„2010 წელს პუტინმა ენერგოიმპერიის კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება - ჩინეთი-რუსეთი-ინდოეთი, - ეს არის ალტერნატიული ბაზარი და ალტერნატიული პოლიტიკის წყაროც და ამის გათვალისწინებით მოქმედებს რუსეთი“

„2010 წელს პუტინმა ენერგოიმპერიის კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება - ჩინეთი-რუსეთი-ინდოეთი, - ეს არის ალტერნატიული ბაზარი და ალტერნატიული პოლიტიკის წყაროც და ამის გათვალისწინებით მოქმედებს რუსეთი“

ერთი დაღუპული და 6 დაშავებული სამხედრო. დონბასში საომარო მდგომარეობაა. ბოლო 24 საათში დონეცკსა და ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 96-ჯერ დაარღვიეს. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსული ფორმირებები მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს იყენებენ. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთლიან ტერიტორიაზე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების გარდა.

უკრაინის საზღვრებთან დიდი სამხედრო კონტინგენტის მობილიზების შესაბამისად, უკრაინის ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, კომენდანტის საათი გამოცხადდეს. სამხედრო-სამართლებრივი კვლევების ცენტრის ინფორმაციით, უკრაინა სამხედრო შეტაკებას თავიდან ვერ აიცილებს და შესაძლოა, კიევზე იერიში და ფართომასშტაბიანი დაპირისპირება დაიწყოს.

რამდენად წავა ამ ნაბიჯზე რუსეთი, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთს შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის გარეთ გამოყენების უფლებასაც აძლევს. სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბება დონბასში, სროლები მეტად ინტენსიური ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აზოვის ზღვაში მიმდინარეობს რუსული ფლოტის წვრთნები.

რუსეთის გააქტიურების ფონზე, კიევი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთიდან გასვლისკენ მოუწოდებს. რადამ კი პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინელებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასა და თავდაცვის მიზნის მოქმედების უფლებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება სულ უფრო და უფრო რეალური ხდება, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს იმედი აქვს, რომ დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

„შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვართ დიპლომატიისთვის, თუ ის სერიოზულია. ბოლოს რუსეთს მისი ქმედებებით განვსჯით და არა სიტყვებით, როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ, მას ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ. იმედი მაქვს, დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების, მხოლოდ დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს.

„იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების, მხოლოდ დიპლომატიის გზით. ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ომზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ომის საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ომი უნდა იქნას თავიდან აცილებული. ეს ყოველივე უნდა გააკეთოს მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ამ პროცესში თუ რაიმე წვლილს შევიტანთ, ეს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, დამატებით, 23 მილიარდი გრივნა გამოყო. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის, რუსეთის მხრიდან. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებულია რუსეთის 150 - ათასიანი არმია, დონბასის ნაწილი კი ოკუპირებულია, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები რუსეთმაც უნდა მისცეს.

„მე ბევრჯერ შევთავაზე რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა და საუბარი, რადგან ეს არის დიალოგის საკითხი და არა პირობების. ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ უკრაინა დღეისთვის უსაფრთხოების არც ერთ ალიანსში არ არის. ჩვენ თავს თავადვე ვიცავთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით. თუმცა, იღუპებიან სწორედ უკრაინელები, ამიტომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო, კონკრეტული და უკვე ახლა, ვინაიდან გვსურს ვიცოდეთ, რომ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახლები და არა მხოლოდ თავად, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს სხვა პარტნიორების მხარდაჭერა“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, საომარი მოქმედებები საფრთხის შემცველია მთლიანად რეგიონისთვის, შესაბამისად ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე თვლის, რომ ეს საკითხი გახდა პოლიტიკური ვაჭრობის შემადგენელი ნაწილი. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ამის თქმის საფუძველს აძლევს პარალელური შეხვედრები და დიპლომატიური მოლაპარაკებები.

„არავისთვის არ არის დამალული და დაფარული, რომ ეს არის გლობალური პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები არის კონფლიქტის საბაბი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. მე ვთვლი, რომ რუსეთმა ამდენი წლის განმავლობაში დააგროვა ის რესურსი, რომელიც მას საფუძველს აძლევს მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ასევე, ამის საფუძველს მაძლევს დასავლეთში განვითარებული პროცესები. დასავლეთი არ არის ერთიანი, სხვადასხვა განწყობებია ამ პროცესებისადმი, რაც მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ომის გარეშე დამთავრდეს და ჩვენ გავხდებით ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების მხილველები“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

თამარ კიკნაძე იზიარებს პოზიციას, რომ დღეს პუტინი ვერ ხედავს ძალას, რომელსაც შეუძლია მისი გაჩერება და შესაბამისად, მოქმედებს ყოველგვარი წესების გარეშე - განსაკუთრები აღიარებისა და სიმბოლური სანქციების შემდეგ.

„ყოველთვის ვამბობდი, რუსეთი ძალიან დიდი სახელმწიფოა და შეუძლებელია მისი არგათვალისწინება. 2010 წელს პუტინმა ენერგოიმპერიის კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება. საერთოდ, დივერსიფიცირებულია გაზის მიწოდება - ჩინეთი-რუსეთი-ინდოეთი. ესენი არიან უდიდესი ქვეყნები, ასე რომ, ეს არის ალტერნატიული ბაზარი და ალტერნატიული პოლიტიკის წყაროც. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოქმედებს რუსეთი. რას მიიღებენ? - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროები არ უნდა იყოს, ალბათ, მსოფლიო მიიღებს არა მარტო გავლენის სფეროებს, არამედ სავალუტო ზონებსაც კი.

