ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სიმონ კილაძე, მისი საქმის პროკურორს ლელა გელაშვილს ეძებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სიმონ კილაძე, მისი საქმის პროკურორს ლელა გელაშვილს ეძებს

2006 წელს ჯაშუშობის და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, დაკავებული იქნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი, სიმონ კილაძე. მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულს სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა და 5 წელი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ყოფილი პატიმარი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მითითებით, კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტის მხრიდან, მასზე განხორციელდა ზეწოლა - თუ არ აღიარებდა დანაშაულს, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდათ. კილაძე ითხოვს პასუხისგებაში იქნეს მიცემული ყველა ის პირი, ვინც მის მიმართ ბინძური პროვოკაცია მოაწყო, გადახედილი იქნას საპროცესო შეთანხმება და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.

დაკავების მოტივად დასახელდა ის, რომ თქვენ ეწეოდით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობას. ამ ბრალდების მიხედვით, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდით?

სიმონ კილაძე: მითითებულია, რომ დამაკავეს ჯაშუშობის ბრალდებით, მაგრამ, რეალური მიზეზი სულ სხვა რამეში მდგომარეობდა. ჩემს ბრალდებაში და შემდეგ განაჩენში მითითებული არაა, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ვჯაშუშობდი, რომელ ქვეყანას ვაწვდიდი საიდუმლო ინფორმაციას. სხვათაშორის, არც სასამართლოს განაჩენში არაა დადგენილი რომელი ქვეყანა იყო ეს. ვერც სასამრთლომ და ვერც გამოძიებამ ვერ დაადგინა, რომელი ქვეყნის ჯაშუში ვიყავი. ეს უპრეცედნტო შემთხვევაა, ასეთი მძიმე ბრალდების დროს.

რეალურად თქვენი დაკავების მიზეზი გახდა დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსთან გიორგი არველაძესთან?

- პრეზიდენტის ადამინისტრაციაში ვმუშაობდი, ჩემი მთავარი მოვალეობა იყო უცხოური და ქართული მასმედიის მიმოხილვა და ანალიზი. რასაკვირველია ვაკეთებდი როგორც კარგი მასალების, ასევე კრიტიკული მასალების ანალიზს. შემდეგ ამას ვაგზავნიდი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ამერიკის საელჩოში. ეს იყო ლეგალური მოქმედება. არაფერი საიდუმლო ამაში არ იყო.

დაშვება გქონდათ საიდუმლო სამსახურთან?

- ჩემთან არავითარი საიდუმლო დოკუმენტი თუ მასალა არ ინახებოდა. ჩემი საქმე შეკერეს თეთრი ძაფით, თითიდან გამოწოვილი ცრუ ბრალდებით. საზოგადოება მოატყუეს, პიარი გაიკეთეს, ხალხი დაშოკეს და წინა ტრაგიკული ამბები გადაფარეს. მართლაც სენსაციური და შოკისმომგვრელი იყო ეს ფაქტი, აბა, ყოველდღე ხომ არ იჭერენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარ მრჩეველს.

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სახელმწიფო უწყებებში ყველაზე ღია სტრუქტურული ერთეულია და იქ არავითარი საიდუმლო დოკუმენტი და კონფიდენციალური მასალები არაა. როცა კრიტიკული პრესის ანალიზს ვავრცელებდი, ზოგიერთებს არ მოსწონდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გრძნობდით, რომ მათ არ აწყობდათ კრიტიკული მასალების ანალიზი?

- გარკვეულწილად ვგრძნობდი. ერთი-ორჯერ მიმახვედრეს. მაგრამ მე ამას ვაკეთებდი იმიტომ, რომ ეს ჩემი მოვალეობა იყო. მეორეც, მე უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი და ვიცოდი, რომ რამე უკანონო ქმედებას არ ჩავდიოდი.

კონკრეტულად ვინ მიგახვედრათ, რომ ეს არ იყო საჭირო?

- იყო მომენტი, მეუბნებოდნენ, რომ ასეთი მასალების ანალიზი არაა საჭირო და ამისთვის თავი უნდა დამენებებინა. გარდა ამისა, მე გარკვეულწილად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას გარკვეული შეცდომების გამო და ამას ზოგჯერ ხმამაღლაც ვამბობდი. ჩემმა ასეთმა პოზიციამ შექმნა ის ფონი, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებისთვის არასაიმედო გავხდი. იმ დროს დაიღუპა სანდრო გირგვლიანი, ხელისუფლებისთვის უარყოფითი ფონი შეიქმნა. ამის მერე მოხდა ციხის ბუნტი, ამ ორმა ფაქტმა გამოიწვია საზოგადოების აღელვება. ტემპერეტურა მატულობდა, როგორ უნდა გადაეფარათ საზოგადოების მღელვარება? ამ დროს მოიფიქრეს ჩემი დაპატიმრება, რადგანაც მე მათთვის არასასურველი პიროვნება ვიყავი. ამგვარი მოქმედებით ხელისუფლებამ გადაფარა მათთვის არასასიამოვნო და უარყოფითი ფაქტები. ჩემი დაკავების შემდეგ ტელევიზიით სულ ჩემზე ლაპარაკობდნენ. იმდენი პიარი გაუკეთეს ჩემს დაკავებას, რომ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ვიყავი. სხვათაშორის ამ ხერხს იყენებდა გერმანიის ფაშისტური ხელისუფლება.

