ოპტიმალური ვარიანტები

ოპტიმალური ვარიანტები

“პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ როგორც ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა, თვალყურს ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობ, საკუთარი შეფასებები მქონდეს იმაზე, რა ხდება და რაც შეიძლება მოხდეს.

შექმნილ სიტუაციაში ოპტიმალური ვარიანტია, უკრაინამ რაც შეიძლება დიდხანს გაუძლოს რუსეთის სამხედრო მანქანის დაწოლას. ომის გაჭიანურება კრემლის გეგმებში არ შედის. ეს, ერთდროულად, უზარმაზარ ხარჯებთან და მსხვერპლთანაა დაკავშირებული. პირველი ორი დღის განმავლობაში რუსეთის არმიის დანაკარგები საკმაოდ მასშტაბურია და იოლი წარმოსადგენია, რა იქნება შემდეგ. ამას გარდუვალად მოჰყვება მასშტაბური პროტესტის აგორება რუსული საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, მათ შორის, ე.წ. ელიტაში. თავს ვერ მოვიტყუებთ, - მისი მასშტაბი სერიოზულად ვერ შეარყევს პუტინის რეჟიმს, მაგრამ, პარალელურად მოქმედ ფაქტორებთან ერთად, შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს მის საომარ პათოსზე.

სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩიხური და უაღრესად ფეთქებადსაშიში. ვფიქრობ, იგი ბევრად უფრო მწვავეა,ვიდრე 1962 წლის შემოდგომაზე, ე.წ. კარიბის კრიზისის დროს, როცა პლანეტას საათებიღა აშორებდა ბირთვული კატასტროფისგან. რუსეთი, ცხადია, დასახულ გეგმაზე ხელს არ აიღებს. ვინც ამ ქვეყნის ისტორიას იცნობს, მას დამატებითი არგუმენტები არ სჭირდება დასარწმუნებლად. უკიდეგანო იმპერიული ამბიციები და პიროვნული კომპლექსი პუტინს შესაძლებლობას არ აძლევს, რაციონალურად მიუდგეს საკითხს. ხალხის ინტერესებზე მაღლა მისთვის მუნდირის ღირსება დგას, რის გამოც უკან არ დაიხევს და არც პირველი გადადგამს ნაბიჯს გორდიას კვანძის გასახსნელად. სხვა საქმეა, თუ ინიციატივას მოპირდაპირე მხარე (ამ შემთხვევაში - დასავლეთი) იკისრებს და თან ისეთი ფორმით შესთავაზებს, რაც რუსეთს სახის შენარჩუნების შანსს დაუტოვებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და შეთანხმების მიღწევა.

რა პირობებში შეიძლება ველოდოთ მოვლენათა ამგვარ განვითარებას?

რასაც ახლა დავწერ, შეიძლება ვინმეს ფანტაზიორობად მოეჩვენოს, მაგრამ მსოფლიოს წინაშე დღეს არსებული ეგზისტენციალური საფრთხე იმდენად მასშტაბურია, შეიძლება არარეალურიც რეალობად იქცეს. რა მასშტაბის შანტაჟისტთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, რუსეთის მმართველი ელიტა თვითმკვლელებისგან არ შედგება. დაგროვილი ნაძარცვი მათ პირადი სიამოვნებისთვის სჭირდებათ და არა ზემტკიცე ატომურ ბუნკერებში გამოსაკეტად. რაც უნდა რიხი ისმოდეს პუტინის რიტორიკაში დღეს, ხვალ ის მაინც აღმოჩნდება “იმერული ესკიზების” პერსონაჟის, კუბოსთან ჩამუხლული მოხუცი პოლიკარპეს მდგომარეობაში, რომელსაც ვაი-ვაის ძახილი მობეზრდა და ჩუმად აპარებს თვალს ჭირის დღის თავიკაცებისკენ, ეგებ რომელიმეს გავახსენდე და ტირილი შემაწყვეტინოს.

თავის მხრივ, უფრო ცივილიზებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დასავლელი ლიდერებიც უნდა იყონ მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ოღონდ, ცხადია, მათაც სჭირდებათ სახის შენარჩუნება. ერთი სიტყვით, საკითხის გადაჭრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ორივე მხარისათვის იგი მსოფლიოს თვალში გონივრულ კომპრომისად მოინათლება და არა უკან დახევად.

რა შეიძლება შესთავაზოს დასავლეთმა რუსეთს კონფლიქტის მოგვარების ამოსავალ წერტილად?

ვფიქრობ, ეს უნდა იყოს კოსოვოს აღიარების უკან გაწვევა, რაც თავის დროზე უაღრესად საშიში პრეცედენტი იყო და ნამდვილად ვერ ჩაეთვლება აქტივში დასავლურ დიპლომატიას. ამ დათმობის საპირწონედ რუსეთმაც უნდა წაიღოს უკან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ამ “რესპუბლიკებიდან”.

სრულიად რეალურად მიმაჩნია შეთანხმების მიღწევა ყოფილ არაღიარებულ რეგიონებთან დაკავშირებულ მეორე საკითხზეც. მათი უმტკივნეულო რეინტეგრაციისა და მოსალოდნელ გართულებათა პრევენციის მიზნით დასავლეთი და რუსეთი შეიძლება შეთანხმდნენ (სერბეთის, უკრაინისა და საქართველოს მთავრობათა ჩართულობით), რომ გარკვეული დროის განმავლობაში (სიტყვაზე, ხუთი წლით) მათი სამშვიდობო ძალები ერთობლივად განახორციელებენ კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებენ აღნიშნულ რეგიონებს.

მომავალში კონფლიქტების პრევენციის მიზნით, ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც საფუძვლად დაედება საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპებს თანამედროვე ეტაპზე.  შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი სფერო - ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის, კიბერდანაშაულის და ა.შ. წინააღმდეგ, რაც ერთნაირად შედის ყველას ინტერესებში. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული მომავლის მსოფლიოში სახელმწიფოთა საზღვრების გადაუსინჯაობის პრინციპი, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერ მძიმე ეთნიკური დანაშაულის (გენოციდის) ჩადენის შემთხვევაშიც. არადემოკრატიული რეჟიმების დასჯას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ამ ქვეყნის საზღვრების გადასინჯვა და დაჩაგრული ეთნოსების წახალისება მათთვის სახელმწიფოებრივი სტატუსის მინიჭებით!

კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკითხი - ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს, რომ ხელმომწერი მხარეები შეინარჩუნებენ არსებულ სტატუს ქვოს და არ მოხდება დღეისათვის არსებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების გაფართოება მათში ახალი წევრების ჩართვით. ამ საკითხში თანხმობის მიღწევის გარეშე სტაბილურობის დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობებში ძნელი წარმოსადგენია.

მესმის, რომ ეს საკამათო და პრობლემატური საკითხია, მაგრამ ზემოთ განხილული თეზისების ფონზე მისი განხორციელება არც იმდენად რთული იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს”.

ილია “პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ" - ნამდვილად, გეთანხმებით.
2 წლის უკან
trampi სურვლები კეთილ ზღაპარში
2 წლის უკან