„გახარია არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, თორემ გახარია რომ გადადგა, მას შანსი ჰქონდა, გაცილებით უკეთესი შედეგი დაედო შუალედურ არჩევნებზე“

„გახარია არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, თორემ გახარია რომ გადადგა, მას შანსი ჰქონდა, გაცილებით უკეთესი შედეგი დაედო შუალედურ არჩევნებზე“

გიორგი გახარია - რა მოუტანა მას იმ ერთმა წელიწადმა, როცა „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირება გადაწყვიტა და თანამდებობიდან გადადგა? რისთვის დახარჯა ეს ერთი წელი გახარიამ და მისმა პარტიამ და რა საეჭვო დეტალებია მის საქმიანობაში?

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ამომრჩეველზე განუწყვეტლივ „მუშაობს“ და ამ ამომრჩევლის დაბრუნებას ცდილობს. გახარიას ისეთ დანაშაულებში ამხელენ, რაც მისი რეიტინგისთვის წამგებიანია. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის შეიძლება იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი შეიძლება იყოს ამ თვალსაზრისით საინტერესო, მათ შორის, ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაცია პანკისში, რომლის უკანაც ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ კვალს არ გამორიცხავს. მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსი და კავშირი გახარიას წარმოეშვა ჯერ კიდევ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გახარია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი იყო და მმართველმა გუნდმა ამის თაობაზე არ იცოდა. ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ ამ ალიანსის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაამჟღავნებს.

„როცა გავიხედეთ უკან, ბევრი რამ უფრო ადვილად ასახსნელი გახდა, ანუ რაღაცებს ვხსნიდით ჩვენი არაკომპეტენტურობით. თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონდა სხვა ახსნა და სხვა მიზეზები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს ცარიელ ნიადაგზე არაფერი აღმოუცენებია და მის მიერ გაკეთებული განცხადებები გიორგი გახარიასთან მიმართებით კონკრეტულ ფაქტებს ეხება. კერძოდ, ვოლსკი პანკისის ხეობაში არაპროფესიონალურად და პოლიციის იმიჯისთვის დამაზიანებლად ჩატარებულ ოპერაციაზე საუბრობს. რაც შეეხება კოკაინის გამოყენებას, ვოლსკი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას არ ჰქონდა, მაგრამ ეჭვი მასაც გაუჩნდა ავსტრიაში ჩატარებული საეჭვო ანალიზის გამო. ვოლსკი კიდევ ერთ დეტალს ეხება, აშშ-ში უცბად ერთად ჩასვლის ფაქტს სააკაშვილისა და გახარიას მხრიდან, რაც ერთ სასტუმროში ყოფნით დაგვირგვინდა. ამ ყველაფერს ვოლსკი ამატებს ნიკა მელიას საქმეს და ასკვნის, რომ ერთად ამდენი დამთხვევა არ ხდება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვოლსკი პროკურატურას თავადაც მიმართავს.

გიორგი გახარიას დაკავშირებას „ნაცმოძრაობასთან“ შეთქმულების თეორიას უწოდებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ ამ ერთ წელიწადში აიღო პერსპექტიული სტარტი. თუმცა ამ ეტაპზე გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პოლიტიკური პროცესი პრაქტიკულად მკვდარია, ეს მხოლოდ პოლიტიკური პროცესის იმიტაციაა და ჩვენ რასაც ვუყურებთ, რეალურად, არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გახარიას ამოცანაა, გადარჩეს, მოიზიდოს რესურსები, მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის.

გია ხუხაშვილის აზრით, გახარიას აქვს პერსპექტივა, მისი არჩევანი იყო საჯარო პოლიტიკაში გადასვლა, წავიდა საჯარო პოლიტიკაში და, თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში პერსპექტივა, ალბათ, გახარიასაც აქვს.

რაც შეეხება მოარულ ხმებს, რომ გიორგი გახარიამ პრემიერობიდან გადადგომა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზად მოუწყო, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პარანოია და არაჯანსაღი გამონათქვამებია, რაზეც პასუხის გაცემა არ ღირს.