გიორგი არველაძესთან დაპირისპირებული იყავით?

- ვერ ვიტყვი, რომ არველაძესთან დაპირისპირებული ვიყავი. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. დაპირისპირება მე მასთან არ მქონია. მაგარამ ის დაარწმუნეს, რომ მე არასაიმედო პიროვნება ვიყავი და უნდა გაეწირათ ჩემი პიროვნება, რომ სხვა მათთვის არასასიამოვნო ფაქტები გადაეფარათ. ამიტომაც არველაძეც დათანხმდა, ის იყო ხელისუფლების წარმომადგენელი და ვერ წავიდოდა ვერც ვანო მერაბიშვილის და ვერც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. პრესკონფერენციაზე ისეთი სიტყვები წარმოთქვა ჩემს მიმართ, რომ თითქოსდა, ქვეყნის დამაქცევარი და გამანადგურებელი ვიყავი. ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. არსად ასეთი არ მომხდა, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთ-ერთი სახელმწიფო მოსამსახურის დაკავების ფაქტზე, პრეზიდენტს, შს მინისტრს, ადმინისტრაციისა და კონტრდაზვერვის უფროსს, ერთად გაეკეთებინათ კომენტარი. იმდენად იყო ხელისუფლება დაინტერესებული გირგვლიანისა და ციხის ბუნტის გადაფარვით, რომ აი ამხელა პიარი გააკეთეს.

ითხოვდნენ თქვენგან ამ დანაშაულის აღიარებას?

- როცა ადამინს აპატიმრებენ, იქ გარკვეული ბრალდებაც და გარკვეული მითხოვნაც არის. როგორც კი დამაპატიმრეს, მითხრეს, რომ საჭირო იყო მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული, ანუ ისეთი დანაშაული, რომელიც მათ უნდოდათ. ჩემი პერსონალური კომპიუტერი ღია მქონდა, შევიდნენ ჩემს კომპიუტერში და იქიდან ამოიღეს ჩემი ანალიტიკური მასალები, წინ დამიდეს და მითხრეს, შენ ასეთ რაღაცეებს რომ ავრცელებდი ეს დანაშაულიაო. რასაკვირველია, ვუთხარი, რომ ეს პრესის მასალებია, მაგარამ მითხრეს, რომ თუ მე არ ვაღიარებდი იმ ბრალდებას, რაც წარმოდგენილი იყო ჩემს მიმართ, ჩემი საქმე ცუდად წავიდოდა. რასაკვირველია, მე უარი განვაცხადე. ვფიქრობდი, რომ ჩემი სიმართლე არ დაიკარგებოდა. იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ გულის შეტევით საავადმყოფოში გადამიყვანეს და ერთი კვირა ვიწექი.

არ გეუბნებოდნენ რომელი ქვეყნის ჯაშუშობა უნდა გეღიარებინათ?

- კონკრეტულად არ უთქვიათ რომელი ქვეყნის ჯაშუშობა უნდა მეღიარებინა, რადგანაც მე სააკაშვილის ყაზანში ვიზიტის დროს თან ვახლდი, მინიშნება იყო, რომ რუსეთის სასარგებლოდ უნდა მეღიარებინა ჯაშუშობა. მე თუ ოფიციალურად დამაბრალებდნენ რუსეთის აგენტობას, ამას მოჰყვებოდა დიპლომატური გართულება, რადგან რუსეთი მოითხოვდა მტკიცებულებების წარდგენას, რომ მე მართლაც მათი „ჯაშუში“ ვიყავი. ბუნებრივია, საქართველოს არავითარი მტკიცებულება არ გააჩნდა, ვერანაირ დოკუმენტს ვერ წარადგენდა ჩემს აგენტონაზე, ამიტომაც დუმილი არჩიეს. ამიტომაც არაა მითითებული არსად, რომელი სახელმწიფოს აგენტობას მაბრალებდნენ. შესაბამისად, ბრალდება და გამოტანილი განაჩენი უპრეცედენტოდ კურიოზულია.

გარდა ამისა, ბრალდებაში ჩაწერილია პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ ცნობების გავრცელება და უცხო დაუდგენელი პირებისთვის გადაცემა. ესეც კურიოზული ბრალდებაა, რადგან ვიზიტის წინ პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლები პრესსამსახურის თანამშრომლებს სპეციალურად გვაძლევდნენ ჟურნალისტებში გასავრცელებელ პატარა ბროშურებს (ვიზიტის პტოგრამას), სადაც დეტალურად იყო გადმოცემული ვის ხვდებოდა პრეზიდენტი, რომელ საათზე, რაზე ისაუბრებენ, რომელ სასტუმროში იძინებს და რომელ რესტორანში ვახშმობს. აი, ეს ჩათვალეს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებად. არადა, ეს ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა იყო გამევრცელებინა პრეზიდენტისა თუ სხვა პირების ვიზიტის ღია მასალები.

