შეუერთდება თუ არა საქართველო უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის ალიანსს?!

შეუერთდება თუ არა საქართველო უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის ალიანსს?!

კიევში ოფიციალურად გაფორმდა უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ალიანსი. როგორც ანალიტიკოსები ირწმუნებიან, ეს იყო არასასიამოვნო სიურპრიზი პუტინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარი 1-ლი თებერვლიდან მიმდინარეობდა.

საქართველოში ცალკეული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავს ალიანსში საქართველოს გაწევრიანება სასურველია, თუმცა მიმღებ ქვეყნებს უნდათ კი საქართველოსნაირ ქვეყანასთან გაერთიანებით ზედმეტი თავის ტკივილის მიმატება?

ყოფილი დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ იმის გამო, ნატოში გაწევრიანება სწრაფად ვერ მოხდება, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად გადაუდებლად მნიშვნელოვანია გაერთიანება ისეთ ფორმატში, როგორიცაა უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ალიანსი, რომელიც მოიაზრება, როგორც უსაფრთხოების ხიდი ბალტიიდან შავი ზღვის რეგიონამდე. ეს იქნება ერთგვარი შუალედური საშუალება თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამი ქვეყნის თანამშრომლობით დაწყებული ეს ალიანსი მომავალში გაფართოვდეს და საქართველოც მიებას ამ ალიანსს.

რამდენად გაამართლებს უკრაინის, პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი და ეს იქნება თუ არა შუალედური ეტაპი უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში კომენტარებს აკეთებენ ე.წ. ალიანსში გაწევრიანების შესახებ, სინამდვილეში, უკრაინას, პოლონეთსა და ბრიტანეთს შორის არავითარი კავშირი არ შექმნილა. დიპლომატიის ენაზე ალიანსი სხვა არის, კავშირი სხვა არის, თანამშრომლობა სხვა არის. ის, რაც უკრაინას, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხდება, ეს არის თანამშრომლობის ჯგუფი. თორემ კავშირი იმას ნიშნავს, რომ მე თუ თავს დამესხნენ, შენ ჯარს შემოიყვან და დამეხმარები.

„მეტი რა ქნას ინგლისის პრემიერმა ჯონსონმა? მან უამრავჯერ განაცხადა, ჩვენ ჯარს არ გავგზავნით არავითარ შემთხვევაში უკრაინაში. ასევეა პოლონეთიც, ეს ქვეყანაც ფიქრობს, რითი დაეხმაროს უკრაინას, ალბათ, იარაღს გაუგზავნის, სხვა არაფერი. ეს უბრალო თანამშრომლობაა, კავშირი არ არის. თუკი ინგლისი სამხედრო კავშირს გააფორმებდა უკრაინასთან, ე.ი. უკრაინა ნატოში ყოფილა უკვე. უკრაინა თუ იომებდა, ნატო უნდა დახმარებოდა, გამოდის, წინასწარვე კიევს უკვე ნატოს წევრად ხდიან?“ - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ საერთო განცხადებებია, 2 თებერვალსაც უნდა გაკეთებულიყო ეს განცხადება, მაგრამ გადაიდო გარკვეულ ხანს, რადგან ინგლისის მინისტრს კოვიდი სჭირდა. ეს სამი ქვეყანა, უბრალოდ, შეთანხმდა თანამშრომლობაზე და, რასაკვირველია, კარგია ასეთი შეთანხმება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გერმანია ძველ იარაღსაც არ აძლევს უკრაინას, იმ იარაღს, რომელიც ბალტიისპირეთს მისცა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უკრაინის, პოლონეთის და ბრიტანეთის თანამშრომლობა ნატოში გაწევრიანების პრელუდია არ არის, თვითონ ზელენსკიმ თქვა სიტყვასიტყვით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, გარდა რუსეთისა, არის სხვა წევრებიც ნატოში, რომლებიც ჩვენი გაწევრიანების წინააღმდეგნი არიანო. სოსო ცინცაძის აზრით, ზელენსკი რეალისტია, მან კარგად იცის, რომ ნატოში გაწევრიანება ძალიან რთულია, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის ალიანსის საფუძველზე ცოტა რთულია ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი. თავის დროზე დიდი ბრიტანეთიც, პოლონეთიც ისედაც უჭერდნენ მხარს უკრაინის გაწევრიანებას ნატოში და ამ ქვეყნის მხარდამჭერები იყვნენ. ამიტომ დღეს საეჭვოა, ამ ალიანსმა ნატოში გაწევრიანების პროცესს შეუწყოს ხელი, მაგრამ თავად ალიანსი კარგია უკრაინის მედეგობის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ამ ალიანსის მეშვეობით პოლიტიკური მხარდაჭერა მეტი ექნება უკრაინას.

„არ ვიცი, ეს ალიანსი რითი შეივსება, რამდენად მჭიდრო და ქმედითი იქნება. სამხედრო თანამშრომლობა თუ განვითარდა, შედეგს, ალბათ, გამოიღებს, რადგან დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი უფრო მეტად დაეხმარება უკრაინას სამხედრო სიძლიერის განვითარებაში. საბოლოო ჯამში, ეს ალიანსი იქმნება რუსეთის შესაკავებლად, დიდ ბრიტანეთს ეს შეკავების პოლიტიკისთვის სჭირდება. უკრაინა რომ პოლონეთთან რაიმე ალიანსს შეკრავდა, რუსები ამას ადრეც უნდა მიმხვდარიყვნენ, რადგან ჯერ კიდევ 90-იან წლებში ბზეჟინსკი ლაპარაკობდა ამაზე, მაგრამ ახლა, ამ მომენტში პუტინის ქცევამ, პრაქტიკულად, დააჩქარა ეს პროცესი“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა for.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ასევე, ბრექსიტმაც, ანუ ბრიტანეთის გასვლამ ევროკავშირიდან გაუჩინა მეტი სტიმული დიდ ბრიტანეთს, ეძიოს გზები თავისი გავლენის გასაზრდელად. ბრიტანეთი უკვე აღარ არის დამოკიდებული ევროკავშირის ერთიან პოლიტიკაზე და ახლა უკვე საკუთარ ალიანსებს ეძებს, სადაც იქნება ლიდერი და საკუთარ შეთანხმებებს, ურთიერთობებს შექმნის, ბრიტანეთი ახლა ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ევროკავშირში ყოფნისას.

რაც შეეხება საქართველოს, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა შეუერთდება თუ არა მსგავს ალიანსებს, ეს დამოკიდებულია თავად მიმღები ქვეყნების ინტერესზე. ამ ეტაპზე საეჭვოა, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს ჰქონდეთ ასეთი ინტერესი, რადგან დამატებითი თავის ტკივილი საქართველოსთან მიმართებით არავის უნდა, მაგრამ მომავალში ეს ინტერესი, ალბათ, უფრო ექნებათ ჩვენს მიმართ.