დაეთანხმა ბირთვულ განიარაღებას და უარი თქვა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალზე.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე რადიოაქტიურ ობიექტებთან ოკუპანტების თარეშს დაუშვებლად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბრისას ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ჩერნობილის ხელში ჩაგდება რუსების მხრიდან ძალიან სერიოზული საფრთხეა, ვინაიდან ეს არის საშიში ობიექტი და, როცა იქ შესულები არიან სამხედროები, მით უფრო საშიში ხდება. არ გვაქვს იმის გარანტია, რომ რამე არ მოხდება ჩერნობილში. ამ ატომური სადგურის ხელში ჩაგდება საფრთხეს უქმნის ბელორუსს, რუსეთს, ევროპას. ნინო ჩხობაძის თქმით, ბოლო ინფორმაციით, ექსპერტები, სპეციალისტები როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მხრიდან შეთანხმდნენ, რომ მათი დაკვირვების ქვეშ იქნება ეს დაკონსერვებული ატომური სადგურები.
„მართალია, აღნიშნული სადგურები დაკონსერვებულია, მაგრამ ამას ახლა სჭირდება სერიოზული მონიტორინგი, რადგან თავის დროზე იქ ხომ სამხედროები არ იყვნენ? რატომ აიღეს რუსებმა ეს ობიექტი? რატომ შევიდა იქ რუსული ქვედანაყოფი? ვიმედოვნებ, გონივრულობა გაიმარჯვებს და იქ შესული ხალხი მიხვდება, რა საფრთხის წინაშე აყენებს უკრაინას, რუსეთს, ბელორუსს, ბალტიისპირეთს, ზოგადად, ევროპას. საფრთხე საქართველოსაც ემუქრება, რადგან თავის დროზე ჩერნობილის აფეთქების დროს ნაკადები საქართველოს ტერიტორიაზეც დაილექა“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
მანვე განმარტა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რა მდგომარეობაში არიან რუსების მიერ აყვანილი მძევლები, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი, მეცნიერები. ამიტომ ნინო ჩხობაძე მოლოდინის რეჟიმშია, იქნებ, ვინმემ ინფორმაცია მიაწოდოს უკრაინიდან, მაგრამ თვით უკრაინელებსაც არ აქვთ სრული ინფორმაცია. ამიტომ ერთადერთ იმედად რჩება, რომ ატომური სააგენტო უკვე ჩართულია ამ პროცესში, რადგან ეს მათი კომპეტენციის ნაწილია, ჩერნობილი ატომური სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ იყო, ამიტომ, სავარაუდოდ, ამ ობიექტს უყურებენ და მონიტორინგს ახორციელებენ ატომური სააგენტოდან.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე იხსენებს, რომ თავის დროზე იყო განცხადებები ჯერ ბუქარესტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, როცა ბირთვული იარაღი ჩააბარებინეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით და დღეს ამბობენ, ჩვენ ასეთი გარანტიები არ გაგვიციაო. იყო, ასევე, განცხადება, თითქოს განცხადებული იყო, რომ უკრაინა შექმნიდა ბირთვულ იარაღს. ფაქტობრივად, რუსეთი ჩერნობილის კონტროლზე აყვანას ამართლებს იმით, რომ მომავალში არ მოხდეს თითქოს ე.წ. ჭუჭყიანი ბირთვული იარაღის შექმნა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან სახიფათო ქმედება რუსეთის მხრიდან.
„დღეს რუსები უკრაინას უყენებენ პრეტენზიას, რომ საარტილერიო დანადგარები დასახლებულ პუნქტებში განათავსესო და ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევააო. როცა დასახლებული პუნქტებიდან გესვრიან საარტილერიო თუ სხვა საშუალებებით, შენ იძულებული ხარ, უპასუხო, ანუ მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ექმნება საფრთხე. სხვათა შორის, 2008 წელს სამშვიდობოებს იყენებდნენ სეპარატისტები ამ მიზნით, დღეს რუსეთი დგას ბირთვულ რეაქტორთან ტანკებით, უკრაინამ რომ მოინდომოს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უკან დაბრუნება, საფრთხე მთელ რეგიონს ემუქრება. ანუ როცა იქ ტანკებით დგები, ხომ არის მოსალოდნელი, რომ ტანკებით და სხვა საშუალებებით მოხდეს ამ ობიექტის უკან დაბრუნება ბრძოლით? ამაზე დაფიქრებულა ვინმე?“ - აცხადებს ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ჩერნობილში დახურული ობიექტია, იქ სარდაფში მოაქციეს ყველაფერი, დააბეტონეს და დახურეს. ამდენად, ვინ მოინდომებს იქ შესვლას, მასალების გატანას და იარაღის გაკეთებას? ეს სისულელეა. მაგრამ, თუკი ოკუპანტებმა მოქმედი ატომური ობიექტი აიღეს, მაშინ ამ ქმედებით ქმნიან საფრთხეს, რადგან უკრაინამ თავის ტერიტორიაზე დაკავებული ობიექტი ბრძოლით უნდა დაიბრუნოს. ჯერჯერობით ამას არ აკეთებს უკრაინა, რომ საფრთხე არ შეიქმნას.