მაგრამ, ჩვენ ვიხილეთ თქვენი აღიარებითი ჩვენება...

- ჩაუდენელი დანაშაული მაღიარებინეს. მათ დამიწერეს ჩვენება და წამაკითხეს მონიტორის წინ.

მუქრის ფონზე მოგიხდათ, ამ დაწერილი ჩვენების წაკითხვა?

- რასაკვირველია, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. რამდენიმე დღის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ უნდა მეღიარებინა ჯაშუშობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი საქმე ცუდად წავაო მეუბნებოდნენ. როდესაც შემიყვანეს კონტრდაზვერვის დეპარტამებტის უფროსის გენერალ შალვა ჟღენტის კაბინეტში, მან კიდევ ერთხელ მითხრა, რომ უნდა მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული. ბოლოს, გამოიყენა უკიდურესი საშუალება ჩემს მიმართ, ჩაწერილი ჰქონდა კომპიუტერში, როგორ მივდიოდი მე სამსახურში და ასევე მაჩვენეს ვიდეო-კადრები როგორ უთვალთვალებდნენ ჩემი ოჯახის წევრებს. მითხრა, შენი თავი თუ არ გენანება, შენი ცოლ-შვილი მაინც შეიბრალეო.

ამის მერე, უკვე მივხვდი რისი ჩამდენები იყვნენ. ვიცოდი, რომ მართლაც გააკეთებდნენ იმას ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რითაც დამემუქრნენ. დღე და ღამე არ მეძინა, ჩემს გამო შეიძლებოდა რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი, ან ჩემი ახლობლები დაზარალებულიყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ იძულებული გავხდი, მათი ზეწოლის შედეგად მეღიარებინა ის აბსურდული და ჩაუდენელი დანაშაული, რომელიც მე ჩადენილი არ მქონდა. აი ასე მოხდა ეს აღიარება. რა თქმა უნდა, ვისაც ასეთი წუთები არ აქვს განცდილი, მათთვის ეს არაფერია, მაგრამ როცა ოთხ კედელშუა ხარ მოქცეული და შენს თანხმობაზეა დამოკიდებული ოჯახის წევრების ბედი, ძალიან ძნელია.

თქვენ ხართ პირველი ადამიანი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა და გაათავისუფლა კიდეც. როდესაც გაგათავისუფლეს არცადეთ გარკვევა, რატომ დაგაკავეს ამ ბრალდებით?

- როგორც კი გამოვედი ციხიდან, მაშინვე დავიწყე ბრძოლა ჩემი უფლებების დასაცავად, მაგარამ მოგეხსენებათ, რომ ნაციონალთა ხელისუფლების დროს არავითარი საჩივარი სამართლებლივი თვალსაზრისით არ მიიღებოდა იმიტომ, რომ მათ ასე სურდათ. მე ვიბრძოდი ჩემი უფლებების აღსადგენად. მაგრამ, იმ პერიოდში არ მოხერხდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. განიხილეს ჩემი საჩივარი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს კანონი, რომელიც მსგავსი საქმეების გადახედვას და ხელახალ გამოძიებას უზრუნველყოფს.

ჩემს საქმეში პირდაპირ ფიგურირებენ ქვეყნის უმაღლესი თამამდებობის პირები, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიორგი არველაძე და შალვა ჟღენტი. ამათ გარდა უნდა დაისაჯოს ის პროკურორი და გამომძიებელი, რომლებსაც მათ დაავალეს საქმის შეკერვა. იმდენი დანაშაული ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ, რომ ყველა პროკურორის და გამომძიებლის დაკავება გამოიწვევს ქვეყნის სამართლდაცვით სისტემის კოლაფსს. ხელისუფლება რატომღაც აჭიანურებს რეაბილიტაციის პროცესს, არ ვიცი რა არის ამაში ჩადებული, არ უნდათ თუ რა ხდება.

ვეძებდი ჩემი საქმის პროკურორს ლელა გელაშვილს, რომელმაც ჩემი საქმე შეკერა. მინდოდა მენახა და ადამიანურად დავლაპარაკებოდი, რატომ შეკერა ეს საქმე, ვინ დავაალა. ახლა ამბობენ, რომ ვაპატიოთო, ისინი სისტემის მსხვერპლი იყვნენო. აბა მე ვინ ვიყავი? ჩემი გათანაბრება იმათთან როგორ შეიძლება? ისინი საქმეებს კერავდნენ და უნდა ეპატიოს ეს დანაშაული, ასე არ გამოვა. ეს ჩემი აზრით მცდარი დებულებაა. თუ სისტემის მსხვერპლი იყვნენ, გამოვიდნენ და მოინანიონ ჩადენილი ცოდვები. საზოგადოება თავად გადაწყვეტს, აპატიოს თუ არა.