„რუსეთს შეუძლია აფხაზები აგვიჯანყონ, გაააქტიურონ ქართული ე.წ. ურეიტინგო პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები და მიგვიყვანონ რაღაც კრიზისამდე, რომ მოგვიწიოს ახალი არჩევნების ჩატარება და ა. შ.“

„რუსეთს შეუძლია აფხაზები აგვიჯანყონ, გაააქტიურონ ქართული ე.წ. ურეიტინგო პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები და მიგვიყვანონ რაღაც კრიზისამდე, რომ მოგვიწიოს ახალი არჩევნების ჩატარება და ა. შ.“

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, მამუკა ნებიერიძე თვლის, რომ უკრაინაში მინდინარე საომარი მოქმედების პარალელურად რუსეთს შეუძლია აფხაზები აგვიჯანყონ, ასევე გაააქტიურონ საქართველოში არსებული ე.წ. ურეიტინგო პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, მიგვიყვანონ რაღაც კრიზისამდე, რომ მოგვიწიოს ახალი არჩევნების ჩატარება. როგორც ექსპერტი აცხადებს, რეალურად, საქართველოსაც სერიზული საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, ხელისუფლებას ერთადერთი ის უნდა მოვთხოვოთ, რომ გააძლიერონ ეროვნული გვარდია, რეზერვი, ასევე დაიწყოს ტყვია-წამლის წარმოება, გააკეთოს უფრო მეტი, გააძლიეროს ქვეყანა და მოამზადოს საზოგადოება, მოქალაქეები, რომ კონკრეტული კრიზისის დროს მარტო ჯარს არ მოუწიოს ბრძოლა.

for.ge მამუკა ნებიერიძეს ესაუბრა.

ვლადიმერ პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ამბობს, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ მხარს უჭერს უკრაინის ხალხების „თვითგამორკვევის უფლებას“. უმძიმესი ვითარებაა უკრაინაში, ელოდებოდნენ, რომ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში. ფაქტია, რომ სამხედრო ძალამ გადაწონა დიპლომატია, რუსეთი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში. რას ფიქრობ, როგორი გაგრძელება ექნება ამ პროცესებს?

მამუკა ნებიერიძე: გუშინ აშკარა იყო, რომ ომი დაიწყებოდა - დიპლომატების გაყვანა, ეს უკვე ომია. დიპლომატიური სამსახურის ფუნქცია მოლაპარაკებების წარმოებაა, თუ დიპლომატიური სამსახური იხურება ე.ი. მოლაპარაკებები შეწყვეტილია.

კრემლმა ლუგანსკის და დონეცკის ტერიტორიებზე შეიყვანა ჯარები. ვხედავთ, რომ ბელორუსიიდან არ გაყავს ჯარები, მიუხედავად იმისა, რომ 20 თებერვალს უნდა დამთავრებულიყო წვრთნები. ამ ვითარებაში საერთოდ არ ჩანს, რომ აქ დიპლომატიაზე იყო საუბარი. სად არის დიპლომატია? არავის არ უნდა ომი - არც აშშ-ს და არც ევროკავშირის ქვეყნებს და იტყვიან, რომ ჯერ კიდევ არის დრო მოლაპარაკებისათვის, მაგრამ დრო რას ნიშნავს? სადამდე არის დრო? დიპლომატიამ დაკარგა ძალა, იგი სამხედრო ძალამ გადაწონა.

რა ეტაპამდე შეიძლება ვიფიქროთ დიპლომატიაზე, მაშინ, როდესაც ომი დაიწყო და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება გაგრძელება - მივიღებთ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებას?

- უკრაინა ლუგანსკის და დონეცკის ტერიტორიების საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებს. აქ ერთმანეთის პირისპირ დადგნენ რუსეთის და უკრაინის შეიარაღებული ძალები. ეს არის კონვენციური ომი. ლუგანსკის და დონეცკის ოლქის ტერიტორიები დაიკავა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იმ საზღვრებში, რა საზღვრებითაც დაფიქსირდა ეს ტერიტორიები 2014 წლის ომის შემდეგ. თუ დაიწყო ამ ტერიტორიების გაფართოება ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, და ეს დაიწყო, ეს უკვე ომია. მანამდე შეიძლება გვეფიქრა, რომ დილომატიას კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ რეალურად საერთოდ ვერ წარმომიდგენია ახლა დიპლომატიაზე საუბარი. რაზე ვსაუბრობთ, ჯერ სანქციების რა დონეა... ეს არაა იმ დონის სანქციები, რაც რუსეთს გააჩერებს.

დღეს პუტინი ვერ ხედავს ძალას, რომელსაც შეუძლია მისი გაჩერება და ამიტომ დგამს ასეთ ნაბიჯებს? შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის ელოდებოდა სანქციებს და ეს მას ვერ შეაჩერებს...

