საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი მარტიდან რეგულაციების ძირითადი ნაწილი იხსნება ან მსუბუქდება. საბჭოს წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს ომიკრონის მე-6 ტალღა გადავლილი აქვს, რაც ქვეყანას აძლევს საფუძველს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე იფიქროს. ბიზნესი ამ გადაწყვეტილებას დაუფარავი კმაყოფილებით შეხვდა.
ფაქტობრივად, საკოორდინაციო საბჭომ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე თითქმის ყველა მანამდე არსებული კოვიდრეგულაცია გააუქმა. ბიზნესმენთა აზრით, ეს გადაწვეტილება მოსალოდნელი და ადეკვატური იყო და რამდენიმე კვირაში დარჩენილი მცირედი რეგულაციებიც სრულად მოიხსნება.
„შეიძლებოდა რომ ეს გადაწყვეტილება 2-3 კვირით ადრე მიეღოთ, თუმცა არც დღეს ყოფილა დაგვიანებული. შეზღუდვებს, რომლებიც დღეს გვაქვს, რეალურად „ომიკრონის“ მოქმედებასთან მიმართებაში არანაირი შეხება არ ჰქონია და რაც არ უნდა დაწესდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გამოვა და ეკონომიკას და სახელმწიფოს დააზარალებს. აქედან გამომდინარე, ის მცირედი შეზღუდვები, რაც დარჩენილია, ეგეც რამდენიმე კვირაში მოიხსნება“, - აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ.
მისი აზრით, საბჭოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად შეზღუდვების სრულიად მოხსნაა და ძალიან მცირე ბერკეტია დატოვებული იმისთვის, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, რაღაც შეზღუდვა მაინც არსებობდეს.
„მიღებული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეზღუდვების სრულიად მოხსნას ნიშნავს, დატოვეს მხოლოდ მცირე შეზღუდვა რაოდენობაზე, თუმცა ამ რაოდენობის შემმოწმებელიც ხომ უნდა არსებობდეს? რეალურად, ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა, არის ის მოტივაცია, რომ მომავალში ყველაფრის გაუქმება უფრო მარტივი იყოს. თუმც რაღაც ბერკეტი დატოვებულია იმისთვის, რომ სასწაული რომ მოხდეს და სიტუაცია გამწვავდეს, რაღაც შეზღუდვა არსებობდესს, რომ ისევ დიდ შეზღუდვებს არ დავუბრუნდეთ. ეს არის უბრალოდ ფიქცია, რომელას, ვფიქრობ, რომ ყურადღება დიდად არ მიექცევა“, - განაცხადა „კომერსანტთან“ ბურჯანაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს წევრები თავისი გადაწვეტილების არგუმენტად იყენებენ საერთაშორისო გამოცდილებასაც, სადაც შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე შემსუბუქდა ან გაუქმდა, რასაც ფაქტობრივად ეთანხმებიან მედიკოსებიც. კლინიკა „კიდ კო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეგულაციების აღსრულება და კონტროლი ბოლო პერიოდში ისედაც ვეღარ ხერხდებოდა, რაც მათ არსებობას აზრს უკარგავდა. შესაბამისად, მათი მოხსნა აღარაფერს წყვეტდა.
„საზოგადოების ქცევა ძალიან მოდუნდა, შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომელიც იურიდიულად არსებობდა, პრაქტიკულად, აღსრულების კუთხით დიდწილად უკანა მხარეს გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა რეგულაციებს აღარც იცავდა. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. რეგულაცია, რომელიც არსებობს და არ არის შესრულებული, არანაირი ეფექტს არ იძლევა“, - განაცხდა ირაკლი გამყრელიძემ.
1-ლი მარტის შემდეგ ერთადერთი ქმედითი აკრძალვა, რომელიც ძალაში დარჩება, პირბადის ღია და დახურულ სივრცეში ტარება იქნება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ თუ შეზღუდვები მსუბუქდება პირბადის ტარების კონტროლი მაინც უნდა გამკაცრდეს, რადგან ქვეყანა აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებისთვის მზად ჯერ არ არის.
„უნიღბოდ როცა გადაადგილდებით ქუჩაში, დაცული არ ხართ. შეიძლება 1 საათით ადრე ამ ადგილას გაიარა ინფიცირებულმა ადამიანმა, რომელმაც დაახველა ან დააცემინა, რაც თქვენ უკვე ინფიცირების საფრთხეს გიქმნით. პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ჯერ ადრეა.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში ნიღბის ტარების აღსრულების კონტროლი პრაქტიკულად მინიმუმადეა დასული. ლოგიკური და განსახორციელებლად იოლი იქნება, რომ ამ მიმართულებით მაინც იყოს კონტროლი გამკაცრებული. არ მგონია, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის შინაგანი პასუხისმგებლობის იმედით მოვახერხოთ და ნიღბის ტარების მაჩვენებელი 70-80%-მდე გავზარდოთ“, - განაცხდა ჩხაიძემ.
გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდეს. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, ნიღბის ტარების ვალდებულების საკითხიც გადაიხედება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთეს ტენდენციას აჩვენებს და ეს ტენდენცია მყარი იქნება, ცხადია, პირბადის ვალდებულებების გადახედვაც მოხდება“, - განაცხადა ღიბრაძემ.