მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი პირადი მიღწევა

მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი პირადი მიღწევა

საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წელი 2 იანვარს ბათუმში საერთო სახალხო სეირნობაში მონაწილეობით დაიწყო. ზღვისპირა ქალაქი, კონცერტები და სეირნობა მიხეილ სააკაშვილმა მთელი წლის განმავლობაში დაიბედა . არ დარჩენილა საქართველოს კუთხე, რომელსაც პრეზიდენტი 2010 წელს არ სწვევია. თუმცა, ბათუმი მაინც ყველაზე აქტუალური იყო.

 

11 იანვარი – მიხეილ სააკაშვილი ბათუმში სენატორ ჯონ მაკკეინს მასპინძლობს და საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით აჯილდოებს.

 

2 თებერვალი – მიხეილ სააკაშვილი ბორჯომშია – ღონისძიება – მესამე საჯარო სკოლის გახსნა. რუსეთი აქაც აქტუალური თემაა – მოსკოვში მოსიარულე პოლიტიკოსები კი "ჩმორები" არიან. "პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთი დამპყრობელია, მაგრამ ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი მოსალაპარაკებლად საქართველოს დამპყრობელთან დარბის. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ბოდიში და არის ჩმორი, საქართველო არასოდეს დაჩმორდება, მით უმეტეს, არც მათ დააჩმორებინებს თავს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

26 თებერვალი - საქართველოს პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენს. კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გასული წლის გამოწვევებად რუსული აგრესია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაასახელა და პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური ნატვრაც გაამხილა - თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

 

14 მარტი - პრეზიდენტი ბოლნისიდან "მოდელირებული ქრონიკის" შემქმნელებს საყვედურობს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რა შეიძლება მოხდეს.

ამ თვეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და მიღება გამართა.

 

26 აპრილი – პრეზიდენტი მოსახლეობას თბილისის მერის არჩევნებში სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში ერთი გუნდი მუშაობს და მოსახლეობამ სწორედ ამ გუნდის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი.

 

"არიან კანდიდატები, რომლებიც დაბერავენ ლამაზად ტუჩებს და იძახიან: შემომხედეთ რა ლამაზი ვარ, რა კარგი შესახედავი ვარ და როგორ შეიძლება ასეთ ბიჭს არ მისცე ხმა. ამით რომ ქვეყანა შენდებოდეს, სილამაზით, მაშინ მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრებით მაისიც დატვირთულია - პრეზიდენტი ვატიკანშია და რომის პაპს ხვდება. მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ ჩაუვლია კოსტა რიკაში ლაურა ჩინჩილა მირანდას ინაუგურაციასაც.

 

14 ივლისი - მიხეილ საააკაშვილთან რეგიონების გუბერნატორები და რაიონების გამგებლები შეიკრიბნენ. ამ დღეს მინისტრების ნაწილმა პრეზიდენტის შექება, ნაწილმა კი, საყვედური დაიმსახურა.

ამავე დღეს პრეზიდენტმა სვანეთში მცხოვრები ზოგიერთი ქართველი ბანდიტიც "მოიკითხა" და შეახსენა, რომ თუ ჭკუას თავად არ ისწავლიან, "საქართველოს ევროპული დონის საპატიმროებში ძალით ასწავლიან".

მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ კიდევ ერთხელ გაიხსენა.

 

"ეს არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა საუბრობდეს თანამდებობის პირი. ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო. როცა მთავრობის სხდომიდან აგდებ, ის სამსახურიდანაც უნდა გააგდო. მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე ლაყაფისტების შენახვას აღარ ვაპირებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

20 ივლისს პრეზიდენტი ყვარელში, მთავრობის გასვლით სხდომას უძღვება. ამჯერად მისი რისხვის ობიექტი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი და ინვესტორისთვის მის მიერ ნათქვამი უარი ხდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება "გაქსუებულ" ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე აღარ შეინახავს.

 

"ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ საძმაკაცოში კარგ ბიჭად ითვლება, ალბათ ქელეხებზე და ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს და ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა მტერი და უცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისნაირი გაქსუებული მოხელეებია მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი ისევ გაჭირვებაშია.

 

აი, ვინ არცხვენს საქართველოს. გობეჯიშვილი და კომპანია", - აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გობეჯიშვილი მის მთავრობაში ერთადერთი არ ყოფილა.

 

"სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა. გეგონება, მაძღარი ქვეყნის მთავრობას წარმოვადგენდეთ. მე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ. ჩვენ არ ვართ ხორცკომბინატი, რომ მინისტრების და თანამდებობის პირების ნაცვლად ხორცის ნაჭრები შევინახოთ",- განაცხადა სააკაშვილმა.

 

იმავე დღეს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სამინისტროებში მიმდინარე მდგომარეობას პირად კონტროლზე აიყვანდა და შეასრულა კიდეც.

 

5 აგვისტოს პრეზიდენტი კოლუმბიაში გაემგზავრა და რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლისთავზე კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ამის შემდეგ რამდენიმე დღით მიხეილ სააკაშვილის კვალი იკარგება. რუსული სააგენტოები წერენ, რომ "საქართველოს პრეზიდენტი უკვალოდ გაქრა", თუმცა 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ის კოლუმბიის შემდეგ ერთი დღით არუბაშიც იმყოფებოდა.

