რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა და 169 ადამიანი დაიჭრა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 30-მდე ბალისტიკური რაკეტა და რეაქტიული სისტემები გამოიყენა. შეტევითი ოპერაცია დაიწყო სარაკეტო - საავიაციო დარტყმების გამოყენებით უკრაინის მთელს ტერიტორიაზე. რუსეთი შეტევით ქმედებებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს, კერძოდ: დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, სუმიდან, ჩერნიგოვიდან, ხარკოვიდან, ასევე ბელორუსიისა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებიდან. ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით ისროლეს ბალისტიკური რაკეტები.
მძიმე ბრძოლების შედეგად, რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ახლა მთავარი შეტევა კიევზეა. რუსეთმა ევროპაში ომი დაიწყო. რუსული ძალები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრნენ, მათ შორის, აღმოსავლეთით მდებარე დონბასის სეპარატისტული რეგიონებიდან, ჩრდილოეთით მდებარე ბელარუსიდან და ოკუპირებული ყირიმიდან - სამხრეთით.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთი საფრთხეა მთელი ევროპისთვის. ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს მიმართა, რომ ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეუშალოს, რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე ევროპას ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოუცდია. კრემლის ხელმძღვანელის მუქარისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერაზე უარს არ ამბობს დასავლეთი. მეტიც, რუსეთს ახალი და აქამდე არნახული სანქციებით ემუქრებიან.
უკვე დაწესებული სანქციები რუსეთისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა. რუსეთისთვის გამანადგურებელია ორი რამ: პირველი -საბანკო სისტემის სრული იზოლაცია და მეორე - ნავთობის ფასების 20$-ზე და უფრო ქვევით დაცემა. სხვა შემთხვევაში რუსეთი გააგრეძელებს ძალის პოლიტიკას. რუსეთი უკრაინას აღიქვამს როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს. შესაბამისად, მისი მიზანია კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა.
რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნატო დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს აგზავნის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით - საზღვაო რესურსს. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რაც აუცილებელია მოკავშირეების აგრესიისგან დასაცავად.
„უკანასკნელი კვირების განმავლობაში ალიანსის მოკავშირეებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან გაგზავნეს ათასობით სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი საგანგებო მზადყოფნაში, ჩვენი საჰაერო სივრცის დასაცავად და გვყავს 120-ზე მეტი გემი ასევე მზადყოფნაში ზღვაში.
ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ვალდებულების შესრულებას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების აგრესიისგან დასაცავად. მე მოვიწვიე ნატოს ლიდერების ვირტუალური სამიტი ხვალ, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
„პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ომი და ახლა, ის და მისი ქვეყანა, მიიღებენ შედეგს“, - ამის შესახებ აშშ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ვლადიმერ პუტინს. ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ ამას მარტო არ აკეთებს. ამ სანქციებში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის 27 წევრი და „დიდი შვიდეულის“ წევრები.
რაც შეეხება ახალ სანქციებს, შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში, რათა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი. შეჩერდება რუსული არმიის დაფინანსებისა და ზრდის შესაძლებლობა. აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, რომლებიც ერთად ფლობენ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს. აშშ ასევე ბლოკავს ოთხ მსხვილ ბანკს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც რუსეთს ამერიკაში აქვს, გაიყინება.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა უკვე მოიწვია სამიტი. დღეს საღამოს შეხვედრაზე მიიღება პოლიტიკური თანხმობა ყველაზე ძლიერ სანქციებზე. უკვე ცნობილია იმ ფინანსური სანქციების ჩამონათვალი, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს უწესებს. ანალოგიური სანქციები დაუწესდება ბელარუსსაც, უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის.
სასანქციო ღონისძიებების ფარგლებში ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს VTB ბანკის დაუყოვნებლივ გაყინვასაც. რაც შეეხება სანქციებიის ჩამონათვალს - კანონმდებლობა აუკრძალავს ძირითად რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს ფინანსების მოზიდვას ან ფულის სესხებას ბრიტანულ ბაზარზე.
აქტივების გაყინვა შეეხება 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს. ავიაკომპანია „აეროფლოტს“ უკრაინის ტერიტორიაზე დაჯდომა აეკრძალება. შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რაც დაფარავს ისეთ პროდუქციებს, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი რამდენიმე დღეში შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს.
ლიმიტი დაწესდება დეპოზიტებზე, რომლის განთავსებაც რუსებს ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ. ამასთანავე პრემიერი ჯონსონი განმარტავს, რომ მას აქვს სურვილი იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ, მისი თქმით, ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება. ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი უნდა დამარცხდეს და ამის მისაღწევად საჭიროა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი თვლის, რომ ეს პუტინის ომია და რუსეთი მწარე ფასს გადაიხდის მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის. როგორვ ოლაფ შოლცმა განაცხადა, გერმანია კოორდინაციას აწარმოებს G7-ისა და ევროკავშირის ლიდერებთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით.
