უკრაინაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება უფრო სასტიკ და დაუნდობელ ხასიათს იძენს. რუსულმა მხარემ მყისიერ წარმატებას ვერ მიაღწია და მოქმედება ომის დაუწერელი კანონების დარღვევით დაიწყო. ყველამ ვიხილეთ კიევიდან გასვლისას რუსების მიერ მანქანაში ჩაცხრილული უკრაინული ოჯახი, ქალაქის ერთ-ერთ მიკრორაიონში რუსული ჯავშანტექნიკის მიერ მიჯრით მიჭყლეტილი ადგილობრივი მაცხოვრებლის მანქანა (საბედნიეროდ, მისი მფლობელი - ხნიერი მამაკაცი ცოცხალი გადარჩა), უკრაინული ქალაქების საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმართ გასროლილი ჭურვები.
ანტირუსული სანქციების დაწესების შემდეგ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი პირების რიტორიკა უფრო გამკაცრდა. ჯერ იყო და ქალბატონი მარია ზახაროვა შვედეთსა და ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში პოლიტიკური და სამხედრო შურისძიებით დაემუქრა. არ მოგესმათ, - სამხედრო! ეს ტერმინი რუსულმა მხარემ პირველად უკრაინის მიმართ გამოიყენა და შეასრულა თუ არა დანაპირები ყველა ვხედავთ. ახლა, ანალოგიური მუქარა ორი ჩრდილოელი ქვეყნის მიმართ გაისმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის დასავლეთის სანქციები არაფერს ნიშნავს, არაფერს შეცვლის და უკრაინაში „სამხედრო ოპერაცია“ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ კი „ისტორიული“ განცხადება გააკეთა, რომ რუსული მხარისათვის არც დიპლომატიური ურთიერთობებია საჭირო და „დროა საელჩოებს ბოქლომები დავუყენოთ“. ანუ, მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, დასავლეთთან ურთიერთობა „ფეხზე მკიდია“, სანქციების არ მეშინია და იქით მეხვეწეთ ჩემთან კონტაქტი თუ გინდათო.
უკეთეს მაგალითს მოგიყვანთ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 27 თებერვლამდე უარყოფდა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რუსი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტს. მედიისთვის გავრცელებულ უახლეს ინფორმაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმ სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგს ასახელებდა, რომელიც მათი ცნობით, უკრაინულმა მხარემ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“ განიცადა.
უკრაინულმა მხარემ რუსული დანაკარგების ოფიციალური რაოდენობა გამოაცხადა: 3500 გარდაცვლილი და 200 ტყვედ აყვანილი. ამ საზარელი ციფრების გაჟღერების შემდეგ უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელ ჯვარს“ მიმართა, რომ ეს ორგანიზაცია უკრაინაში შევიდეს და რუსი ჯარისკაცების ცხედრები გაიტანოს.
ამ დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ მოსახლეობას ამშვიდებდა, „უდანაკარგო ომში“ ვართ ჩაბმულებიო.
გაგიგიათ, ალბათ, ქალბატონ თინა კანდელაკის სახელი, პრეზიდენტ პუტინზე მზე და მთვარე რომ ამოსდის. თინა კანდელაკმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მედიაში გაშუქების საკითხი შეაფასა და შემდეგ „დამაჯერებელი“ განცხადება გააკეთა:
„ნუ დაუჯერებთ ფოტოებს და ვიდეოებს ტყვეების შესახებ. მრავლად გვაქვს შემთხვევები, როდესაც უკრაინულ სამხედროფორმიან პირებს გადაცმული აქვთ რუსული ტანსაცმელი. ვრცელდება რგოლებიც, სადაც ისმის გოდება და წამოძახილები: „აი, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ“ - ეს არის ვირუსი, რომელიც შექმნეს მათ, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ“.
რა გამოდის? თინა კანდელაკის ლოგიკით უნდა დავიჯეროთ, რომ კუნძულ ზმეინიზე 82 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე საკუთარი სურვილით ტყვედ ჩაბარდა. რასაკვირველია, არ უნდა ვენდოთ იმ „ფეიქ-ნიუსს“, რომ ზმეინიზე რუსებს 13 უკრაინელი ჯარისკაცი მსხვერპლად შეეწირა.
