რა არის SWIFT და შეიძლება თუ არა მისი მეშვეობით რუსეთზე გადამწყეტი გავლენის მოხდენა?

რა არის SWIFT და შეიძლება თუ არა მისი მეშვეობით რუსეთზე გადამწყეტი გავლენის მოხდენა?

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის უმთავრესი SWIFT-ის სისტემიდან მისი ჩასხნაა. როგორც უცხოელი ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი ნაბიჯიც კი უკრაინაში დაწყებულ ომზე მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს.

SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. SWIFT ტრადიციული გაგების ბანკი არაა, რომელიც ფინანსების ტრანსფერისთვის გამოიყენება. ის დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. მარტივად, რომ ვთქვათ, ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. 2021 წელს SWIFT -ის განცხადებით, დღეში საშუალოდ მათ სისტემაში 42 მილიონი შეტყობინება გადიოდა.

NBC აღნიშნავს, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ამ ფინანსური სისტემიდან გაძევება ყველაზე მკაცრი ნაბიჯი იქნება, რისი გადადგმაც შესაძლებელია და ის რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს როგორც მყისიერად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. რუსეთი ამ ნაბიჯის შემდეგ დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობის უდიდეს ნაწილს, რაც აისახება ნავთობისა და გაზის წარმოებისგან მიღებულ სარგებელზეც, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 40%-ს შეადგენს.

აღნიშნული სანქციის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელსაც განიხილავდნენ, როდესაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ რუსეთი აცხადებდა, რომ მისი SWIFT-დან გამოძევება ომის გამოცხადების ეკვივალენტი იქნებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სანქცია ირანის წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს, რამას მისი საგარეო ვაჭრობის 30% შეიწირა. თუმცა, რუსეთის SWIFT -დან გაძევებამ შესაძლოა, სხვა ქვეყნების ეკონომიკაც დააზიანოს, მათი, რომელთა საფინანსო ინსტიტუტები რუსულ საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობენ.

Sky news-ის თანახმად, ყველაზე მეტად რუსეთის SWIFT-დან გათიშვით რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტად გერმანია და აშშ იზარალებენ, რადგან მათი ბანკები ყველაზე მეტად თანამშრომლობენ რუსულ ბანკებთან ამ სისტემის გავლით.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ევროპული სახელმწიფოები, ამ ეტაპზე, არ ემხრობიან.

„ეს ვარიანტი ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპას არ სურს ამ პოზიციის დაკავება“, - განაცხადა ბაიდენმა.

ქართველი ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ SWIFT-ს გათიშვა ნამდვილად დააზარალებს რუსეთს, ოღონდ მხოლოდ მოკლე პერიოდში. აკაკი ცომაია ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

„ SWIFT საკომუნიკაციო არხებით შეტყობინებათა უსაფრთხო გადაცემის სისტემაა, რომელსაც ბანკები იყენენენ და სხვა არაფერი. ვთქვათ გერმანია ყიდულობს გაზს და ფული უნდა გადაუხადოს რუსეთს. გერმანული ფირმა უგზავნის რუსულ ბანკს შეტყობინებას მისი საბანკო ანგარიშიდან SWIFT-ის მეშვეობით, რომ ფული ირიცხება. როდესაც ელექტრონული გადარიცხვა შესრულდება, მიმღები შეძლებს ფულის გამოტანას.

სხვა სიტყვებით, SWIFT იყენებს სტანდარტიზებულ კოდურ ჩანაწერებს, რომელშიც მოთავსებულია ინსტრუქციები, რაც ბანკებს აძლევს ტრანზაქციის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას.

რა მოხდება თუ რუსეთს SWIFT-დან ჩახსნიან? ტრანზაქციები გაიყინება და ვაჭრობა ვერ შედგება, რაც ყველა მხარეს და მათ შორის რუსეთის ეკონომიკასაც მყისიერად დააზიანებს, თუმცა რუსეთს აქვს ალტერნატიული სისტემა შექმნილი და არა მხოლოდ რუსეთს, ჩინეთსაც. მართალია, დღეს ისინი SWIFT-თან ახლოსაც ვერ მივა, რადგან ძირითადად, ეროვნულ დონეზე იყენებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია არ იტყვის უარს გაზის შესყიდვაზე, როგორ მოხერხდება ვაჭრობა? ცხადია, რუსული ან ჩინური ალტერნატივის მეშვეობით და ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან.

ამდენად, თუ მიზანია რუსეთის ეკონომიკის შებოჭვა გრძელვადიანად, მხოლოდ SWIFT-ის გათიშვა არასწორი ნაბიჯია. ამიტომ, ბაიდენმა სიმართლე თქვა, რომ დაანონსებული სანქციები ბევრად უკეთესია გაცხადებული მიზნის მისაღწევად ვიდრე SWIFT-ის გათიშვა“, - აღნიშნა ცომაიამ.

ჯერჯერობით სვიფტიდან გათიშვაზე უარს რამდენიმე დასავლური ქვეყანა აცხადებს, კერძოდ, ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, რომ ესენია გერმანია, იტალია, უნგრეთი და კვიპროსი.

როგორც „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, ევროპელი ფინანსისტების ლოგიკა შესაძლოა ასეთი იყოს, რომ რა თქმა უნდა „სვიფტიდან“ ჩამოცილება მტკივნეული იქნება, მაგრამ ამ ომის ბედს ახლა ვერ გადაწყვეტს.

„ამ ფინანსისტების ლოგიკა ასეთია, რომ, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული იქნება, მაგრამ ამ ომის ბედს ახლა ვერ გადაწყვეტსო. დაწესებული სანქციები, როგორც ჩანს, უკბილოა. არც იყო მოლოდინი, რომ ის საომარ მოქმედებებზე გავლენას მოახდენდა, რადგან პუტინი რაციონალური პოლიტიკოსი არაა და მისი რეჟიმი პერსონალიზირებული ავტოკრატიაა, ანუ გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს, აქედან გამომდინარე ის რაციონალურ აზროვნებას არ ექვემდებარება, რომ ან ეკონომიკის, ან სოციალური საკითხების მხრივ იფიქროს.

თუ ეს სანქციები შენარჩუნდა, რამდენიმე თვის, ან წლის შემდეგ, ბუნებრივია, მას რაღაც გავლენა ექნება, თუმცა ახლა უკრაინის სიტუაციას დიდად ვერ უშველის, რადგან ამ ქვეყნის ბედი დღეს წყდება. ამის ალტერნატივა დღეს დასავლეთს, სამწუხაროდ, არ აქვს“, - განაცხადა კაკაჩიამ.