რაც შეეხება ომის დაწყებას, ყოველ შემთხვევაში, ეს არც რუსეთის და არც უკრაინის ინტერესში არ არის, მაგრამ აქ სახელმწიფოების გარდა არიან ტრანსნაციონალური კომპანიები, ავტორები, რომლებმაც საომარი მოქმედებებიდან შეიძლება ძალიან დიდი მოგება ნახონ. თუ თვალს მივადევნებთ, ვანახავთ, რომ სამხედრო კორპორაციებმა, რომლებიც დღეს იარაღს აწარმოებენ, ძალიან დიდი მოგება ნახეს. ასე რომ, გააჩნია როგორი დაინტერესებაა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ომის დაწყება ვაჭრობის პროცესის შემადგენელი ნაწილია. ალბათ, უფრო ლოკალური ომი იქნება. არა მგონია, რომ ფართომასშტაბიანში კონფლიქტი მივიღოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ დასავლეთი იმედს ყოველთვის იტოვებს, კარს ბოლომდე არ ხურავს. თუმცა, მისი თქმით, რეალურად ყველა ხვდება, რა გზა აირჩია პუტინმა, ამიტომ ახლა გადართული არიან შეკავებაზე და იმისათვის, რომ ნებისმიერ იმ აგრესიულ ქმედებაში რასაც რუსეთი განახორციელებს, ძვირი ფასი გადაიხადოს.

„თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დასავლეთი კარს არ ხურავს და ეუბნება რუსეთს -თუკი გონს მოეგები, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გელაპარაკოთ. ეს გამოაცხადა ბაიდენმაც, მაგრამ დღევანდელი რუსეთის დამოკიდებულება და მისი აგრესიულობა ყველასთვის ცხადია და არ მგონია, ვინმეს ილუზია ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით. „გაზსადენი Nord Stream 2“- ის შეჩერება ადვილი თემა არაა. ასევე პერსონალური სანქციები, რომელიც პუტინის უახლოეს გარემოცვას დაუწესეს, არც ესაა ადვილი საკითხი. კატასტროფულად დაეცა რუსული კომპანიების ინდექსები, თანაც ძალიან გასაგებად ითქვა ბაიდენის მიერ, ისევე როგორც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და ამას კიდევ მეტი გამკაცრება მოჰყვება“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დიდი ბრიტანეთს შედგენილი აქვს სია იმ პირების შესახებ, რომლებსაც სანქციებს დაუწესებენ, მაგრამ ჯერ კიდევ უტოვებენ რუსეთს შანსს, რომ რაციონალურად იმოქმედოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოჰყვება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები და ეს ძალიან კარგად იციან რუსეთში. პირველად, ამ ხნის განმავლობაში დასავლეთის ქმედებები მართლაც სერიოზული, მტკიცე და მკაცრია. არ მაქვს იმის ილუზია და ალბათ არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ პრობლემა ერთ დღეში მოგვარდება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც რუსეთს აქამდე გასდიოდა, აღარ გაუვა.

პროცესი იქნება საკმაოდ რთული, ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილება პუტინმა მიიღო, ეს არის მისი რეჟიმის დასასრულის შეუქცევადობა. შეუძლებელია, ამ პოლიტიკამ რუსეთს წარამტება მოუტანოს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პუტინის რეჟიმი აუცილებლად კრახით დამთავრდება. მისი აგრესია ნათელია მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის“, - უთხრა for.ge-ს თენგიზ ფხალაძემ.

ანლიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიის გამოყენებაში აქამდეც მოუწოდებდნენ მხარეები, დიპლომატიით ვერ მოხდა პროცესის შეჩერება. დასავლეთმა რუსეთს არ მისცა შესაძლებლობა, რომ ეპოვა ომის საბაბი, გადაუკეტა ყველა საშუალება და ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინს მოუწია უკვე დაკავებული ტერიტორიების აღიარება.

„სინამდვილეში რუსეთის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა ყირიმზე სახმელეთო გასასვლელის დაკავება. უფრო მეტიც შეიძლებოდა - კიევზე დარტყმა და ქვეყნის ოკუპაცია, რაც რთულად შესასრულებელი ამოცანაა. მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ უზრუნველყოფს, უკრაინის, ამხელა ქვეყნის დაკავება გაუჭირდებოდა. მაგრამ, სამხედრო მოქმედებებით, მსგავსი ოპერაციის ჩატარება, ალბათ, იყო მისი მიზანი, რასაც ვერ მიაღწია და დამარცხებულია. უკვე ოკუპირებულს ნათლავენ რაღაც გამარჯვებად. სწორედ აქედან გამომდინარე, ალბათ, ეს ვერ შეფასდება როგორც ერთგვარი გამარჯვება, დასავლეთმა უფრო მეტს მიაღწია ამ შემთხვევაში, მაგრამ სადამდე მივა პროცესები, ეს არავინ იცის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გურამ ნიკოლაშვილი.