თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს მიმართავს და უნივერსიტეტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება საინიციატივო ჯგუფის წევრებმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს.
იურიდიული ფაკულტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი ორი თვის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა ხელმოწერების შეგროვებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მისანიჭებლად. თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ შეგროვილია 22 000 ხელმოწერა, საიდანაც 10 000 არის სტუდენტების, ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივი მოქალაქეების ხელმოწერები.
„მოგეხსენებათ, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ეს ცვლილებები ქმნის იმის საკანონმდებლო საფუძველს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს (როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს), რომ მოხდეს ვეტოს დაძლევა, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტუდენტური პოზიცია არის გასაზიარებელი“, - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
მისი თქმით, თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს პოზიცია სცდება და სრულ წინააღმდეგობაში მოდის სტუდენტების პოზიციასთან.
ჭეიშვილი საუბრობს იმ წერილზე, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს ილიას უნივერსიტეტის რექტორი, გიგი თევზაძე და თსუ-ს რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილმა მიმართეს და პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მოითხოვეს. ამიტომ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უნივერსიტეტში და ზოგადად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სისტემური პრობლემებია, მათ შორის ადმინისტრაციაში, რაც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს და სტუდენტები აპირებენ, რომ პროცესების ავანგარდში იყვნენ და სტუდენტების პოზიცია რექტორისა და აკადემიური საბჭოს მხრიდან იქნეს გათვალისწინებული.
რექტორთან თუ გქონდათ საუბარი და მას თუ გააცანით თქვენი პოზიცია?
- რექტორთან შეხვედრები და საუბრები გვქონდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ხელმოწერების შეგროვებას ვახორციელებდით. ბატონი სანდრო ამის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა აღნიშნული წერილის მომზადება და პრეზიდენტისადმი მიმართვა, ასე ვთქვათ, ავტონომიურ რეჟიმში მოხდა. სხვათაშორის, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა, აკადემიური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ბატონმა ზურაბ დავითაშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი არ სურს. მაინტერესებს, რაზე დაყრდნობით გააკეთა მან ეს განცხადება მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ წარმოდგენილია თსუ-ს სტუდენტების ათასობით ხელმოწერა და ისინი უნივერსიტეტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის აღდგენას ითხოვენ.
რა არის თქვენი არგუმენტი, როდესაც ამ სტატუსის აღდგენას ითხოვთ?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფომ უნივერსიტეტის წინაშე აიღოს მაქსიმალურად დიდი ვალდებულებები, ვგულისხმობთ როგორც საფინანსო - ეკონომიკურ, ასევე ქონებრივ ვალდებულებებს და ა.შ. ის აბსურდული არგუმენტები, რომლებიც არაკომერციული იურიდიული პირის სასარგებლოდ იყო გაცხადებული, არის ძალიან სუსტი. კერძოდ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ უნივერსიტეტის ავტონომიაზე, მოგახსენებთ, რომ სწორედ არაკომერციულ იურიდიულ პირად გარდაქმნის შემდეგ თსუ დაექვემდებარა რეგენტთა საბჭოს უფლება-მოსილებებს. საბჭო ფაქტობრივად პირდაპირი წესით ნიშნავს ადმინსიტრაციის უფროსს და ეს მდგომარეობა დღემდე შენარჩუნებულია, ამასთანავე რეგენტთა საბჭო ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, შესაბამისად, ზღუდავს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ეკონომიკურ ავტონომიას. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უნივერსიტეტისთვის აღდგენა (რადგან დაახლოებით ერთი წლის წინ უნივერსიტეტს სწორედ ეს სტატუსი ჰქონდა) სიტუაციის ეტაპობრივად გამოსწორებას დაიწყებს და იქნება ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ როგორც თსუ-ში, ასევე ზოგადად უმაღლეს სასწავლებლებში გატარდეს რეფორმები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თქვენ ახლა სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის პოზიციას გამოხატავთ?
- ჩვენ გამოვხატავთ თსუ-ს სტუდენტების პოზიციას, რისი ლეგიტიმაციაც ჩვენ გვაქვს ამ ხელმოწერების საფუძველზე.
სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
- რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, ჩვენ გვქონდა გარკვეული კონსულტაციები ილიას უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. თავს ვერ დავდებ, რომ ჩვენს პოზიციას აბსოლუტურად ყველა სტუდენტი იზიარებს, მაგრამ მათი დიდი უმეტესობა უმაღლესი სასწავლებლებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის აღდგენას უჭერს მხარს.
თქვენი აზრით, უნივერსიტეტის რექტორმა რატომ არ გაითვალისწინა სტუდენტების პოზიცია?
- ეს მართლაც ძალიან საინტერესო საკითხია. როგორც მოგახსენეთ, მან იცოდა, რომ ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, მის ამ გადაწყვეტილებაში რაღაც ვიწრო მერკანტილური ინტერესი იკვეთება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის მხრიდან სასწავლებლის სამართლებრივი სტატუსის ცვლილება აღქმულია, როგორც პირადი საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ რეორგანიზაციის პროცესში შესაძლოა გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ეს არ არის გამორიცხული.
თქვენს ყურადღებას ასევე ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ. ძალიან ხშირად მიმდინარეობს ქონებით აპელირება, თითქოს რადგანაც არაკომერციულ იურიდიულ პირს ეს ქონება საკუთრებაში აქვს გადაცემული, ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ა.შ. ქონების განკარგვისას უნივერსიტეტი, რომელიც არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსისთ სარგებლობს, უნივერსიტეტი რეგენტთა საბჭოს თანხმობას საჭიროებს, ანუ თუკი არ იქნება რეგენტთა საბჭოს თანხმობა, უნივერსიტეტი ვერანაირ ქონებას ვერ გაასხვისებს. შესაბამისად, ეს არგუმენტიც ჩვენთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, უნივერსიტეტებს არ უნდა უწევდეთ საკუთარი ქონებით ვაჭრობა იმისათვის, რომ ნორმალური სასწავლო პროცესი უზრუნველყონ. ეს პერიოდი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ის ნაბჯიები, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლების სრული კომერციალიზაციისაკენ იდგმებოდა, აუცილებლად უნდა შეჩერდეს. არ შეიძლება საქართველოში განათლება კონკრეტულ ბიზნესინტერესებზე დაფუძნებული და დამოკიდებული იყოს.