„გუშინ მქონდა ჩართვა უკრაინულ ტელევიზიასთან და უკრაინელებმაც მომაწოდეს საინტერესო ინფორმაცია: გუდაუთის სამხედრო ბაზიდან მოხდა საბრძოლო ტანკების გადაადგილება გაურკვეველი მიმართულებით, რომლებიც მოყვანილი იყვნენ საბრძოლო ფორმატში. შესაბამისად, მათ აინტერესებდათ, რასთან იყო ეს დაკავშირებული. საერთოდ, მეშვიდე და მეოთხე ბაზა, ეს არ არის უკრაინასთან მიბმული, მათი ძირითადი ბმა არის საქართველოსთან. საინტერესოა, ეს საბრძოლოდ ტექნიკა სად წავიდა?“ - ამბობს For.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სასაზღვრო პატრული, საგუშაგოები. მათ თავს ესხმოდნენ არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ თავდასხმა ასევე მოხდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდანაც. რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ დღეს?
- სიტუაცია არის საკმაოდ რთული და რაიმე პროგნოზის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან პუტინმა უკვე დაიწყო ომი, პირდაპირ სამხედრო აგრესია. დიდი ალბათობაა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ განახორციელოს სარაკეტო დაბომბვა, უკრაინის საზღვაო აკვატორიაში მყოფი უკრაინულ სამხედრო ბაზებზე, კასპიის ზღვიდან.
დასავლეთი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს აამოქმედებს, ისეთს, როგორიც აქამდე, ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. სანქციების გარდა, დამატებით რა ბერკეტები გააჩნია დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ?
- პუტინმა გააკეთა საკმაოდ ვერაგული სვლა სამხედრო ოპერატიული მიმართულებით. მან კიევში განახორციელა ბორისპოლისა ლვოვის აეროპორტების დაბომბა, საიდანაც პირდაპირ მიედინებოდა დასავლეთის სამხედრო დახმარება. ეს იმისთვის, რომ დასავლეთს შეეჩერებინა სამხედრო ტექნიკის და იარაღის გადასროლა უკრაინაში.
ამასთან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა გაანადგურა ოჩაკოვაში, ბრიტანელების და ამერიკელების მიერ დაარსებული სამხედრო ბაზა, რომელსაც ბუნებრივია, უკრაინელები აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს იყო მოწყობილი სწორედ ნატო-ს სტანდარტების მიხედვით. ბაზა განადგურებულია, როგორც ჩანს, ეს პუტინის მთავარი დარტყმის ობიექტი იყო. ასევე განადგურებულია ბაირახტარების დისლოკაციის ადგილი.
რუსეთი, ფაქტობრივად, ცდილობს, რომ მოახდინოს უკრაინის სრული იზოლაცია და მას დასავლეთის სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს. დასავლეთი უკვე უნდა გადავიდეს რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკადაზე. დასვლეთმა გარკვეულწილად, უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. პუტინი იმდენად გავერანებულია, რომ ის მოსახლეობაზე გადავა. თუ დღეს განახორციელა ზუსტი დარტყმები უკრაინის სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე, შემდგომში პუტინმა შესაძლოა, მშვიდობიან მოსახლეობასაც შეუტიოს და გამოიწვიოს მოსახლეობის მასობრივი დაბომბვები, განადგურება.
ამასთან, ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მდგრადობაზე, უკრაინის ხელისუფლება რამდენად შეძლებს გამოვიდეს შოკიდან, იმ ეფექტიდან, რაც რუსეთმა შეუქმნა და დროზე მიიღოს ადეკვატური რეაგირება, არ მოახდინოს სააკაშვილის მსგავსად სრული დემორალიზაცია, - როდესაც სამ დღეში უკვე მთელი ხელისუფლება იყო პარალიზებული, დემორალიზებული და მაშინვე მოაწერეს ხელი კაპიტულანტურ ხელშეკრულებას. თუ დასავლეთის მხრიდან დროული ჩართვა არ მოხდება, რომ გავერანებული პუტინი შეაჩერონ, შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ სერიოზული, ევროპის ქვეყნების ჰუმანიტარული კატასტროფა.
თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაძლებს დღეს უკრაინა ამ პირობებში?
- უკვე დაიწყო ფსიქოლოგიური ომი, ანუ დეზინფორმაციული ომი უკვე გადავიდა მაღალ ფაზაში. უკრაინა უნდა მომზადებულიყო ფსიქოლოგიური ომისათვის და საინფორმაციო საშუალებები გადაეყვანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში.
საქართველოს კონტექსტშიც, რომ განვიხილოთ. მახსოვს, ჩვენთან ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თუკი დღეს რუსეთს უკრაინაში შეჭრა შერჩება, ხვალ შესაძლოა, ჯერი ჩვენზე მიდგეს. არსებულ, რთულ ვითარებაში, რა საფრთხის წინაშე ვართ?
- უკრაინის მოვლენების ფონზე, ეს ყველაფერი არანაკლებ შემაშფოთებელია საქართველისთვის. ძალიან სახიფათო იყო ის, რაც მოხდა 21-22 თებერვალს, - საუბარი მაქვს იმ ფაქტზე, როდესაც ალიევი ჩავიდა მოსკოვში და ხელი მოაწერა სამოკავშირეო დეკლარაციას, სადაც დე-ფაქტოდ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა გააფორმეს სამხედრო ორმხრივი კავშირის მსგავსი ხელშეკრულება.
გამოდის, რომ საქართველო აღმოჩნდა სრულ გარემოცვაში, სომხეთი არის რუსეთის სამხედრო მოკავშირე, უკვე აზერბაიჯანიც გადავიდა რუსეთთან სამოკავშირეო თანამშრომლობის პრინციპებზე. ასევე გაურკვეველია, თურქეთის როლი და ადგილი. დღეს თურქეთი რა პოზიციას დაიკავებს, ესეც გაურკვეველია. ჩავთვალოთ, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ფარულ ალიანსს აქვს ადგილი, სტრატეგიული გარემო ჩვენს ირგვლივ არის ძალიან შემაშფოთებელი, იგივენაირად, რაც 1921 წლის იანვარ-თებერვალში იყო, ფაქტობრივად, აღმოვჩნით ალყაშემორტყმული.
ვიცით, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი შერჩა კრემლს, შემდეგ 2014 წელს უკრაინასთან. დღეს კი, 2022 წელს რუსეთმა კვლავ გაბედა და უკრაინას თავს დაესხა. ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთის რეაქცია ამ ყველაფერზე არ არის საკმარისი?
- რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. დასავლეთის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ამერიკა და ბრიტანეთი ბოლო პერიოდში, უფრო გააქტიურდნენ და გადადგეს ნაბიჯი უკრაინასთან დაკავშირებით. ევროკაავშირის ქვეყნებმა ცალ-ცალკე დაიწყეს სანქციების დაწესება. სიტუაცია ძალიან მაგონებს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას, დასავლეთმა იმდენჯერ შეარჩინა ჰიტლერს ყველაფერი, ბოლოს ჰიტლერმა მსოფლიო ომი გამოაცხადა.
ვართ დღეს მორიგი მსოფლიო ომის დაწყების საშიშროების წინაშე?
- ომი, როგორიც მეოცე საუკუნეში იყო, ასეთი არ იქნება, ყველა საუკუნეს თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ თუ მასშტაბების მიხედვით ავიღებთ, ეს არის მსოფლიოსთვის ომის გამოცხადება, რაც პუტინმა დღეს გააკეთა.