სრულიად რუსეთი უდიდეს საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობამ არაფერი იცის. ამ მდგომარეობაში განსხვავებული აზრის გამოხატვა წარმოუდგენელი გმირობის ტოლფასია.
26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში უკრაინაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დაახლოებით 1500 ექიმმა პუტინს ღია წერილით მიმართა: „ომი არაერთ სიცოცხლეს შეიწირავს, დაანგრევს ბევრის ცხოვრებას. ექიმები ყველა ძალისხმევის მიუხედავად მათ დახმარებას ვერ შევძლებთ. ტკივილისგან ყვირილს ყველა ერთ ენაზე დაიწყებს. რაც არ უნდა კეთილი მიზნებით მართლდებოდეს სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ის მაინც სასიკვდილოა“.
მოგვიანებით მოწოდებას, „შეწყდეს ომი უკრაინაში“ რუსული ხელოვნების სფეროში მოღვაწე რვა ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ხელოვნებს მხატვრები და დიზაინერებიც შეუერთდნენ და მათგან ორი ათასმა ანალოგიურ მოწოდებაზე საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა.
რუსეთი გამოფხიზლდა. მართალია, მრავალმილიონიანი ქვეყნისათვის ეს ჯერჯერობით ზღვაში წვეთია, მაგრამ მოსახლეობის „გამოჯანსაღების“ პროცესი უკვე დაიწყო. აი, თუნდაც მაქსიმ გალკინი ავიღოთ, ამ ცხოვრების „ნებიერი ბიჭუნა“, წარმოიდგენდით უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ სასტიკად რომ გაილაშქრებდა? „სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობ! ეს ყველაფერი როგორ შეიძლება? ომს გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს! არა ომს!“ - დაწერა ალა პუგაჩოვას მეუღლემ საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე.
განსხვავებულად მოაზროვნე რუსი ერის სათქმელი ცნობილმა მწერალმა დმიტრი გლუხოვსკიმ რამდენიმე წინადადებაში ჩაატია.
„ეს მტაცებლური, ძმათამკვლელი ომია, რომელიც შეშლილმა ტირანმა წამოიწყო და რომელსაც გამართლება არ აქვს. სირცხვილი. გვაპატიე, უკრაინა“. - დაწერა ცნობილი ტრილოგია „მეტროს“ ავტორმა.
უკრაინაში კრემლის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ პროტესტს რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შვილი და შვილიშვილი შეუერთდნენ. შვილიშვილი, 19 წლის მარია იამაშევა, ლონდონში, უკრაინის მხარდამჭერ მშვიდობიან აქციას შეუერთდა. ელცინის ქალიშვილმა ტატიანა იამაშევამ კი სოციალურ ქსელებში მოწოდება გაავრცელა - „არ იომოთ!“, თან საკუთარ ინსტაგრამზე უკრაინის დროშის ფოტოც გამოაქვეყნა.
ბორის ელცინის ნათესავებს მხარი პოპულარულმა მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმაც აუბა: „თითქმის ყველა რუსს ჰყავს უკრაინელი მეგობარი, ან ნაცნობი, ან ნათესავი. ახლა ჩვენ მათ ვესვრით. რა ხდება? დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს სიგიჟე!“, – ამბობს მაკარევიჩი.
ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა მადონამ ვლადიმერ პუტინს სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერთან არის შედარებული.
რგოლს დართული აქვს მომღერლის კომენტარი, სადაც ის თავის პოზიციას გამოხატავს: „პუტინმა ადამიანის უფლებათა ყველა შეთანხმება დაარღვია, რაც კი არსებობს. მას არა აქვს უფლება, უკრაინის წაშლა სცადოს. მხარს გიჭერთ, პრეზიდენტო ზელენსკი!“
უკრაინის მხარდამჭერ მსოფლიო მოძრაობას პოპულარული მომღერალი მადონაც შეუერთდა.