საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პიარველი მოადილის, გელა ხვედელიძის დაკავებასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ექსპერტს, კახა კახიშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, ჟურნალისტ ფარესიშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის გამო მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე არა მარტო თანამდებობიდან გაათავისუფლა, არამედ იგი დაკავებულია და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა თანაც ჯარიმის გადახდა მოუწევს. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს შსს-ს მინისტრის პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაპატიმრება და რა შედეგები შეიძლება მიიღოს გამოძიებამ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდა, როგორც ამას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი მოითხოვს?
- როგორც ჩანს, რეალურად, იმდენად დიდი იყო საზოგადოების მოთხოვნა, სიცხადე შეტანილიყო ბინძური მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი ღარიბაშვილი სხვაგვარად ვერ იმოქმედებდა. დარწმუნებული ვარ, მინისტრისთვის თავისი პირველი მოადგილის დაკავების გადაწყვეტილების მიღება ურთულესი საქმე იყო, ვინაიდან ხვედელიძის დაკავებაზე გადაწყვეტილება პირადად მას უნდა მიეღო. ხვედელიძე მინისტრის თანამოაზრე, თანაგუნდელი იყო, მასთან ერთად ხელმძღვანელობდა შსს-ს სამინისტროს და სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს მასთან ერთად ატარებდა. ვიმეორებ, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს მოქმედებისათვის სხვა გზა არ ჰქონდა, სხვანაირად საკუთარ იმიჯს ავნებდა.
ღარიბაშვილის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა, როგორც აჭარის სამმართველოს უფროსს თელიას, ისე ქარდავას საქმეებთან დაკავშირებით. ფარესიშვილთან დაკავშირებულ ისტორიაზე პასუხგაუცემელი კითხვების არსებობის ვითარებაში ღარიბაშვილს ხვედელიძის გათავისუფლების გარდა სხვა გზა არც ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, თუ გამოძიება ობიექტურად ჩატარდა, არ მგონია, რომ მარტო ხვედელიძეს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ფარესიშვილთან დაკავშირებული ფირის განთავსებაში. თუ ხვედელიძეს ბრალი მხოლოდ მარტო სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით წაეყენა, დიდია იმის ალბათობა, რომ მას არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდება და მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრება.
თუ მხოლოდ ხვედელიძის საპუხიმგებლობის საკითხი დადგა, პირადად ჩემთვის ეს ძალიან საეჭვო იმის გამო იქნება, რომ პირველ რიგში ეს ფირი, ნივთმტკიცების სახით ინახებოდა გამომძიებელთან და, როგორც მინიმუმ, გამომძიებლის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გასარკვევია, რატომ ან რა ვითარებაში გადასცა გამომძიებელმა ხვედელიძეს მასზე აღრიცხული სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცება. გასარკვევია ისიც, ხვედელიძემ თავად განათავსა ეს ფირი, თუ მას ამ საქმეში სხვა ვინმე დაეხმარა, ასევე გასარკვევია, იცოდა თუ არა ამ ფირის განთავსების შესახებ შსს-ს სხვა უმაღლესი თანამდებობის პირმა.
- შსს-ს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი დაუყოვნებლივ განადგურდება. ამ არქივთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები და ისტორია ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს არქივის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში ბევრი ვინმეა დაინტერესებული. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გელა ხვედელიძე პოლიტიკური თამაშებში მონაწილეობდა? ანაც, თუ მონაწილეობდა, გაუგებარია, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული მისი ქმედება? ალბათ დამეთანხმებით, რომ შსს-ს მინისტრის პირველი მოადგილის მიერ ბინძური ვიდეომასალის "ფეისბუქსზე" პირადად ატვირთვა უცნაურად გამოიყურება . . .
- როგორც ჩანს, ხვედელიძეს ნერვებმა უმტყუნა, ჩათვალა, რომ შეუძლია ადამიანებით მანიპულაცია. როგორც ჩანს, ძალაუფლებამ და ინფორმაციასთან წვდომამ მისცა შეგრძნება, რომ მას შეეძლო ასეთი ტიპის ფირებით მანიპულირება.
შესაძლოა, გათვლა იმაზეც იყოს გაკეთებული, რომ საზოგადოება ყურადღებას გაამახვილებდა ამ ფირში არსებულ ჰომოსექსუალურ სცენებზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ფირების გავრცელებას დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებდა, ხელისუფლებას ფირის განთავსებისთვის პასუხს არ მოთხოვდა და არ დაიწყებდა ფირის გამავრცელებლის ძებნას.
დღეს რომ ამგვარ ქმედებაზე პასუხი ვინმეს არ ეგო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ანალოგიური ტიპის მასალა აღმოჩნდებოდა სხვადასხვა ვებგვერდებზე. საუბარი არ არის მხოლოდ სექსუალური ცხოვრების ამსახველ ფირებზე. პირადი ცხოვრება სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება და სულაც არ იქნებოდა გამორიცხული რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი სხვა ტიპის მასალები განთავსებულიყო.