„საცოდავები არიან. „ნაცებისგან“ საეჭვო დაფინანსებაზე საუბრობს კობახიძე, საეჭვო დაფინანსება თავის პარტიაში მოიკითხოს, საკუთარ შავ სალაროში ჩაიხედონ. „ნაცმოძრაობასთან“ გახარიას დაკავშირება სისულელეა, ამას მხოლოდ იდიოტი თუ დაიჯერებს. კობახიძე ამით საქართველოს მოსახლეობას აყენებს შეურაცხყოფას, რომ ნებისმიერ რამეს დააჯერებს. როგორც ჩანს, კობახიძეს გართულებები ემართება ბიძინას დაბადების დღისთვის. მას არასდროს არანაირი მტკიცებულება არ მოუტანია გახარიასთან მიმართებით, ის ავითარებს შეთქმულების თეორიას, მე გავისვრი და მერე წავიდეს გახარია და თავი იმართლოსო. არც თვლის, რომ მტკიცებულებების დადება საჭიროა. ის თვლის, რომ პოლიტიკა ასე კეთდება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, პანკისის საეჭვო სპეცოპერაციაზე როცა საუბრობენ, რომლითაც თითქოს გიორგი გახარიას კვალი დასტურდება „ნაცებთან“, ზუსტად პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ პრემიერად აირჩიეს გახარია მეორედ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მოვლენებს პირდაპირ უნდა დავარქვათ სახელი, ეს კი ნიშნავს, რომ გახარია არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, თორემ გახარია რომ გადადგა, მას შანსი ჰქონდა, გაცილებით უკეთესი შედეგი დაედო შუალედურ არჩევნებზე. თანაც, გახარია უცნაურად იქცევა, „ნაციონალების“ ხმებით თანახმაა, საკრებულოებში თავისი კაცი გაიყვანოს თავმჯდომარედ, მაგრამ კომისია რომ შეიქმნას „ნაციონალების“ ლიდერის მდგომარეობის გასარკვევად, აქ უკვე წინააღმდეგია და ამბობს, ჩვენ ვართ თანმიმდევრულებიო.

„პრინციპულობა სხვა არის, თანმიმდევრობა - სხვა, რეიგანმა პარტიები რომ შეიცვალა, თანმიმდევრული არ იყო? ამიტომ ცუდი პოლიტიკოსი იყო? ჩერჩილმა რომ შეიცვალა პარტია, რა, ცუდი პოლიტიკოსი იყო? პოლიტიკოსი ყოველთვის ელასტიური და მოქნილია, პოლიტიკოსი არ შეიძლება რელიგიური ფანატიკოსი იყოს. თუ აღმოჩნდა, რომ „ნაცები“ აფინანსებენ გახარიას, რაზეც ირაკლი კობახიძე მიანიშნებს, არა მგონია, გახარიას სჭირდებოდეს „ნაციონალების“ ფინანსები, ასე თუ ისე, გახარიაზე ვერ ვიტყვით, სულელიაო, მას იმდენი ჭკუა მაინც აქვს, „ნაციონალების“ ფულს არ დახარბებოდა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, გახარიამ როგორ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე, ემზადებოდა წინასწარ, თუ სპონტანურად გადადგა, მაგრამ, თუკი გადასადგომად წინასწარ ემზადებოდა, მაშინ ზურგი უნდა გაემაგრებინა, თავისი ხალხი ჩაესვა ბევრგან, მოსამზადებელი სამუშაო გაეწია.

გარდა ამისა, სოსო ცინცაძეს აინტერესებს, გახარიას რისთვის სჭირდება კამიკაძეობა, როცა თვალების დათხრასთან დაკავშირებით აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მაინცდამაინც მე მივიღეო. ეს ხომ მისი სუსტი ადგილია, სადაც მან ვერ მოძებნა დიპლომატიური პასუხი. შესაბამისად, მისი მომხრეებიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და უხერხულ კითხვებზე არადამაჯერებელი პასუხების გაცემა უხდებათ.