„ნატოს უნდა გავაგებინოთ, რაც უფრო შეეშინდება ჩვენი ნატოში შეყვანა, რუსეთი უფრო მეტს მოითხოვს, პუტინის მუცელი ვერ გაძღება“

„ნატოს უნდა გავაგებინოთ, რაც უფრო შეეშინდება ჩვენი ნატოში შეყვანა, რუსეთი უფრო მეტს მოითხოვს, პუტინის მუცელი ვერ გაძღება“

მას შემდეგ რაც მსოფლიო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ახალი რეალობის წინაშე დადგა, ჩნდება კითხვა რას აპირებს საქართველო და რა საფრთხის წინაშე შეიძლება ჩვენი ქვეყანა დადგეს? ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა უნდა ჩატარდეს და ასევე უშიშრობის საბჭოს სხდომის ჩანიშვნა მოხდეს. ოპოზიციის ამ მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა და მან ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მან უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ მასთან განცხადება შევიდა, რომელზეც ხელს აწერს.

„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობასა და პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობასა თუ ოპოზიციას და მთავრობას - დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება, ძალა ერთობაშია. საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების გაფართოებული საბჭოს სხდომა, ყველამ ერთად გამოვხატოთ, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. ახლა მაცნობეს, რომ ჩემთან შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხიცაა და საჭიროა, საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიქნებით და ვართ მშვიდობიანი მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის, უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„ქართული ოცნება“ ამ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება. გივი მიქანაძის განცხადებით, მათი ფრაქცია რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. მიქანაძემ აღნიშნა, რომ მათ არ სურთ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ „დადგმულ შოუში“ მონაწილეობის მიღება და დაამატა, რომ ამ სხდომის არანაირი საჭიროება არ არსებობს.

„ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. აქვე დავძენთ, რომ სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს. იმაზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს, რომ მათ დღის წესრიგში შესატანი ორი საკითხიდან ვერც ერთი მოარგეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

საქართველო მოქმედებს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში, მხარს უჭერს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მოცემულ სიტუაციაში ნამდვილად არ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ყალბ ემოციებზე და მათ პოპულიზმზე აყოლის დრო“, - ამბობს მიქანაძე.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ მოწვეული იყოს უშიშროების საბჭოს სხდომა და პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართოს, სწორი გადაწყვეტილებაა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა სასწრაფოდ საქართველოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა სჭირდება, რათა ვიცოდეთ, რა დროს რას ვაკეთებთ. საქართველოც, შესაძლოა, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს, რადგანაც ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის.

„შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. არსებული საფრთხე საქართველოსგან შორს არ არის. ამიტომაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ძალიან ადეკვატური და დროულია. კაცმა არ იცის, ეს ომი როგორ გაგრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინაში აქტიურ სამოქმედო ბრძოლებში ვერ ჩავერთვებით, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება ყველა იმ ვერსიის გაანალიზება, რა საფრთხე შეიძლება საქართველოს ემუქრებოდეს, რა სახის ზარალს მივიღებთ და როგორ შეიძლება ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ.

დღეს თუ არა ხვალ, შესაძლოა, პროვოკაციები საქართველოს მიმართაც განხორციელდეს. ომი საქართველოს წინააღმდეგ რომც არ დაიწყოს რუსეთმა, ჩვენ ეკონომიკურ ზარალს ამ კონფლიქტის გამო მაინც მივიღებთ. ორივე ქვეყანა უკრაინაც და რუსთიც ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი მომწოდებლები არიან. ამიტომ, შესაძლოა, დეფიციტი პროდუქტებზე გაჩნდეს და ეკონომიკური ზარალი მივიღოთ. ასევე ჩათვალეთ, რომ წელს საქართველოში ტურისტული სეზონი ჩავარდნილია. ტურისტების დიდი ნაკადი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორია, რადგანაც ყველა ეს რისკები შეფასებული უნდა იყოს და ვიცოდეთ ჩვენი სამოქმედო გეგმა რა არის“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცახდება დაგვიანებულია, მაგრამ სულ არაფერს სჯობია. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერას კი არა საკუთარი თავის მხარდაჭერას ვითხოვთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახლა გვაქვს დრო იმისთვის, უკრაინასთან ერთად დასავლეთის ყურადღება საქართველოზე იყოს მიპყრობილი. სხვაგვარად რისკები თუ შეფასებული არ იქნა, ომი რომც არ დაიწყოს, ქვეყანა ყველა მიმართულებით მძიმე დარტყმებს მიიღებს. ეს იქნება დიპლომატიური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის შექმნით.

