გიორგი ფარესაშვილის სკანდალთან დაკავშირებით უკვე ღიად გაცხადდა, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია გია ხუხაშვილის წინააღმდეგ. ამის შესახებ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს და მოითხოვს ამ მასალის გამოძიებას.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ აღნიშნული ფირის იდენტიფიცირება არ მომხდარა. ამდენად, გაუგებარია, ვის ეკუთნის ამ სკანდალურ ჩანაწერზე არსებული ხმები, რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან რთული გასარჩევია. როცა ფირის ავთენტურობითა და სანდოობით დავინტერესდით, ელისო კილაძემ გვითხრა, რომ ამ სკანდალურ შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა დღეს დაადასტურა, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ მის მიერ უკვე დასახელებული პირები. საუბარია შს მინისტრის ყოფილი პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეზე, (რომელიც ამჟამად დაკავებულია), ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილსა და ლაშა ამირეჯიბზე.
ამდენად, ელისო კილაძე ელის, რომ ღარიბაშვილის უწყება ამ საქმის ყველა დეტალს დააზუსტებს და ყველა დამნაშავე პირი, ვინც ამ ამაზრზენ პროვოკაციაში მონაწილეობდა, დაისჯება. უფრო მეტიც, ელისო კილაძის სურვილია, აუცილებლად გაირკვას, სად, რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა აღნიშნული ფირი გადაღებული და არის თუ არა ეს ამ სახის ერთადერთი მასალა.
„დასჯილი უნდა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. თორნიკე გუნავამ, სამხედრო პოლიციის პირველი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, პროკურატურას გადასცა 80-მდე ფირი, სადაც მსგავსი ტიპის ამაზრზენი სცენებია დაფიქსირებული. ხუხაშვილი ამ აუდიომასალაში არ ფიგურირებს, განსხვავებით, შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის, გიორგი მამაცაშვილისა და ლაშა ამირეჯიბისგან. ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაციით, ხუხაშვილის კავშირი არ დასტურდება არც ვიდეოკადრების გავრცელებასთან და არც სხვა ტიპის მონაწილეობასთან ამ საქმეში“, - აცხადებს ელისო კილაძე.
ამასთან, მიაჩნია, რომ ის მასალა, რომელიც „ალიას“ ჟურნალისტ მარი გულორდავას მეშვეობით გიორგი ფარესაშვილისთვის უნდა „შემოეგდოთ“, გახლავთ გია ხუხაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ, თუ ავთენტურობის დადგენა მოხერხდება, ეს ფირი გამოძიებისთვის მტკიცებულებად მართლაც ჩაითვლება. ხოლო, თუ ოფიციალური ორგანო ამ ფირს ავთენტურობის დადგენამდე საჯაროდ გამოიტანდა, მაშინ ეს დაუშვებელი იქნებოდა. თუმცა უფლებადამცველის თქმით, ელისო კილაძე და ნებისმიერი თავისუფალი ჟურნალისტი არ არის შეზღუდული, ფირის განსაჯაროებისგან თავი შეეკავებინათ მისი ავთენტურობის დადგენამდე.
ამასთან, ადვოკატისთვის გაუგებარია, ვის ჰქონდა ინტერესი, რომ გია ხუხაშვილის წინააღმდეგ ეს პროვოკაცია დაეგეგმა. ამიტომ იგი მოელის, რომ, ალბათ, ამის შესახებაც იტყვის ელისო კილაძე.
თუკი აღნიშნულ ფირზე ზემოხსენებული პირების ხმების ავთენტურობა არ დასაბუთდება, შესაძლოა, საქმე ცრუ დასმენის მუხლით აღიძრას. გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, მართალია, არსებობს ცრუ დასმენის მუხლი, მაგრამ ეს ჟურნალისტს ან რიგით პიროვნებას ასე საჯაროდ გამოტანილი ინფორმაციისთვის არ ემუქრება. ხოლო, თუკი ადამიანს ამით ზიანი მიაყენეს, მას შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს სასამართლოში და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს.
ფირის დამაჯერებლობასთან დაკავშირებთ, გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მასალა 100 %-ით დამაჯერებელი არ არის, მაგრამ მასში ბევრი საყურადღებო მომენტი და საყურადღებო დამთხვევებია. ამიტომ, პირველ ემოციას არ უნდა ავყვეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უდაო სიმართლეა. უბრალოდ, გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ.
ექსპერტიზის ბიურო „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებამდე ფირის ნამდვილობას ვერ ადასტურებს. მისი თქმით, სწორედ ამ სახის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, არის თუ არა წყვეტა, მონტაჟი, თორემ აუდიომასალაზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა პრობლემატურია. ამასთან, ექსპერტი მზად არის, ამ სახის ექსპერტიზა თავად ჩაატაროს ამ ფირზე, თუკი მას დაუკვეთენ.
მისი თქმით, აუდიოჩანაწერზე ხმები მართლაც ცუდად ისმის, მაგრამ ფონოსკოპიური ექსპერტიზის პროცესში შესაძლებელია ხმის გაწმენდა და ამის შემდეგ ნათლად დადასტურდება მათი საუბრის შინაარსი.
იგი აცხადებს, რომ არანაირი უფლება არ აქვს, სუბიექტურ განწყობას აყვეს და გვითხრას, ენდობა თუ არა ამ აუდიომასალას. ამასთან, ადასტურებს, რომ იდენტიფიცირების გარეშე წინმსწრებად ვერსიების გამოხატვა არასწორია.
ცნობისთვის, გიორგი ფარესაშვილის სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გია ხუხაშვილიც. იგი იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პათოსს და თავადაც ითხოვს მთელი ამ ისტორიის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას. მისი თქმით, ძიება მხოლოდ გელა ხვედელიძის დაკავებით არ უნდა შემოიფარგლოს და ყველა მასალა უნდა გასაჯაროვდეს.
გია ხუხაშვილი მოითხოვს, გამოძიებულ იქნას მისი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე, ყველა სხვა ბრალდების გარემოებები, რომელიც მისი მისამართით ისმოდა მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. მათ შორის, გაირკვეს მისი მხრიდან ბიზნესთან შესაძლო გარიგებების და ზეწოლის ყველა ფაქტი, რაზეც საუბარი იყო ამ ხნის განმავლობაში.
ამ ეტაპზე ხუხაშვილი კომენტარს არ აკეთებს, რათა მისი „ლეგენდარული“ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს აღქმულ არ იყოს გამოძიებაზე ზეწოლად.
გარდა ამისა, ექსპერტი მიმართავს იმ ჯგუფებს, რომლებიც მასზე საუბრობდნენ, არა მხოლოდ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, არამედ გაასაჯაროვონ ყველა ის ფაქტი, რომელიც მის შესახებ აქვთ, რათა საზოგადოებას აღარ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
„და ბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებები გასცდა იმ ფარგლებს, რაც ითვალისწინებს საჯარო პირის მხრიდან თმენის ვალდებულებას, გამოძიების დასრულების შემდეგ ვიტოვებ უფლებას დავაყენო ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდა ცრუ წყაროს მთელ ამ ისტორიაში“, - ნათქვამია ხუხაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.