მოლაპარაკება წინაპირობების გარეშე - პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

მოლაპარაკება წინაპირობების გარეშე - პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

თუ მოლაპარაკებების შედეგი იქნება მშვიდობა, ომი დასრულდება. უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ცნობილია - არ დანებდებიან, კაპიტულაცია არ იქნება, არ დათმობენ ტერიტორიის არც ერთ ნაწილს. დღეს, დილით ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ხმელეთზე დარჩება.

„გულწრფელად ვიტყვი - არც ისე მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ, ისე, რომ მოგვიანებით უკრაინის არცერთ მოქალაქეს არ შეეპაროს ეჭვი, რომ მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვცდილობდი ომის შეჩერებას, როცა იყო შანსი, თუნდ მცირე, მაგრამ მაინც. სატელეფონო საუბარი მქონდა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. 2 წელი არ გვილაპარაკია, დღეს კი დიდი ხანი ვისაუბრეთ, ძალიან სერიოზულად. დეტალურად ავუხსენი, რომ არ მინდა რაკეტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები ბელარუსიდან უკრაინაში მოფრინავდნენ. არ მინდა, ბელარუსიდან უკრაინაში ჯარები მოდიოდნენ“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

თავის მხრივ ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში კონფლიქტი არ შეჩერდება, 3 დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა. ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ დასავლეთი, სანქციების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს.

„მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთის სანქციებზე მნიშვნელოვანი იქნება. როგორც საჭირო იქნება, ჩვენ გავზრდით ამ მექანიზმებს, მაგრამ არა საკუთარი თავის საზიანოდ. უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შემაკავებელი ძალები მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ასევე განკუთვნილია აგრესორის გასანადგურებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

რუსეთ-უკარაინის ომის ანალიზსს თუ გავაკეთებთ, ცხადია, რომ უკრაინის ფრონტზე რუსეთის არმიას წარამტება არ აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაღუპულები და დაჭრილები ჰყავს, თუმცა სამინისტროში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რაოდენობას არ აკონკრეტებენ.

უკრაინის ოფიციალური წყაროები კი აცხადებენ, რომ 4 300-მდე გაიზარდა რუსული დანაკარგი, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილია 1000 რუსი სამხედრო მოსამსახურე, ასევე იზრდება რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობაც - უკრაინელი სამხედროების ხელში ახლა 3 500 რუსი ტყვეა. ასევე განადგურებულია 27 სამხედრო თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი, გარდა ამისა დაზიანებულია 706 შედარებით მსუბუქი ტექნიკის ჯავშანმანქანა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულებას უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის რიტორიკა საშიშია.

„ეს საშიში რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და, რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას აერთიანებ იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში - ომს აწარმოებენ დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულ შეჭრას უკრაინაში - ეს აძლიერებს სიტუაციის სერიოზულობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, დმიტრო კულებას განცხადებით, ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, უკრაინა არ აყვება ამ ზეწოლას, უკრაინა არ ეცემა.

„თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება. მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვტეხს. პუტინმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე საუბარი დაიწყო და მას სურს უკრაინაზე ზეწოლა გაზარდოს. მაგრამ ჩვენ არ ავყვებით ამ ზეწოლას. ჩვენ მივუდგებით ამ მოლაპარაკებებს ძალიან მარტივად. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვუსმინოთ რას ამბობს რუსეთი და ვეტყვით, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე - უკრაინა არ ეცემა. ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თავის დაცვას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ პუტინი უკიდურეს ზომებზე წავიდეს. თუ პირობა ისევ ის არის, რაც ადრე იყო, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღი უნდა დაყარონ, ასეთ შემთხვევაში არეშიძე ვარაუდობს, რომ ეს მოლაპარაკება ჩაიშლება.

„რაც შეეხება პუტინის ბრძანებას, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოხდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ბირთვული ფაქტორის ამუშავება ნიშნავს, საპასუხო დარტყმას მიიღებს და თავისთავად ეს მაინცდამაინც არ იქნება მისთვის სასიხარულო. პუტინი კუთხეში არის მიმწყვდეული. ჩინეთმაც კი, რომელიც მის მოკავშირედ ითვლება რაღაც პოზაში დგომა გადაწყვიტა.

აქედან გამომდინარე პუტინი ფიქრობს და ცდილობს, რომ სახე შეინარჩუნოს, თავისი ერის, გარემოცვის წინაშე, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ მარცხის შემთხვევაში მისი საპრეზიდენტო კარიერა შეიძლება საერთოდ დასრულდეს. ამ სანქციების გამოძახილი, როგორც ჩანს, ძალიან მალე იმოქმედებს, პირველ რიგში, მის გარემოცვაზე. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ პუტინი უკიდურეს ზომებზე წავიდეს, თუმცა ბირთვული შეტევა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ეს უკვე არის პირდაპირი მუქარა და საქმე გვაქვს სახელმწიფო ტერორიზმის გამოვლინებასთან. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა რუსეთი ფედერაცია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

„უფრო მეტიც, შესაძლებელია სხვა მიმართულებით მოვლენების განვითარება, რომელიც კიდევ უფრო ტერორიზებულს გახდის სამყაროს. კიდევ უფრო შეშინდება საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც 2008 წელს მხოლოდ შეშფოთებას და აღშფოთებას გამოხატავდა. სამწუხაროდ, სწორედ შეშფოთებისა და აღშფოთების შედეგებს იმკის მსოფლიო. რუსეთმა არაერთხელ პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნებებით გააკეთა განცხდებები, სადაც საუბრობს პოსტსაბჭოთა სივრიცის აღდგენაზე.

თუ განვიხილავთ წერტილოვან განფენას და რუსეთის ფედერაციის იმ ზეგავლენას, რასაც მან საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული თავშეკავებულობის ხარჯზე მიაღწია, ვფიქრობ, რომ მას საკმაოდ ხელსაყრელი ვითარება აქვს შექმნილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ სახელმწიფო პირდაპირი ფორმით არ ერიდება ტერორიზმს, ვფიქრობ, მან შეიძლება გააძლიეროს ტერორისტული აქტივობები და არა მარტო. ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. ამ შემთხვევაში, რეალურად მას სჭირდება გარკვეული მხარდამჭერი სახელისუფლებო ჯგუფები, აქედან გამომდინარე, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი დაფინანსება წავიდეს იმ მიმართულებითაც, რომ მიუღებელი და საკმაოდ არამყარად დაცული სახელმწიფოების ხელისუფლებაში მოხდეს ცვლილებები, სახელმწიფო გადატრიალებაც კი“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.