რუსეთი მზადა არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის. ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სწორედ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სი ძინპინმა მსოფლიოს აუწყა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან დიპლომატიურ დონეზე მოლაპარაკებისთვის. როგორც ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, პუტინმა ჩინელ კოლეგას უკრაინის საკითხის ისტორია გააცნო და სპეცოპერაციის მიმდინარეობის ვითარებაც მიაწოდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ და ნატო დიდი ხანია უგულებელყოფენ რუსეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების შესახებ, არაერთხელ დაარღვიეს თავიანთი ვალდებულებები და განაგრძეს ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით. რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. თუმცა პარალელურად, რუსეთი აგრძელებს საომარ მოქმედებას უკრაინის ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ სანამ ჩინეთი მსოფლიოს აცნობებდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებისთვის მზად იყო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა და გამოაცხადა მზადყოფნა, განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლები მთელ უკრაინაში მიმდინარეობს. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ხალხის სიკვდილის შესაჩერებლად“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
მოლაპარაკებებისთვის მზად არის რუსეთი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მზად არის მოსმენისთვის. კრემლში აცხადებენ, რომ ნეიტრალიტეტის შესახებ გზავნილი პოზიტივისკენ სვლა არის, თუმცა რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ზელენსკიმ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, რადგან გარანტიები პუტინის მხრიდან ჯერ კიდევ დეკემბერში იყო შეთავაზებული. სერგეი ლავროვის განცხადებით, მაშინ უკრაინა, დასავლეთის მსგავსად, არჩევანის უფლებასა და ევროინტეგრაციაზე საუბრობდა. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ ზელენსკი იტყუება, როცა ამბობს რომ მზადაა განიხილოს ნეიტრალიტეტის სტატუსი.
„ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნებისმიერი ვარიანტი. ამ საკითხზე პრეზიდენტმა პუტინმა მაკრონთანაც ისაუბრა. პრეზიდენტმა პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ ნატოს გაფართოება მისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ჩვენ გვსურს საერთო მოლაპარაკებები და საერთო ძალისხმევა მოვძებნოთ, მათ შორის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთი ვარიანტები, რომელიც იქნება შემდგომი გარანტია რუსეთისთვის, ევროპისთვის და უკრაინისთვის. ჩვენი ინიციატივები უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მიმართულია იმ გარანტიების ძებნაზე, რომელიც შეეხება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს, უპირველეს ყოვლისა კი ნატოს.
ამიტომ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად ცნობილია. რაც შეეხება უკრაინელების სურვილებს, რომლებსაც აქაც სურთ და იქაც სურთ - ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს პრეზიდენტი პუტინი მოუწოდებდა ალიანსს 3-ჯერ ეფიქრათ, ვიდრე სიამაყით ჩაწერდნენ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ჩინეთის ჩართულობით, უკრაინა და რუსეთი შეხვედრისთვის მზად არიან, პარალელურად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. ასევე, ევროკავშირმა სანქციების სიაში ვლადიმერ პუტინი და მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედების ფონზე, ყველაზე საყურადღებოა ჩინეთის ჩართვა, რომელმაც პირდაპირი მხარდაჭერა არც ერთ ეტაპაზე არ გამოუცხადა რუსეთს, მხარი არ დაუჭირა ამ კონფლიქტს და ხაზს უსვამდა იმას, რომ გაუგებრობა მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ახლაც დიპლომატიური გზისკენ რუსეთს სწორედ ჩინეთმა უბიძგა.
„თუ ეს მოლაპარალება შედგა, აქ რუსეთის ინტერესები არ აღმოჩნდება ბოლომდე დაკმაყოფილებული. რუსეთს სურს ხელისუფლების შეცვლა უკრაინაში. ანუ, ჯერ ამ მიზნებისთვის არა თუ არ მიუღწევია, არამედ შორს არის. თუ ამ მიზნებიდან დაშორების მიუხედავად რუსეთი წავიდა მოლაპარაკებაზე, სავარაუდოა, რომ მასზე ვიღაცამ მოახდინა გავლენა. სავარაუდოა, რომ გავლენის მომხდენი ისევ და ისევ ჩინეთია, რადგან რუსეთი ყველაზე სერიოზულ ანგარიშს სწორედ ჩინეთს უწევს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ზელენსკის შეთავაზებას უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ, პოლიტოლოგის განცხადებით, ნეიტრალიტეტზე საუბარი და დათანხმდება შედეგია უკრაინისთვის, ისევე როგორც რუსეთისთვის.
„ასეთ შემთხვევაში შეჩერდება სანქციებიც და არ არის გამოირცხული, რომ დაწესებული დიდი სანქციების გამო რუსეთი წაყვეს ამ მიმართულებას, რასაც ჰქვია ნეიტრალიტეტი. მაგრამ რაც შეეხება შორეულ შედეგებს, საუბარი ძნელია. ფინეთი ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ დღეს ნატო-ში გაწევრიანება უნდა. ყველაფერი მოწყობილია საიმისოდ, რომ მას აღარ დასჭირდეს საგზაო რუკის მომზადება, რაც ნატოს გაწევრიანების პირობად აქვს დაყენებული.
