„მოვლენები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც ჩვენთან ცხინვალის რეგიონში და უფრო ადრე აფხაზეთში. ზუსტად ის გაითამაშეს რუსეთის სპეცსამსხურებმა, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამისთვის სიტუაცია წინასწარ მოამზადეს“, - ამბობს აფხაზეთის ა/რ უშიშროების ყოფილი მინისტრი, ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარისას.
ვიცით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ აღიარა. თქვენ პირადად, რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ დღეს არსებულ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს შორის?
- ჩემთვის არავითარი განსხვავება არ არის ოს და აფხაზ სეპარატისტებსა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტებს შორის. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, ჩააყენებენ იქ ჯარის ნაწილებს და ორივე ტერიტორიას გააკონტროლებენ თავიდან ბოლომდე. იქ თუ „საზღვარი“ დაირღვა, გაიტაცებენ ადგილობრივებს. სცენარი ერთი ერთზე ჯდება.
განსხვავება ის არის, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან წინასწარ გამოდევნეს ქართული მოსახლეობა, რომ იქ ვითომ არჩევნები ჩაეტარებინათ და „ლეგიტიმაცია“ მიეცათ იმ „ხელისუფლებისთვის“, რომელსაც აირჩევდნენ. დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა რუსულენოვანია და იქ რეფერენდუმების ჩატარება რუსებს არ გაუჭირდებათ.
მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით? თქვენი აზრით, რამდენად მასშტაბურ ხასიათს მიიღებს ეს ყველაფერი?
- გამოცდილებიდან ვიცი, ერთი გოჯი მიწის არდათმობა თუ ძალისმიერი მეთოდით მოხდება, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იქ ომი დაიწყება. ისევ დასავლეთის ზეწოლით, ჭკვიანური მოქმედებით, ისევ ხაფანგში არ უნდა გაებას უკრაინის ხელისუფლება.ზელენსკის იმედი აქვს საერთაშორისო მხარდაჭერის, ზეწოლის. იქ თუ დასავლეთის ზეწოლა იქნება, სანქციების დაწესება მაქვს მხედველობაში, ეს კარგად არ შემოუტრიალდება პუტინს.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ. ამასთან, მზადდება შესაბამისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, დამატებით, კიდევ რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს?
- საქმე ისაა, რომ კი თქვეს ავამოქმედებთო, მაგრამ სრულფასოვნად აამოქმედებენ? განხილულ უნდა იქნეს როგორ აამოქმედებს, რომ აამოქმედებს, რუსეთი რას უპასუხებს. რუსეთსაც შეუძლია აამოქმედოს სანქიცები, მით უმეტეს, ვიცით, რომ ეკონომიკის დარგში დასავლეთი ბევრი რამით სარგებლობს რუსეთისგან. აქედან გამომდინარე, აქ ორმხრივ ამოქმედებას უნდა ველოდოთ და ისეთის ამოქმედება, როგორსაც დასავლეთი გეგმავს, რამდენად ეფექტური იქნება, არ ვიცით.
რა მიზანი აქვს პუტინს? როგორც ვიცით, მას სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა. რამდენად რეალურია ეს?
- ეს მიზანი პუტინს დიდი ხანია აქვს, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა, ვერ აღადგენს. თუმცა, ის, რომ მას გავლენა ჰქონდეს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე, ამის სურვილი პუტინს დიდი ხანია აქვს.
არსებული ვითარების ფონზე, თქვენ პირადად რამდენად ელოდებით ომის დაწყებას?
- არ ველოდები ომის დაწყებას, რადგან ომებმა ბევრი გაკვეთილი აჩვენა და არ მგონია, ასეთ პროვოკაციებს უკრაინის ხელისუფლება წამოეგოს. ეს მასშტაბურ ხასიათს არ მიიღებს, რადგან მასშტაბური ხასიათის შემოჭრას არც პუტინი გეგმავს. იქნება გატაცება, სროლა, დონბასი და ლუგანსკი გადაიქცევა უფრო ცხელ წერტილებად. მშვიდობა უკვე აღარ იქნება.
საქართველოს კონტექსტშიც რომ განვიხილოთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს?
- დანის პირზე გავდივართ ჩვენ, ძალიან ფრთხილი და სერიოზული მოქმედებებია საჭირო. ახლა ჩავებათ ამ კონფლიქტში, არ მგონია, ეს წაადგეს საქართველოს. რა თქმა უნდა, უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, მორალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, თორემ ისე ჩვენ რა გვაქვს, რომ სხვას დავეხმაროთ?!
ანუ ფიქრობთ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების დუმილის პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ?
- დიახ, ამით აიხსნება ზუსტად. როგორმე თავი უნდა ავარიდოთ ამ კონფლქტის აქეთ გადმოტანას, ანუ კონფლიქტის ჩვენთან გაგრძელებას.
ამის საშიშორება რამდენად არსებობს დღეს?
- ამის საშიშროება ყოველთვის არის. ბევრი მიფიქრია, რატომ ვაძლევთ ამდენი პროვოკაციის უფლებას ე.წ. საზღვრთან რუსებს, რომ ასე წამდაუწუმ ჩვენი ტერიტორიებიდან ხალხს იტაცებენ. ზუსტად იმიტომ, რომ პროვოკაციას არ წამოვეგოთ, ამისთვის არის ეს ნაბიჯები გადადგმული, თავშეკავება სწორედ ამისთვის არის საჭირო.