„ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებს, თანაც მსგავსი მოქმედება ყველა შემთხვევაში გადაიქცევა ბირთვულ დაპირისპირებაში და ამან შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლე გაანადგუროს“

„ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებს, თანაც მსგავსი მოქმედება ყველა შემთხვევაში გადაიქცევა ბირთვულ დაპირისპირებაში და ამან შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლე გაანადგუროს“

„სერიოზული საფრთხეა, რადგან უკრაინა, ეს არის რუსეთის დიდი გეგმის ნაწილი, რასაც საბჭოთა კავშირის აღდგენა ჰქვია. უკრაინა ის ბარიერია, რომლის გადალახვის გარეშე, რუსეთი ამას ვერ მოახერხებს. თუ უკრაინა დააჩოქა, მას შესაძლოა გზა ჰქონდეს გახსნილი ამ კატასტროფული მიზნისკენ სწრაფვისათვის“, - განაცხადა For.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა.

როგორ უმკლავდება დღეს უკრაინა რუსეთს? თქვენი აზრით, შეძლებს კრემლი კიევის აღებას?

- ვერ შეძლებს! მცდელობა, რომ დესანტს დაეკავებინა კიევთან ახლოს მდებარე დიდი სამხედრო აეროპორტი, რუსეთს ჩაეშალა. იქ გადმოსხმული დესანტი ალყაშემორტყმული იქნა უკრაინული, შეიარაღებული ძალების მიერ და შემდეგ განადგურებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კიევი არ აპირებს ხელაწეული ჩაბარდეს მტერს, თუ ასეთი განწყობაა და უკრაინის არმია ისე იბრძვის, როგორც ამ ფაქტიდან შეგვიძლია დავასკვნათ, მაშინ კიევი არ იქნება ადვილად ხელში ჩასაგდები ნადავლი, როგორც ზოგიერთს ჰგონია მოსკოვში.

მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით? რამდენ ხანს გაძლებს უკრაინა ამ მდგომარეობაში?

- სამწუხაროდ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს, უკან არ დაიხევს არავითარ შემთხვევაში უკრაინა და ეს იქნება, ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი კონრფრონტაცია. თუ აქტიურად არ იქნება საერთაშორისო ჩარევა, შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდეს.

არსებობს ამ სცენარის კიდევ ერთი გაგრძელება, რომლის შესახებ საუბარიც კი არ მინდა - ეს არის მოვლენების ისეთი განვითარება, რამაც შესაძლოა ბირთვულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. ჩვენს თვალწინ სამწუხაროდ, ვითარდება მესამე მსოფლიო ომის წარმოშობის და დაწყების სცენარის მსგავსი რამ.

დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, თუმცა, ვხედავ, სხვა ტიპის ჩარევას ჯერჯერობით არ გეგმავს. რამდენად საკმარისია დასავლეთის რეაქცია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე?

- რა თქმა უნდა, არ არის საკმირისი იმისთვის, რომ სასწრაფოდ შეაჩეროს რუსეთი, არადა ეს ამოცანა დგას. ეს ყველაფერი არ არის უაზრობა, ამას ექნება თავისი შედეგი, თუმცა, ეს შედეგი დადგება რამდენიმე ხნის შემდეგ, მაგრამ მანამდე, მთელი ეს სიმძიმე, ტკივილი წვება უკრაინელი ხალხის და უკრაინული არმიის მხრებზე. სამწუხაროა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას ეტყობა მეტი აღარ შეუძლია ან მეტის გაკეთებას ვერ ბედავს.

როგორ ფიქრობთ, დამატებით, კიდევ რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაედგა დასავლეთს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად?

- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარი არის სანქციებზე. წინასწარვე გაცხადდა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებს. თანაც, მსგავსი მოქმედება ყველა შემთხვევაში გადაიქცევა ბირთვულ დაპირისპირებაში და ამან შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლე გაანადგუროს, რაც სრულიად მიუღებელია, მაგრამ სანქციების თვალსაზრისითაც, მაინც არსებობს სცენარები, რომელთა განვითარება შეიძლებოდა, რომ უფრო მეტი ეფექტის მომტანი ყოფილიყო. უკვე დღეს დაწყებულიყო რუსეთის ექსპორტის შეზღუდვა, ნავთობის და გაზის სექტორებისადმი მსგავსი შეზღუდვის დაწესება. რუსეთის იზოლირების დაწყება მსოფლიო რუკიდან. ბევრი ლაპარაკობს „სვიფტის“ გათიშვაზე, - დიახ, ეს არის კომპონენტი ამ კომპლექსისა. არსებობს შესაძლებლობები, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ეკონომიკური ზეწოლისთვის და ეს დროზე უნდა იყოს ამუშავებული.

დაწესებული სანქციების ეფექტს და შედეგს, რამდენ ხანში ნახავს რუსეთი?

- ვადის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ეს შედეგს, რა თქმა უნდა, გამოიღებს. ამერიკაში ყველა აქტივი გაუყინეს რუსეთის 5 წამყვან ბანკს, რაც მათი მუშაობის პარალიზებას გამოიწვევს, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმაა. ის ნაბიჯები, რომლებიც ამერიკამ და ევროპამ გადადგა, არის ფასი, რასაც რუსებს ახდევინებენ ინტერვენციისთვის, იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს. თუმცა, სასწრაფოდ, რუსეთმა ხელი აიღოს თავის აგრესიაზე, ეს მიზანი შეიძლება ნაკლებად იქნას მიღწეული ამ ნაბიჯებით.

„დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება“, - ამის შესახებ The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფიტვიტერზეწერს. რას ნიშნავს მისი ეს განცხადება?

- იარაღის გადაცემაზეა საუბარი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე, რაც დაუყენეს უკრაინას.

ეს პრევენციისთვის ხდება? ვართ დღეს რეალური საფრთხის ქვეშ?

- ამ საფრთხის წინაშე ჩვენ ვართ 2008 წლის შემდეგ, პერმანენტულად.

ასევე მინდა გკითხოთ პრემიერ-მინისტრის განცხადების შესახებაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას იმ სანქციებში, რომელსაც დასავლეთი რუსეთს უწესებს. რამდენად სწორია პრემიერ-მინისტრის ეს პოზიცია?

- არ მგონია, რომ ეს სწორი განცხადება იყოს. დიახ, საქართველოს საშუალებები არის ძალიან შეზღუდული, პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ უსაფრთხოების პრობელემებიც გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ეს შეიძლება სხვანაირად წარმართო და ითქვას. ის რია-რია, რომელიც ქვეყნის შიგნით ატყდა უკრაინასთან დაკავშირებით, კარგს არაფერს მოასწავებს.

შესაძლოა რუსეთის მხრიდან შემდგომი ქმედებების მაპროვოცირებელი იყოს ის რეაქცია, რაც ქართულ საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ წრეებში მოჰყვა, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფაქტს?

- რუსეთისთვის არა, ეს ჩვენთვის, ქვეყნის შიგნით არის დამაზიაანებელი. ეს საზოგდოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას აზიანებს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოებრივობისთვის არის საფრთხის შემცველი.

როგორ ფიქრობთ, თუკი უკრაინა რუსეთთან ბრძოლაში დამარცხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერი ჩვენზე მიდგება? რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხომ საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს...

- სერიოზული საფრთხეა, რადგან უკრაინა, ეს არის რუსეთის დიდი გეგმის ნაწილი, რასაც საბჭოთა კავშირის აღდგენა ჰქვია. უკრაინა ის ბარიერია, რომლის გადალახვის გარეშე რუსეთი ამას ვერ მოახერხებს. თუ უკრაინა დააჩოქა, მას შესაძლოა, გზა ჰქონდეს გახსნილი ამ კატასტროფული მიზნისკენ სწრაფვისათვის. ძნელი სათქმელია, როგორ წავა ბატონი პუტინის ფანტაზია, ყველა მიმართულებით შეიძლება შემდგომ განვითარდეს მოვლენები.