- ბუნებრივია, დღეს რეალურ ძალას ვერ ხედავს პუტინი და ეს ცალსახაა. 2014 წლის მერე რუსეთი სერიოზულად მოემზადა, 150 ათასზე მეტი სამხედრო კონტიგენტი დგას უკრაინის საზღვრებთან, შეიძლება მეტიც. მეორე მხარეს, NATO - ს ვგულისხმობ, რა დგას? 800 სამხედრო ბალტიის ქვეყნებში გააგზავნა ამერიკამ, 8 ახალი თვითმფრინავი „F35“ და NATO მზადაა(?). თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ეს არ ეხება უკრაინას, ეს არის NATO-ს ტერიტორიების დაცვა.

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე უკრაინის ეკონომიკა ყოველ თვე კარგავს 2 მილიარდ ევროს. ამიტომაც უკრაინას დღეს უზარმაზარი სამხედრო-ეკონომიკური ხასიათის დახმარების პაკეტი სჭირდება. რუსეთი იმ შემთხვევაში შეიძლება გაჩერდეს, თუ ეს დახმარება გამოიყოფა, პლუს მოხდება უკრაინის NATO-ში გაწევრიანება და ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე შევა NATO-ს ჯარები. ასეთ შემთხვევაში რუსეთი გარანტირებულად გაჩერდება, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ვხედავ რუსეთის შეკავების მექანიზმს.

მზად არის რუსეთი იმისთვის, რომ დამატებით სანქციები დაუწესონ?

- რა თქმა უნდა. 631 მილიარდი აქვა სარეზერვო დანაზოგები (ფონდები), 2014 წლიდან ეკონომიკაც ისე აქვს გადაწყობილი, რომ მეტ-ნაკლებად შეუძლია გაუძლოს ამ სანქციებს. რაც მთავარია, არ ხდება ენერგომატარებლების შესყიდვის შეზღუდვა ევროპის მხრიდან, ვთქვათ, გერმანიამ კი არ გააუქმა „ჩრიდილოეთ ნაკადი 2“, არამედ შეაჩერა. ისედაც ამ მილში გაზის ნასახი არ იყო, ასე რომ, ეს არ ნიშნავს გაუქმებას. უნდა შეწყდეს ენრეგორესურსების შესყიდვა რუსეთისაგან - ეს არის სერიოზული დარტყმა რუსეთისთვის, მაგრამ არც ეს არ კეთდება. დაუწესეს სანქციები და ბუნებრივია, ნებისმიერი საქცია არასასიამოვნოა, მაგრამ ეს არაა ადეკვატური.

პუტინი აცხადებს, რომ მისი მიზანია უკრაინის და საქართველოს ნატო-ში არშეშვება. პირდაპირ აქვს გაცხადებული, არაფერს არ მალავს. დასავლეთს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ საქართველო და უკრაინა შევა ნატო-ში, ეს იქნება სერიოზული პრობლემა თქვენთვისო. ეს არის პირდაპირი ულტიმატუმი. ახლა საჭიროა სერიოზული მოქმედება დასავლეთის მხრიდან და პირველ რიგში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის გასაუქმებელი და არა შესაჩერებელი. რუსეთმა ვეღარ უნდა გაყიდოს ევროპაში გაზი და ნავთობი.

მაგრამ აქვს აზიის ბაზარი...

- აზიის ბაზარი გაცილებით ნაკლებ-შემოსავლიანია, მაგრამ ბუნებრივია გარკვეული შემოსავალი სახეზეა. ვერ ვიტყვით, რომ საპირწონეა ევროპის, მაგრამ ეს ალტერნატივაა. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ ევროპისთვის სერიზოული სირთულე იქნება უარი თქვას რუსულ გაზზე და ნავთობზე, მაგრამ ფასი უნდა გადაახდევინონ რუსეთს, ისე კრემლის შეჩერება ილუზორულია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველო და უკრაინა ვერ გაწევრიანდება NATO-ში. ცენტრალური ევროპის ძირითადი ლიდერი ქვეყნები - გერმანია და საფრანგეთი არც მანამდე არ იყვნენ აღფრთოვანებული ჩვენი ქვენების გაწევრიანებით NATO-ში, მით უმეტეს დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით. ანუ, მადრიდის სამიტისგან ბევრს არაფერს ველოდები. გადაწყვეტილების მიღება არ უნდათ. გასაგებია, რომ ერთადერთი ამერიკა აქტიურობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილთან ერთად, მაგრამ უკრაინას საპირწონე შეიარაღებას არ აძლევენ, რასაც აძლევენ ეს საკმარისი არაა. მაგალითისთვის, უკარაინა ამჟამად არ აწარმოებს ტყვია-წამალს, რადგან ტყვია-წამალის საწარმო ლუგანსკში იყო, რომელიც უკვე რუსეთის ხელშია. როგორ შეიძლება ომის პირობებში ქვეყანა ტყვია-წამალას არ აწარმოებდეს! სხვათა შორის, ეს ჩვენც გვეხება!