- თუ ხვედელიძე გარკვეულ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობდა, მაშინ ლოგიკურია კითხა – ვის წინაარმდეგ იყო მიმართული ეს თამაში, კოლეგა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ, გია ხუხაშვილის წინააღმდეგ, თუ ორივეს ერთად?
- რამდენადაც ვიცი, ხვედელიძე "ქართულ ოცნებაში" დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვიდრე კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდოდა. რეალურად, ფარესიშვილი აკრიტიკებდა არა მხოლოდ ხვედელიძეს, არამედ ლაშა ნაცვლიშვილსა და გია ხუხაშვილს. ჰქონდა თუ არა შემხებლობა ასეთი ტიპის ფირებთან საკუთარი მიზნების მისაღწევად ნაცვლიშვილს და ხუხაშვილს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიება ძალიან ობიექტურად უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.
- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბინძური არქივის რაც შეიძლება სწრაფად განადგურებაში გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან? ამ ტიპის არქივის განადგურების წინააღმდეგ არავინ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი განადგურების შემთხვევაში დაუსჯელი დარჩებიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე შექმნა ეს არქივი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოძიებისთვის საინტერესო მასალებიც ხომ შეიძლება განადგურდეს, რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებს არ ვგულისხმობ. . .
- ამ საქმეზე შსს-ში, ან პროკურატურაში ყველა წესის დაცვით ამ საქმეზე უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, ვისი დავალებითაც ხდებოდა ამ ტიპის ჩანაწერების მომზადება. ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა.
ფაქტია ისიც, რომ წინა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში ამ ტიპის ჩანაწერების მეშვეობით ახდენდნენ ადამიანებზე ზემოქმედებასა და მანიპულაციას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და "კანონი ოპერატიული და სამძებრო საქმიანობის შესახებ" ოპერატიულ თანამშრომლებს აძლევს უფლებას, აწარმოონ ფარული აუდუიო და ვიდეო ჩანაწერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩანაწერში შესაძლებელია აღმოჩნდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამ ტიპის მასალები უნდა ინახებოდეს. სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის მასალა უნდა განადგურებულიყო.
ცოტა უცნაურია, რომ ფაქტობრივად შსს ახორციელებდა თვალთვალს და იცოდნენ, რომ იქ სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არა აქვს და არც ექნება, მაგრამ შესაძლებელია ამ ჩანაწერში მოხვდეს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რომლითაც შემდგომში შესაძლებელია ამ ადამიანის, მისი გარემოცვის საკუთარი ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენება
რამდენადაც ვიცი, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებელი პირები პატიმრობაში არ იმყოფებიან, რაც ჩემი აზრით, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. წარმოიდგინეთ, 9 წლის მანძილზე ამ ტიპის მასალები რამდენი იქნება დაგროვილი.
მასალა, რაც ღარიბაშვილსა და კბილაშვილს დახვდათ, ზღვაში წვეთი იქნება იმასთან შედარებით, რაც შსს და პროკურატურას ჰქონდათ. ჩვენ ვიცით, რომ გარდამავალ პერიოდში დიდი რაოდენობის მასალა იქნა გატანილი შსს-დან და მოდულის შენობიდან და რაც დარჩა, შესაძლოა, არც იყო ღირებული. დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის მაკომპრომიტერებელი მასალების ნაწილი გატანილია საზღვარგარეთ, ხოლო ნაწილი საქართველოში ინახება და გაცილებით მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს ეხება. არ არის გამორიცხული, რომ ახლა ეს პირები ამ მასალების გამოქვეყნების მუქარით მოქმედ თანამდებობის პირებს პირდაპირ აშანტაჟებენ და საკუთარ მიზნებს აღწევენ.
ასე რომ, შსს-ს ამოცანაა, არა მხოლოდ იმ ადამიანების ადეკვატური პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება და მიღწევაა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ასეთი ტიპის დავალებების გაცემას და ამგავრი არქივის შექმნას. ჩემი აზრით, შსს უნდა ინტერესდებოდეს არა მხოლოდ გატანილი, არამედ აქ კიდევ არსებული არქივების ადგილსამყოფელის დადგენაში და მათი განადგურებით უნდა იყოს დაინტერესებული. ამას რაც უფრო მოკლე დროში გააკეთებს შსს, მით უკეთესი, ვინაიდან ამგვარი ჩანაწერების დუბლირება ძალიან იოლია, ხოლო მათი გავრცელების მსურველთა რაოდენობა კი ძალიან ბევრია.