„უკრაინაზე თავდასხმა აბსოლუტურად გაუმართლებელია, ეს პუტინის ომია. პუტინმა საშინელი შეცდომა დაუშვა ამ ომის გაჩაღებით. რუსეთი მწარე ფასს გადაიხდის მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის. მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა. მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
დაწესებული და მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-იდან არ უნდა გააგდონ. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად რჩება და იმდენად, რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილია, არ აპირებს მიაყენოს ზიანი იმას, რისი ნაწილიც თავადაც არის.
„მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დააყენონ ამოცანა, რომ გაგვაგდონ ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზეზების გამოც, შეზღუდვები იქნება. რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო და რისკები გაანალიზებული ჰქონდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინა დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, გააგდონ რუსეთი SWIFT-იდან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთი, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სამხედრო ექსპერტი მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ უზარმაზარი სამხედრო-ეკონომიკური ხასიათის დახმარების პაკეტის სჭირდება უკრაინას. მისი თქმით, რუსეთი იმ შემთხვევაში გაჩერდება, თუ ეს დახმარება გამოიყოფა, მოხდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და ადგილზე შევა ნატო-ს ჯარები.
„ასეთ შემთხვევაში გარანტირებულად გაჩერდება რუსეთი, იმიტომ რომ დაინახავს ძალას. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ვხედავ რუსეთის შეკავებას. 631 მილიარდი აქვს სავალუტო დანაზოგები, 2014 წლიდან ეკონომიკაც ისე აქვს გადაწყობილი, რომ მეტ-ნაკლებად შეუძლია გაუძლოს ამ სანქციებს. რაც მთავარია, არ ხდება ენერგომატარებლების შეზღუდვა. უნდა შეწყდეს ენრეგორესურსების შესყიდვა რუსეთისაგან - ეს არის სერიოზული დარტყმა რუსეთისთვის, მაგრამ არც ეს არ კეთდება. დაუწესეს სანქციები და ბუნებრივია, ნებისმიერი სანქცია არასასიამოვნოა, მაგრამ ეს არაა ადეკვატური.
პუტინი აცხადებს, რომ მისი მიზანია უკრაინის და საქართველოს ნატო-ში არშეშვება. პირდაპირ აქვს გაცხადებული, არაფერს არ მალავს. დასავლეთს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ საქართველო და უკრაინა შევა ნატო-ში, ეს იქნება სერიოზული პრობლემა თქვენთვისო. ეს არის პირდაპირი ულტიმატუმი. ახლა საჭიროა სერიოზული მოქმედება დასავლეთის მხრიდან და პირველ რიგში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის გასაუქმებელი და არა შესაჩერებელი. რუსეთმა ვეღარ უნდა გაყიდოს ევროპაში გაზი და ნავთობი“, - აცხადებს მამუკა ნებიერიძე.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, უკრაინის პრობლემის გადაწყვეტა დასავლეთის ხელშია. მისი თქმით, ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, რაღაცაზე ყურადღების გამახვილებისაგან, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში შიდა ღალატისა და კრემლის მეხუთე კოლონის ფაქტორების დაკნინება ყოვლად შეუძლებელია. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ადრე თუ გვიან, სიმართლე არ დაიმალება და ერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოში თუ როგორ უნდა აამოქმედო შენი მეხუთე კოლონა, ამაზე სპეცსამსახურების სახელმძღვანელობებში ცალკე თავი უნდა შევიდეს.
„უკრაინული მოვლენების ამ ყველაზე მტკივნეულ და დრამატულ ფურცლებთან გაცნობისას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რა კოლოსალური მუშაობა ჩაატარა ქართულმა ხელისუფლებამ ჩვენთან ამ კოლონის ძირგამომთხრელი საქმიანობის მაქსიმალურად გასანეიტრალებლად. მიუხედავად საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა, ამ გზაზე ხელისუფლების თითქოსდა არათანამიმდევრული და არადამაჯერებელი ძალისხმევისა - ადგილობრივ გველგესლას შხამიანი ეშვები ნამდვილად ამოცლილი აქვს.
დღეს ყველაზე ხშირად ისმის შეკითხვა - უკრაინის მსგავსი მოვლენებისაგან საქართველოს თავის დაღწევის გარანტიებზე. გიპასუხებთ - ამ ერთ-ერთ მთავარ გარანტიას ეს ამოცლილი ეშვები წარმოადგენს! დღეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რა მიზნით მოხდა საქართველოში მიხეილ „არაჟნელის“ დესანტირება. დღეს ნათლად გამოჩნდა მისი ხვეწნა-მუდარის - „კიევში დამაბრუნეთ“ - რეალური არსი. პრეზიდენტ ზელენსკის მოსალოდნელი გადაყენების და უკრაინის სათავეში, თავისიანების, ანუ კრემლის მარიონეტების მოსვლის სუნი ეცა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, რუსეთის ჯარის მიერ, ლამის ალყაშემორტყმულ კიევში, რომელი „პუტინის პატიმარი“ მოითხოვდა კატაპულტირებას? დღეს სააკაშვილი ქართულ ციხეში პუტინისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტია და სწორედ ამიტომაც უნდა იჯდეს!“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.