შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეს, ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. ხვედელიძე ამ დრომდე რჩება მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში. შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას ითვალისწინებს. წაუყენებენ თუ არა ხვედელიძეს ბრალს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, ამასთან დაკვშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლს, ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. როგორც წესი, აღკვეთი ღონისძიების სახე პატიმრობა, ასეთ მუხლს არ ეფარდება. შესაბამისად, თუ ხვედელიძე მხოლოდ 157-ე მუხლით მიეცა პასუხისმგებაში, სამართალმცოდნე კახა კახიშვილის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით უნდა ველოდოთ არასაპატიმრო ღონისძიებას, ხოლო არსებითი განხილვის შედეგად სასამართლო, ალბათ, გამოიტანს არასაპატიმრო სასჯელს.
„თუ ხვედელიძეს ბრალი მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით წაეყენა, დიდია იმის ალბათობა, რომ მას არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდება და მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრება. თუ ეს მუხლი დარჩა, გამოდის, რომ მან გარანტია მიიღო, არასაპატიმრო ღონისძიებასთან დაკავშირებით. უნდა გაირკვეს ყველა დეტალი და მონაწილე პირი. ეჭვი მეპარება, რომ შსს-ში არავინ არ იცოდა ხვედელიძის გადრა, ამის შესახებ. შესაძლებელია პროკურატურაშიც იცოდნენ ამის თაობაზე.
დარწმუნებული ვარ, თუ გამოძიება ობიექტურად ჩატარდა, არ მგონია, რომ მარტო ხვედელიძეს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ფარესიშვილთან დაკავშირებული ფირის განთავსებაში. თუ მხოლოდ ხვედელიძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, პირადად ჩემთვის ეს ძალიან საეჭვო იმის გამო იქნება, რომ პირველ რიგში, ეს ფირი, ნივთმტკიცების სახით ინახებოდა გამომძიებელთან და, როგორც მინიმუმ, გამომძიებლის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
გასარკვევია, რატომ, ან რა ვითარებაში გადასცა გამომძიებელმა ხვედელიძეს მასზე რიცხული სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცება. გასარკვევია ისიც, ხვედელიძემ თავად განათავსა ეს ფირი, თუ მას ამ საქმეში სხვა ვინმე დაეხმარა. ასევე გასარკვევია, იცოდა თუ არა ამ ფირის განთავსების შესახებ შსს-ს სხვა უმაღლესი თანამდებობის პირმა“, - ამობობს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.
შს მინისტრის მოადგილე ბრალდებულია ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა წინა ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, თუმცა მისი გავრცელება მოხდა შს მინისტრის მოქმედი მოადგილის მეშვეობით.
რაც შეეხება გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი ხვედელიძესთან ერთად ადანაშაულებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, ის ამ დრომდე თანამდებობას ინარჩუნებს. მთავარი პროკურორის მოადგილე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. თავად ფარესაშვილი კი კვლავ დაუყონებლივ ითხოვს ნაცვლიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და ნარკოლოგიურ შემოწმებას.
„მე თავიდანვე ვითხოვდი, რომ ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის დაკავებული თანამდებობიდან ჩამოცილებას. თუ კი დამნაშავე აღმოჩნდა ხვედელიძე, რატომ არ შეიძლება, რომ დამნაშავეები იყვნენ ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი?“ - კითხულობს ჟურნალისტი.
ფარესაშვილს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ის უკვე შეხვდა საია-ს თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს, სახალხო დამცველის მოადგილეს პაატა ბელთაძეს, ასავე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს. „ხვალიდან დავიწყებ მუშაობას ამ საქმეზე. მე ვუჩივი ხვედელიძეს, ასევე შსს-ს და მოვითხოვ მორალურ კომპენსაციას. სარჩელი, რომლის მომზადებაში საია დამეხმარება, სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა,“ - აღნიშნა გიორგი ფარესაშვილმა.
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. ამ ჩანაწერში აღწერილია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საუბარი, ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილისა და „სახალხო კრების“ წევრ ლაშა ამირეჯიბის შეხვედრის შესახებ. კილაძეს არ აკონკრეტებს, თუ სად გაიმართა აღნიშნული შეხვედრა და ვინ მიაწოდა მას ფარული აუდიოჩანაწერი.
მისი განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაზე შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ „სახალხო კრების” წევრ ლაშა ამირეჯიბს მეგობრულად ურჩია, რომ ფარესიშვილთან შეეწყვიტა ურთიერთობა. როგორც ირკვევა, აღნიშნულ შეხვედრაზე გელა ხვედელიძემ ამირეჯიბს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფარესიშვილის შესახებ არსებობს ვიდეოჩანაწერი და მანვე საკმაოდ ვულგარულად აუხსნა ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსი.
კილაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო კვერცხების ბიზნესს. მისივე თქმით, ხვედელიძემ ამირეჯიბს შეხვედრაზე განუცხადა, რომ საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს კვერცხები 6 ცენტნახევრად შემოაქვთ. კილაძის შეფასებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კვერცხების ბიზნესთან დაკავშირებით კარგად ინფორმირებულია. მისივე თქმით, საიტი kvercxebi.com, რომელზეც განთავსდა გიორგი ფარესიშვილთან დაკავშირებული ფარული ვიდეოჩანაწერი, საქართველოდან აშშ-ში გადარიცხული ფულით შეიქმნა.
„ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა იქნება გამოვლენილი. რაც შეეხება ნაცვლიშვილს, მასზე მე მაქვს სხვა მასალები, საქმე ეხება მის მიერ ბიზნესზე ზეწოლას, რომელიც პერიოდულად გამოქვეყნდება. იმისათვის, რომ ეს საქმეები ბოლომდე იქნას გამოძიებული, ცხადია ნაცვლიშვილი უნდა იქნას ჩამოშორებული ამ თანამდებობას. ის გახლავთ გამოძიებაზე ზედამხედველი პირი. ჩვენ ვაპირებთ გამოვაქვეყნოთ „კუდ“-ის თანამშრომლის ინტერვიუ, სადაც ხვედელიძეზე და „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებზეა საუბარი და ამის შემდგომ ბიზნესმენები აპირებენ გამართონ პრესკონფერენცია და ღიად ისაუბრონ იმ დეტალებზე და ზეწოლებზე, რასაც ადგილი აქვს ნაცვლიშვილის მონაწილეობით“, - უთხრა for.ge-ს ელისო კილაძემ.
ამასთან, ელისო კილაძის განცხადებით, მას ხელთ აქვს ინტერვიუ კუდ-ის თანამშრომელთან, სადაც რესპოდენტი საუბრობს გელა ხვედელიძისა და შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩონისნის ვაჟა ლილუაშვილის კავშირების შესახებ. კილაძის თქმით, კუდის თანამშრომლის ინფორმაციით, გელა ხვედელიძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ოპოზიციასთან ურთიერთობაში და წყაროს ინფორმაციით, იგი 2007 წელს შს სამინისტროს მხრიდან, ოპოზიციის ლიდერებს ფულს უხდიდა.
სამართალმცოდნე კახი კახიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, საზოგადოებამ ვერ დაინახა იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც წლების განმავლობაში ასეთ საქმეებში მონაწილეობდნენ.
„ჩვენ ვერ ვნახეთ ახალი ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური, სამართლიანი შეფასება ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ. ამიტომ გაგრძელდა შემდგომში ეს მანკიერი პრაქტიკა, რომ ვიღაცამ ახალი ხელისუფლებიდანაც ჩათვალა, რომ შესაძლებელია ასეთი ტიპის ჩანაწერებითაც მანიპულირება. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ღარიბაშვილისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნა მისაღები, რადგანაც პირადად მის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა ხვედელიძის პასაუხისმგებლობის საკითხი.
საზოგადოების ადეკვატური რეაქციიდან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილებას ღარიბაშვილი ვერ მიიღებდა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ისმოდა კითხვები თელიასთან ან გუნავასთან დაკავშირებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მართალია, მან მიიღო რთული, მაგარამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ახლა მთავარია, რომ ხვედელიძე არ აღმოჩნდეს განტევების ვაცის როლში. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ხვედელიძე არ იქნებოდა ამ საქმეში როგორც ფიგურანტი. მხოლოდ ხვედელიძის პასუხიმგებლობის საკითხის დასმა, ვფიქრობ, რომ არ იქნება ბოლომდე ადეკვატური. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის საქმეებში როგორც წესი ერთი ფიგურანტი არაა,“ - ამბობს კახიშვილი.
რაც შეეება გენერალური პროკურატურის დუმილს, კახიშვილის განცხადებით, რაც უფრო ღიად და ადეკვატურად იმოქმედებს შსს და პროკურატურის ხელმძღვანელობა, მით ნაკლები კითხვის ნიშანი დარჩება ამ საქმესთან დაკავშირებით.
„დღეს საჭიროა არა მხოლოდ ხვედელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, არამედ, პირველ რიგში, იმ ადამიანების პასუხისმგებლოს საკითხის დაყენება, ვინც შექმნა ასეთი სისტემა. ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდნენ ასეთი ტიპის საქმეებში. აუცილებელია გამოძიებამ დროულად გაარკვიოს, სად ინახება გატანილი მასალა. ნაწილი ამ მასალის შეიძლება იყოს საქართველოში, ნაწილი მასალა შეიძლება იყოს გატანილი. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა გარკვეული პიტის შანტაჟს ადგილი ახლაც აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცეები უკავშირდებიან კონკრეტულ პირებს, რომლებიც დღეს არიან თანამდებობაზე და ამ ფირების გამოყენებით აიძულებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც მათ სურთ,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.