თავდაცვის სამინისტროში CUBIC-ის თავდაცვის ჯგუფის პროგრამის მენეჯერის ადოლფ კარლსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. გამოსათხოვარ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში ადოლფ კარლსონის როლზე ისაუბრა.
ავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა და ტრადიციის თანახმად, დაკეცილი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) წარმომადგენელმა დეივ პრუმ ამერიკელი მრჩევლის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.
ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, CUBIC-ის თავდაცვის ჯგუფის წარმომადგენლები და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.
ადოლფ კარლსონი 2011 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო–საშტაბო სკოლის ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის უფროსი იყო. ის საქართველოში 2007 წლიდან იმყოფებოდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა სფეროში უწევდა დახმარებას. ადოლფ კარლსონი აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი იყო. სამხედრო სფეროში შექმნილი ოცდაათწლიანი კარიერის შემდეგ, მან აქტიური სამხედრო სამსახური დაასრულა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სკოლებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გააგრძელა.