21-ე საუკუნეში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შუაგულ ევროპის კონტინენტზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები გაჩაღდებოდა. სამწუხაროდ, ანალოგიურად არ ბჭობდა ერთი ადამიანი - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. წყალმა წაიღო წამყვანი მსოფლიო პოლიტიკოსების რამდენიმეთვიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები. წერტილი დაესვა ფიქრს - დაიწყება თუ არა? სამწუხაროდ დაიწყო და უკრაინა დღეს ცეცხლის ალშია გახვეული. ქვეყანა იბრძვის, უკან არ იხევს, მაგრამ ამბობენ ძალა აღმართს ხნავსო.
უკრაინაში მიმდინარე საომარი ოპერაციების დინამიკა ყოველ წუთს მყისიერად იცვლება. რასაკვირველია, ვრცელდება არაერთი პროგნოზიც. მაგალითად, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების მტკიცებით, ქვეყნის დედაქალაქი კიევი მოწინააღმდეგეს 96 საათში დანებდება. რეალობაში როგორ მოხდება, ამას სულ მალე ვიხილავთ.
საინტერესოა, რომ რუსული სამხედრო ქვედანაყოფები ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იბრძვიან. დაახლოებით ანალოგიური ყირიმის ოკუპაციის დროსაც დაფიქსირდა. თუ მაშინ მომხდურებს „მწვანე კაცუნებს“ ეძახდნენ, დღევანდელ დამპყრობელებს ალბათ, „თეთრ მეომრებს“ დაარქმევენ. უკრაინას შესეულ რუს სამხედრო მოსამსახურეებს ხელებზე და ფეხებზე თეთრი სახვევები უკეთიათ, საბრძოლო მანქანებს კი ასევე თეთრი ნიშნული „Z“ ამშვენებს.
ყირიმის ანექსიის დროს ვლადიმირ პუტინი ხელებს შლიდა და „ვინ იბრძვის წარმოდგენა არ მაქვსო“ - აცხადებდა. ამჟამად განსხვავებული მდგომარეობაა - უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა. საინტერესოა, რომ რუსული გამოცემის „ნოვაია გაზეტას“ მტკიცებით, პუტინის მიერ უკრაინისათვის ომის გამოცხადების შესახებ ვიდეოგამოსვლა სამი დღის წინ არის ჩაწერილი და ამას ვიდეოს მონაცემების ანალიზი მოწმობს.
თავად ვიდეომიმართვის დროს პუტინმა წარმოუდგენელი ცინიზმი გამოავლინა. „დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შელახვის სურვილს, ისინი დაკავშირებულია თავად რუსეთის დაცვასთან იმათგან, ვინც უკრაინა მძევლად აიყვანეს და ცდილობს გამოიყენოს იგი ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხის წინააღმდეგ“. უფრო „შორს წავიდა“ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი - „რუსეთის მიზანი არა უკრაინის ოკუპაციაა, არამედ მისი სამხედრო პოტენციალის განეიტრალება. უკრაინაზე თავდასხმა მხოლოდ „ეროვნული ინტერესებითა და მომავალზე შფოთვით იყო განპირობებული“.
საინტერესოა თავად რუსეთის მოქალაქეები როგორ უყურებენ მათი პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ახალ სამხედრო ავანტურას. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 73 პროცენტმა პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ოფიციალურ აღიარებას მხარი დაუჭირა.
73 პროცენტი პატარა ციფრი არ არის და ნებისმიერი ადამიანი იფიქრებდა, რომ საკუთარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა. რეალობაში, ალბათ, ასეც გახლავთ, მაგრამ გაჩაღებული ომის პირველივე დღეს რუსეთის მოსახლეობის გარკვეულმა რაოდენობამ პუტინის ეს ნაბიჯი ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტა. სამწუხაროდ, მათი რიცხვი იმდენი არ აღმოჩნდა, რომ რუსეთის მილიტარისტული ხელმძღვანელობისათვის თუნდაც მორალური ზიანი მიეყენებინა.
თავდაპირველად ქვეყნის ქუჩებში მარტოხელა ე.წ. „კამიკაძე“ მანიფესტანტები გამოჩნდნენ, თვითნაკეთი ბანერებით - „არა ომს უკრაინაში“. მათდა სამწუხაროდ სრულიად რუსეთის „მილიცია-პოლიცია“ თავიდანვე მკაცრად ორგანიზებული დაუხვდათ. „წესრიგის დამრღვევებს“ უმალ აპატიმრებდნენ და შესაბამის განყოფილებებში გადაყავდათ.