„ახლა „ოცნებას“ შანსი აქვს, რომ თუნდაც 2008 წელს „ნაციონალების“ მიერ დაშვებული შეცდომები გამოასწროს. რუსეთმა ამ წუთს საკითხი ხელახლა დაგვისვა და მთელს ცვილიზებულ სამყაროს ემუქრება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. უკრაინას ჩვენი დახმარება არ სჭირდება. მთელი მსოფლიო ეხმარება. ჩვენ თუ არ დავეხმარებით, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იქნება. პრეზიდენტმა მკაფიოდ უნდა ისაუბროს უკრაინასა და საქართველოზე. მე საერთოდ ზურაბიშვილს მოვუწოდებ, უკრაინაში ჩავიდეს. უკრაინამ და საქართველომ ახლა ნატოს უნდა მოსთხოვოს... აქამდე რატომ არ გვღებულობენ?!

რუსეთის ხომ ეშინოდათ ომს დაიწყებსო, აგერ დაიწყო. ამიტომ ნატოს უნდა გავაგებინოთ, რომ რაც უფრო შეეშინდება ჩვენი ნატოში შეყვანა, რუსეთი უფრო მეტს მოითხოვს. პუტინის მუცელი ვერ გაძღება. რამდენის უფლებასაც მივცემთ, იმდენს იკადრებს. ამიტომ უშიშროების საბჭოზე კონკრეტული გეგმა უნდა განიხილონ. რას ვაკეთებთ, რას ვამბობთ, რისკები რა სახის გვაქვს ახლა და ამ კრიზისიდან ჩვენმა ქვეყანამ რა ზიანი შეიძლება მიიღოს. ამიტომ დღეს ნატომ უნდა თქვას, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღებაზე ვმუშაობ. სხვა გამოსავალი უკვე არ არსებობს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, რუსეთს ჰგონია, რომ ორივე ქვეყანას რაც უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის და კონფლიქტს აღვივებს, მით უფრო ნატოში არ მიგვიღებენ. ამიტომ ნატომ უნდა თქვას ცალსახად, რომ ეს არ არის მთავარი. საქართველომ განგაშის სიგნალი უნდა ჩავრთოთ და ვიყვიროთ, რომ დაგვეხმარონ, რადგან საფრთხე ჩვენთანაც ახლოს არის.

„უშიშროების საბჭომ ნათლად უნად გააკეთოს განცხადება, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დაუშვებელია. გვეგონა, რომ რუსეთი ამ პროვოკაციაზე არ წავიდოდა და ამიტომაც ჩვენც მოზომილ განცხადებებს ვაკეთებდით. თუმცა ახლა არა გვაქვს უფლება, რომ ეს აგრესიად და პროვოკაციად არ შევაფასოთ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნატოსკენ სვლა უნდა დაჩქარდეს. თუკი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წელს შეგვქონდა, ამას წელსვე ვაპირებთ. მოვუწოდოთ ნატოს, რომ სპეციალური პროგრამით საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწვერიანება მოხდეს. ახლა აღარ გვინდა საუბარი იმაზე, რომ ოდესმე მიგვიღებენ. საკითხი უნდა დავუსვათ პირდაპირ“, -ამბობს ზაქარეშვილი for.ge-სთან.