ჩვენს შემთხვევაში რა ბერკეტები აქვს რუსეთს?

- შეუძლიათ აფხაზები აგვიჯანყონ. იგულისხმება მათი სახელით პროვოკაციები, (აქ ფართო არჩევანია ავადმყოფი გონებისათვის), გაააქტიურონ საქართველოში არსებული ე.წ. ურეიტინგო პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, მიგვიყვანონ რაღაც კრიზისამდე, რომ მოგვიწიოს ახალი არჩევნების ჩატარება და ა. შ. ბუნებრივია, გაფუჭება კიდევ ბევრი რამის შეუძლიათ. რეალურად, ჩვენც სერიზული საფრთხე გვემუქრება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ არ გვყავს მორჩილი ხელისუფლება, ეს არის ფრთხილი ხელისუფლება. დავაკვირდეთ როგორი თავშეკავებულია თვითონ ზელენსკი, სააკაშვილივით კი არ წამოეგო პროვოკაციებს. ჩვენს ხელისუფლებას ერთადერთი ის უნდა მოვთხოვოთ, რომ გააძლიერონ ეროვნული გვარდია, რეზერვი, ასევე დაიწყოს ტყვია-წამლის წარმოება, გააკეთონ უფრო მეტი, გააძლიერონ ქვეყანა და მოამზადონ საზოგადოება, მოქალაქეები, რომ კონკრეტული კრიზისის დროს მარტო ჯარს არ მოუწიოს ბრძოლა.

რეგიონებიც უნდა იყვნენ მზად. ბუნებრივია, ეს გასაკეთებელია. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ფრთხილად იქცევა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს არის ნორმალური პოლიტიკა, იმიტომ რომ არავითარი სამოკავშირეო ვალდებულება არც ერთ ქვეყანას არ აქვს ჩვენს მიმართ და არც NATO, როგორც თავდაცვითი ქოლგა არ გაგვაჩნია. ამიტომ, რუსეთს შეუძლია შემოიჭრას დასავლეთის აღშფოთების ფონზე. რეაგირება რა იქნება? აღშფოთება და კიდევ ახალი სანქციები, მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ ექნება ჩვენთვის.

როგორ ფიქრობთ, მიიღო უკრაინამ ის მხარდაჭერა, რომელსაც რეალურად ელოდა დასავლეთისგან?

- რასაკვირველია არა, პირველი, რასაც უკრაინა ითხოვდა NATO-ში გაწევრიანება იყო, მეორე ყოვლისმომცველი სამხედრო - ტექნიკური დახმარება და SWIFT - იდან რუსების გაყვანა. მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ, სანქციები პაკეტებად არის დაყოფილი და ის თანდათანობით სულ უფრო გამკაცრდება და რუსეთზე ზეწოლაც იმატებს. აქ გასათვალისწინებელია რას იზამენ წონიანი სახელმწიფოები საფრანგეთი და გერმანია, ე.წ. ძალის (გრავიტაციის) ცენტრები. თუ მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ გამკაცრდება, მაშინ რეალურად შეიცვლება სურათი. თუ ისინი რუსეთის წინააღმდეგ გამოვლენ, მაშინ ვითრება რადიკალურად შეიცვლება. მეტი შესაძლებლობა მიეცემა ამერიკასაც, უფრო აქტიურად ჩაერიოს ევროპაში მიმდინარე კონფლიქტში. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, უფრო იმედიან სურათი გამოიკვეთება.

2024 წელს პუტინს აქვს არჩევნები, ცხადია, რომ ომი რუსეთის ეკონომიკას ანგრევს და ეს უკვე აშკარაა, რისი იმედი აქვს დღეს ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე პირისპირ დარჩენილ პუტინს?

- რუსეთს არ უნდა NATO-ს გაფართოება, მაგრამ მთავარია ის, რომ უკრაინაში მიმდინარეობდა დემოკრატიული ცვლილებები, რაც გულისხმობდა სამართლის უზენაესობას და მთელ რიგ დემოკრატიულ რეფორმებს. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ლტოლვა ევროპისაკენ, ეს არის ის ღირებულებები რისიც ეშინია კრემლს. კერძოდ, პუტინს და მის გარემოცვას ეშინიათ, რომ ამის ექსპორტი არ მოხდეს თვითონ რუსეთში. ამავე მიზეზით ისინი შევარდნენ ყაზახეთში. ვხედავთ რა დღეშია ბელარუსი - თავიდან ბოლომდე ოკუპირებულია. ლუკაშენკო გუბერნატორად აქციეს. პუტინს ეშინია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულმა ცვლილებებმა არ გადაინაცვლოს მის ტერიტორიაზეც. ამ საფრთხის მოგვარება უნდათ არჩევნებამდე და რეალურად მიდიან ვა-ბანკზე.