საღამოს უკვე ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. რუსეთში აკრძალულთა სიაში შეყვანილი „ოვდ - ინფო“-ს ცნობით აქციები რუსეთის ერთდროულად 48 ქალაქში გაიმართა. 21.00 საათის ინფორმაციით დაკავებულთა რიცხვმა 1000 ადამიანს მიაღწია.
მოსკოვში, პუშკინის სახელობის მოედანი პოლიციამ დღის განმავლობაში რკინის ჯებირებით გადაკეტა. ამის მიუხედავად საღამოს 19.00 საათისთვის იქ რამდენიმე ათასი მანიფესტანტი შეიკრიბა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის დედაქალაქში 600-მდე მომიტინგე დააკავეს. სანკტ-პეტერბურგში ამ რიცხვმა 100-ს მიაღწია, პერმში - 50, ტიუმენში 20, ჩელიაბინსკში - 15.
რუსეთის სახალხო პროტესტს არაერთი ცნობილი ადამიანი შეუერთდა. უკრაინაში ომის საწინააღმდეგოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიდან ვალერი მელაძემ, მაქსიმ გალკინმა, ივან ურგანტმა, მუსიკოსებმა იური შევჩუკმა და ზემფირამ გაილაშქრეს. თავის დროზე ლეგენდარული ჯგუფი „აკვარიუმის“ დამაარსებელმა ბორის გრებენშიკოვმა სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ელენა კოვალსკაიამ კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობა დატოვა.
პროტესტს შეუერთდა ქართული ფესვების მქონე ცნობილი მწერალი ბორის აკუნინიც. „24 თებერვალს რუსეთის ისტორიის ახალი, საშინელი ეპოქა დაიწყო. ბოლომდე მჯეროდა, რომ პუტინი ამ სამარცხვინო ომს არ წამოიწყებდა. სამწუხაროდ, შევცდი. ყოველთვის მეგონა, რომ გონება ყოველთვის იმარჯვებს. შევცდი. რუსეთში სიგიჟემ იმარჯვა. იღუპება ხალხი, იღვრება სისხლი. რუსეთს ფსიქიურად არასრულფასოვანი დიქტატორი მართავს, რომელსაც რუსი ერი მორჩილად მიყვება“. - განაცხადა ბორის აკუნინმა.
სამწუხაროდ, ადგილი აქვს განსხვავებულ მოვლენებსაც. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ცნობილმა სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ რუსეთის მოქალაქეობის მიღება მოისურვა. ეს განცხადება სერბმა ქალაქ სოჭში გააკეთა. ვერაფერს იტყვი. მართლაც რომ „შესანიშნავი დრო“ შეარჩია. ალბათ, კომენტარი ზედმეტია.
რუსეთის აგრესია სრულიად მსოფლიომ დაგმო, მაგრამ აღმოჩნდნენ ქვეყნები, რომელთა ხელმძღვანელობასაც საწინააღმდეგო პოზიცია აღმოაჩნდათ. ჩინეთმა 24 თებერვალს უკრაინის კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა და უცხოელი ჟურნალისტის მიერ ნათქვამ სიტყვას „შეჭრა“, როგორც ტერმინს შეეწინააღმდეგა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი NATO-ს „პროვოკაციულმა ქმედებებმა“ გამოიწვია.
უკრაინის დასავლეთ მხარეს ათასობით ლტოლვილი მიაწყდა. გავრცელებული ცნობით, უნგრეთს უკრაინელებისათვის საკუთარი ქვეყანა დაკეტილი აქვს, სამაგიეროდ დევნილებს რუმინეთმა და პოლონეთმა კარი ფართოდ გაუღო.
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. მიუხედავად რუსული მასმედიის მტკიცებისა, რომ უკრაინულ შენაერთებს შემოჭრილების წინააღმდეგ ბრძოლა არ სურს და იარაღს გვერდზე დებენ, რუსულ მხარეს ელვისებური „ბლიცკრიგი“ არ გამოუვიდა. რუსები იმასაც ამტკიცებენ, ქალაქებს ბომბებსა და რაკეტებს არ ვუშენთო, მაგრამ გავრცელებული კადრები საპირისპიროზე მეტყველებს. უკრაინა იბრძვის, უკრაინა არ ნებდება და მეეჭვება ბატონმა პუტინმა საწადელს მალე მიაღწიოს. საკითხავი მაინც სხვა საკითხია. რა გველის ხვალ, რა ახალ რეალობაში აღმოჩნდება მსოფლიო და როგორი იქნება ამ გადანაწილებაში საქართველოს ადგილი?
აი მერე გვექნება ბოლომდე დედა ნატირები