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას მათი დაუყოვნებლივ განადგურების შესახებ. თუ სისტემა ნორმალურად მუშაობს, ასეთი ტიპის მასალა, რომელიც ნივთმტკიცების სახით არის დართული კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხელმიუწდომელი უნდა იყოს ნებისმიერი რანგის ჩინოვნიკისთვის. ვიღაცამ შეძლო, უფლებამოსილება გამოეყენებინა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მასალა უნდა განადგურდეს. შესაძლოა, ეს მასალები წარმოადგენენ მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეზე, ამიტომ, ამ საქმეების ბოლომდე გამოძიებამდე, ამ საქმეზე ბრალდებული პირების მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე შეუძლებელია ნივთმტკიცების განადგურება. საქართველოს სისხლის სამართლის კედექსი ნივთმტკიცების განადგურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როდესაც საქმეზე სასამართლოს განაჩენია გამოტანილი. ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ნივთმტკიცების განადგურების შემთხვევაშ ხომ არ აიცილებენ პასუხიმგებლობას ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების დამზადებაში და ადამიანების დაშანტაჟებაში ფიგურირებენ.
- როგორ შეაფასებდით ამ საქმესთან დაკავშირებით გია ხუხაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას?
- მივესალმები იმას, რომ ბატონი გია გამოძიების ბოლომდე ჩატარებას და ყველა დეტალის რეალურად დადგენას მოითხოვს. მის განცხადებაში მაეჭვებს ერთი მონაკვეთი, სადაც აცხადებს, რომ ბიზნესზე ზეწოლას არასდროს არ ვახორციელებდი, მაგრამ ჰქონდა შემხებლობა ისეთ ბიზნესზე, რომელიც სახელისუფლო ბერკეტითა და პარტიული რესურსების საშუალებით იყო შექმნილი და, რომელებმაც მიითვისეს ქონება. უცანაურია, თუ როგორ ჰქონდა ხუხაშვილს ასეთი ტიპის ბიზნესებთან შეხების საშუალება, როცა ამგვარი რამ წესით მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების დასადგენია და არა იმ ადამიანების, რომელბიც კერძო სექტორში საქმიანობენ.
რატომღაც მგონია, რომ ახლა გელა ხვედელიძე განტევების ვაცის როლშია. თუ ხვედელიძის ქმედების კვალიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ 157-ე მუხლით დაკვალიფიცირდა, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთნება, მაშინ ფარესიშვილის საქმეზე უფრო მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
- და კიდევ ერთი თემა; რამდენიც არ უნდა ამტკიცონ რესტორან "ლა რუფელში" მომხდარ ინციდენტში მონაწილეებმა, რომ ყველაფერი შემთხვევითობისა და მამაკაცების წაკინკლავების შედეგია. აშკარაა, რომ მომხდარს აშკარად პოლიტიკური საფუძველი აქვს. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირება რესტორნებსა და ქუჩაში არ გადაინაცვლოს?
- რეალურად, საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. სამართლიანობის აღდგენა სულაც არ ნიშნავს ციხეებიდან პატიმრების გამოშვებას, როგორც ამას ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ. პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმ უფლებაშელახული ადამიანების უფლებების აღდგენას, რომელთა უფლებებიც 9 წლის განმავლობაში ირღვეოდა. ეს არის ბიზნესების და ქონებების დაბრუნება, უკანონოდ პატიმრებისათვის კომპენსაციების გაცემა, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის პასუხის მოთხოვნა. ჩვენი კანონმდებლობით, პატიმრობის სასჯელი უკიდურესი განაჩენია. შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი დანაშაული საფრთხეს არ წარმოადგენს, პროკურატურას აქვს საშუალება ასეთი სისხლის სამართლის საქმეები შეწყვიტოს.
საზოგადოება სამართლიანობის მოლოდინში იყო, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით, ახალ ხელისუფლებას მოქმედებაც არ დაუწყია. ასეთ ფონზე საზოგადოების ღელვა ბუნებრივია, და ახლა ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, ვინაიდან თავად საზოგადოება ცდილობს სამართლიანობის აღდგენას. თავის დროზე სააკაშვილმა საზოგადოება დაყო სტენდალის ფერებად, საკუთარ მომხრეებად და დანარჩენების ბედი საერთოდ არ აინტერესებდა. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება. სამართლიანობის აღდგენისათვის საჭიროა რომ გამოძიება ყველას მიმართ სამართლიანად იქნას ჩატარებული. განცდა, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაცის პასუხიმგებლობის საკითხი ან დადგა, ან არ დადგა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება მოუწია, სადაც კანონი მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოქმედებდა. კანონი მკაცრი იყო იქ სადაც საკითხი ეხებოდა ოპონენტს და იყო ლმობიერი, სადაც საქმე ეხებოდა წინა ხელისუფლების მომხრეებს