რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერისათვის მიცემული სიტყვა შეასრულა, პეკინის 24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას „სიმშვიდე“ შეინარჩუნა და საკუთარი ბრჭყალები ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გამოაჩინა, თან ისე, რომ სრულიად მსოფლიო გაოგნებული დატოვა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინა საყოველთაო თვალთახედვის არეში გახლდათ. რა მოხდება? დაიძაბება მდგომარეობა? მივა საქმე სამხედრო ესკალაციამდე? გაბედავს პუტინი? გაბედა და თან როგორ! უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკისა თუ ფენტეზის მოქმედებას უფრო წააგავს. 21-ე საუკუნის ცივილიზებულ მსოფლიოს ფართომასშტაბიანი ომის საშიშროება მოელის და დიდია ალბათობა ეს სამხედრო ესკალაცია მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლოს და სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს.
ჩინეთი და რუსეთი ბოლო ხანს კარგა გვარიანად „ჩაძმაკაცდნენ“, მაო ძე დუნის შთამომავლები კი ტაივანის შეერთებისაკენ ისწრაფვიან. ჯერ აშკარად ვერ ბედავენ, მაგრამ ამის წინაპირობას უკვე ქმნიან. რუსეთის მეორე „ძმობილი“ სერბეთი კოსოვოს დაბრუნებაზე ოცნებობს, მრავალნაციონალური ბოსნია კი დაქუცმაცების საშიშროების წინაშეა, რადგან სერბულ და ხორვატულ ანკლავებს ისტორიულ სამშობლოებთან შეერთება სურთ. დღეს საშიშროება მხოლოდ უკრაინას ემუქრება, მაგრამ დომინოს პრინციპს თუ გავითვალისწინებთ, დიდია შესაძლებლობა შუაგულ ევროპაში ახალი ფეთქებადი საომარი კერები წარმოიშვას.
„პუტინი გიჟი“, „პუტინი შეშლილი“, „პუტინი შოვინისტი“, „პუტინი - ახალი ჰიტლერი“, კიდევ რა ეპითეტით შეამკობენ ამ ადამიანს? ფაქტია, სანამ ცივილიზებული მსოფლიო დიალოგის გზით დაძაბულობის შენელებასა და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებდა, რუსეთის პრეზიდენტმა ერთი მოქმედებით ყველაფერს წერტილი დაუსვა, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რეგიონები ოფიციალურად აღიარა და ხვალ-ზეგ სრულიად უკრაინას დაემუქრება - ამასაც გაბედავს? - ალბათ. ასეა თუ ისე, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ვერც სანქციებმა შეაშინა. თუ ახალ სანქციებს დაუწესებენ, „გაბრაზდება“ და პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში არსებულ ნატოს სამხედრო ბაზებსაც მისწვდება.
უკრაინა ძლიერად დგას და მთელ მსოფლიოს ამის იმედი აქვს.
5 მარტს მოსკოვში უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო მიტინგი იგეგმება, ეს არის და ეს. სრულიად რუსეთი ჯერჯერობით სიჩუმისა და მოლოდინის რეჟიმში იმყოფება.
სად არიან ლია ახეჯაკოვას მსგავსი საღად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქეები.
„ჩემი აზრით რაღაც გამოუსწორებელი მოხდა, ეს მართლაც მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას გავს. ეს რაღაც წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი მისი სისასტიკის გამო. მეჩვენება, რომ შედეგები ძალიან მძიმე იქნება. როცა ქვეყნის კეთილდღეობის სათავეში არა ეკონომიკა, არამედ სხვადასხვა ძალოვანები დგანან, ძალიან საშიშია,“ - განაცხადა ორიოდე დღის წინ ცნობილმა მსახიობმა .
სამაგიეროდ სრულიად რუსეთი ალბათ, „ცნობილი პოლიტიკოსის“ გენადი ზიუგანოვის მოსაზრებას იზიარებს.
„ჩვენ ვალდებული ვართ სრულიად რუსული სამყარო დავიცვათ. რუსების გარეშე თქვენ გადაშენება გემუქრებათ. რუსული სამყარო - რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა - ერთი ენა, ერთი კულტურა. ვალდებულები ვართ უკრაინაში ამჟამინდელი ფაშისტური რეჟიმის პარპაშს ბოლო მოვუღოთ. ზელენსკი საშუალო გაქანების მსახიობია, რომელსაც მხოლოდ ეპიზოდურ და მეორეხარისხოვან როლებს ანდობდნენ. ეს ვითომ მსახიობი დღეს ქვეყნის სათავეშია და უკრაინას დაღუპვისაკენ მიერეკება“, - განაცხადა ბატონმა გენადიმ.
ორი დღის წინ უკრაინის დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ზიუგანოვის სიტყვები დიდი ეჭვის ქვეშ დააყენა.
რუსეთთან ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში უკრაინის მოსახლეობის 48 პროცენტი მზადაა თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ ჩაეწეროს.
ამბობენ ნამდვილ მეგობარს გაჭირვების დროს შეიცნობო. უკრაინაში ომის დაწყების შემთხვევაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილის მიღება-დაბინავება მოუწევს.
უნგრეთსა და უკრაინას 137-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აკავშირებთ. ცნობილი გახდა, რომ მის მთელ სიგრძეზე უნგრული საჯარისო ნაწილები იწყებენ განლაგებას. მიზანი ერთია: მეზობელ სახელმწიფოში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, უნგრეთის საზღვარს მომდგარი ლტოლვილების შეჩერება. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ტიბორ ბენკოს განცხადებით, ვერც ერთი უკრაინელი უნგრეთის სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთს.
საწინააღმდეგო მდგომარეობაა რუმინეთში. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ვასილე დინკუს ინფორმაციით, მისი ქვეყანა ნახევარი მილიონი უკრაინელი ლტოლვილის მისაღებად მზადაა.
უკრაინაში დიდი პატრიოტული მუხტია. ამის მიუხედავად უმაღლეს რადაში „გამკრიტიკებლებიც“ გამოჩნდნენ. პუტინის „დემარშის“ შემდეგ, იმ დროს, როდესაც მთელი უკრაინა ფეხზე დგებოდა და ერთი საერთო იდეის ქვეშ ერთიანდებოდა, პარტიამ „ოპოზიციური პლატფორმა“ ზელენსკის გადაყენება მოითხოვა, მიზეზად კი პრეზიდენტის მიერ ქვეყნის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანა მოიტანა. მოგვიანებით ამავე პარტიის წევრმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა ილია კივამ განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკი შორეულ კოსტა-რიკაში 1.2 მილიარდ დოლარს ინახავს. რასაკვირველია, ეს თანხა სხვადასხვა საეჭვო მაქინაციებითაა დაგროვილი. კივამაც ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომისაკენ მოუწოდა.