 

17 სექტემბერს პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ფრუიძის დაკავებას გამოეხმაურა. "როგორც კი ვინმე თავზე ხელს აიღებს მოსტყდებათ ის ხელები ძირში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

20 სექტემბერს კი აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი დაიწყო. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გაამხილა, რომ პირადი მიღწევები არ აქვს. "ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

15 ოქტომბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის მესიჯი მიიღო. "მინდა, ეს მესიჯი ურწმუნო თომების გასაგონად წავიკითხო. ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა მომწერა ასეთი რამ - დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ კომისია მზად არის განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

20 ოქტომბერი კი ის დღეა, როდესაც საქართველომ წელს ზემოთ შიშველი პრეზიდენტი იხილა. ამ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში 3,5 კმ გაცურა. "წყალი არის სუპერ. ასეთი წყალი ხმელთაშუა ზღვაში ივნისის ბოლოს არის", - აღნიშნა ნაპირზე სააკაშვილმა.

 

22 ოქტომბერს პრეზიდენტი ეკონომიკის სამინისტროს ეწვია და საპრივატიზაციო გეგმის ვადაზე ადრე შესრულებით აღფრთოვანებულ მინისტრ ქობალიას ურჩია, საკუთარ მიღწევებზე დიდი წარმოდგენა ნუ ექნება.

 

8 ნოემბერს პრეზიდენტი "თავისუფალ უნივერსიტეტს" ესტუმრა და სტუდენტებს ქართულ დემოკრატიაზე ესაუბრა. ქვეყნის დემოკრატიულობის ნათელსაყოფად კი კახა კუკავას მაგალითი დაასახელა.

 

"თავისუფლება არ არის ის, რომ ყველა ტელევიზია დღე და ღამე მთავრობას ლანძღავდეს. ჩემთვის ეს ტესტი ძალიან მარტივია – ნებისმიერი პოლიტიკური ერთეული, დავუშვათ, კუკავა, რომელიც 08:00 საათზე იღვიძებს. არ ვიცი 08:00-ზე იღვიძებს თუ არა, მაგრამ რომ გაიღვიძებს "პახმელიაზე" და ტვინში აზრი მოუვა, თუ ეს საქართველომ დღის 15:00 საათზე "კურიერის" რომელიმე გამოშვებიდან გაიგო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არის დემოკრატია", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის შედარებები ამ დღეს მრავლად გაისმა. სააკაშვილის კრიტიკის ობიექტები ინგლისურის შესწავლის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ოპონენტები გახდნენ.

 

"ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო", - განაცხადა საააკშვილმა.

 

გამოეხმაურა სკოლებში გამოცდების ჩატარების მოწინააღმდეგეებს - "ვაი იმ მშობლებს, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, შაშკინს ოროსნების რევოლუცია მოუწყვეთო". ვლადიმერ პუტინიც არ დავიწყებია. "ერთი მოყვარული ავტომრბოლელია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ყველაფერში ისტერიულად მბაძავს. მას ჩემი მიბაძვა ცხოვრების მიზნად აქვს, სანამ მე გავჩნდებოდი, ნეტავ ვის ბაძავდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მთავრობის ახალი სახლის მშენებლობა გახსნა და გვამცნო, რომ მთავრობა თბილისიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იპარება.

 

23 ნოემბერს კი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივამ გაიჟღერა. "საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსახორციელებლად. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი თუ რუსეთის შეიარაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანთა უფლებების დარღვევას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შემოჭრის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიის იმ 80%-ზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ნახევარსაათიანი გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ტაშით 7-ჯერ შეაწყვეტინეს.

 

30 ნოემბერს პრეზიდენტმა ანაკლიის პლაჟიდან ინვესტორების მიმსამართით მოწოდება გააკეთა. "ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით ანაკლიაში".

 

17 დეკემბერს მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა სათაფლიის მღვიმეში შედგა. პრეზიდენტმა გარემოს დაცვის სამინისტროს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და მწუხარებით აღნიშნა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ ისევ არეულობაა, ტყეა. მთავრობის სხდომა ძალიან რომ არ გაგრძელებულიყო, პრეზიდენტმა მინისტრები დააჩქარა და განაცხადა - "წავედით, სანამ დინოზავრს გაუღვიძია".

 

მნიშვნელოვანი თარიღი - 21 დეკემბერი და 43-ე წლის იუბილე პრეზიდენტმა ოჯახურ გარემოში აღნიშნა.

 

24 დეკემბერს კი, როგორც თავად თქვა, ქვესკნელიდან პირდაპირ მთებში აღმოჩნდა და სათაფლიის მღვიმის შემდეგ მთავრობის სხდომა მესტიაში ჩაატარა.

 

მოგზაურობით და პოლიტიკურად დატვირთული წელი თავად პრეზიდენტმაც შენიშნა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დაფრინავს არა პოლიტიკურად, არამედ - ფიზიკურად. "მთელს საქართველოში დავფრინავ, ოღონდ არა ზოგადად, პოლიტიკურად, დავფრინავ ფიზიკურად, ფეხები მყარად მიდგას ჩვენს მიწაზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

და ბოლოს, 30 დეკემბერს პრეზიდენტი ისევ ბათუმშია და ახალი სასტუმროს მშნებლობას ჩაუყარა საფუძველი, თან თქვა - "ჩვენი პრინციპია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, ასე რომ, მომეცით წერაქვი, ნიჩაბი და დავიწყოთ".