ორივე მხარეს თავისი ინტერესი აქვს ამ მოლაპარაკების შედეგიანობასთან დაკავშირებით. ზელენსკისთვის ეს არის ქვეყნის ფიზიკური გადარჩენა, პუტინისთვის ქვეყნის ფინანსური გადარჩენის შესაძლებლობა. ამიტომ, ალბათ, ორივე მხარე დაინტერესებული იქნება ოპერატიულ ნაბიჯებში. ვხედავთ, ყოველდღიურად იცვლება როგორც სამხედრო სიტუაცია უკრაინაში, ისე ეკონომიკური სიტუაცია რუსეთში. ამიტომ, ეცდებიან ოპერატიულობას, მაგრამ შეიძლება არ გამოვიდეს ოპერატიულობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ჩართულობას, რომელიც დღეს წარმოადგენს გეოპოლიტიკურ პოლუსს, შესაბამისად, ამ პროცესში ჩინეთის უგულებელყოფა არის შეუძლებელი. მით უმეტეს, რომ აშკარაა გარკვეული შეთანხმებული მოქმედება რომელსაც ახორციელებენ რუსეთი და ჩინეთი.
„სულ ვამბობდი, რომ ოლიმპიადის შემდეგ ჩინეთი გააქტიურდებოდა ტაივანის მიმართულებით. ორივე მხარეს აწყობს კოორდინირებული მოქმედებები. ეს არის ერთგვარი ალიანსი და ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს მომავალში. ჩინეთმა თავისი ფლოტის ნაწილი შეიყვანა ტაივანის მისადგომებთან. მანევრია, თუ რეალური საომარი მოქმედების განხორციელება, ეს ცალკე საკითხი, მაგრამ აშკარაა, რაც ხდება და ამას ყველა ვხედავთ. ის, რომ ჩინეთმა გაახმოვანა შეხვედრის შესახებ, ეს აშკარად ამ კოორდინირებული მოქმედებების მანიშნებელია“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რაც შეეხება უკრანის ნეიტრლაიტეტს, რაც რუსეთ-უკრაინის შორის მოლაპარაკების მთავარი საკითხია, სოსო მანჯავიძის განცხადებით, ნეიტრალიტეტი არ არის მარტო ერთი ქვეყნის სურვილი.
„ნეიტრალიტეტი არის ის, როდესაც დაპირისპირებული ძალები თანხმდებიან. დაიპირისპირება ვის შორის მიმდინარეობს, ეს მე მგონია, რომ საიდუმლო არ არის. დაპირისპირება მიმდინარეობს კოლექტიურ დასავლეთს, რუსეთსა და ბელარუსს შორის. შესაბამისად, მოდით ვთქვათ - უკრაინას თავისი სუბიექტურობა არ აქვს, ეს არის პროექტი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია. რაც შეეხება ნეიტრალიტეტის შესახებ მოლაპარაკებებს, ძნელად წარმომიდგენია ასეთი ტიპის მოლაპარაკებები, იმის შემდეგ რაც ხდება დღეს უკრაინაში. თუ ეს მოლაპარაკება შედგა, რუსეთი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ თუ არ იქნა სერიოზული შუამავლობა და გარანტიები დასავლეთის მხრიდან, მაშინ რა ხდება? ამ მოლაპარაკებების განხორციელების გარანტორი ვინ იქნება?
არ სრულდება მინსკის ხელშეკრულება, ვინც ხელი მოაწერა - პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება ღალატის მუხლით არის დაწყებული. გარდა ამისა, მოლაპარალების პროცესში მთელი რიგი საკითხები წარმოჭრება, რომელსაც ზელენსკი ხელს ვერ მოაწერს ელემენტარულად, იმიტომ რომ მას არ ემორჩილებიან ის ძალები, რომლებიც არიან ძირითადი ავტორები - ეს არის უკრაინის თავდაცვის ძალები, ასევე ის ბატალიონები რომლებიც უკრაინელი ნაციონალებისგან შედგებიან. ანუ რადიკალურად დაპირისპირებული სიტუაციაა და ძალიან რთულია საუბარი... უხლოესი დღეები გვაჩვენებს რა მოხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ ამ პროცესში ჩინეთის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ ახლა მიმდინარეობს სფერობის გადანაწილება და ამ პროცესში მთავარი სახელმწიფოები არიან - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი და შესაძლოა - ინდოეთიც. რაც შეეხება მოლაპარაკების თემას - უკრაინის ნეიტრალიტეტს, პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთი თანახმა იყო ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ახლა შეიძლება უფრო შორს წავიდეს, არ დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და უკრაინისგან მოითხოვოს იყოს მკვეთრად გამოკვეთილი რუსეთის სატელიტი ქვეყანა.
„რუსეთი ჩინეთთან ისე არ მოიქცევა, როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში იქცევა. ჩემი აზრით დათანხმდება ჩინეთის მედიატორობას და გატარდება რუსეთის ინტერესები. დღევანდელ გლობალურ სამყაროში თავისი ინტერესი აქვს ჩინეთსაც. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ცნობილი ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში მედიატორსაც აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ ვაკვირდებით ახალი მსფოლიო წესრიგის ფორმირების პროცესს. ამ კონტექსტში უნდა გავნიხილოთ აბსოლუტურად ყველაფერი. მსოფლიო წესრგიში დიდი სახელმწიფოები ინაწილებენ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.