დუპუტატი კობა დავითაშვილი სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ ახალ ლაშქრობას იწყებს. ამჯერად დეპუტატი კიდევ უფრო შორის წავიდა და აზარტული თამაშების მთლიანად აკრძალვას ითხოვს. მან ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მისი ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩააგდო.
„მას შემდეგ რაც პარლამენტმა ჩააგდო კანონი რეკლამის აკრძალვის აზარტული თამაშებისა, მე დავსვამ საკითხს სრული აკრძალვის თაობაზე. ის ფული, რომელიც მიედინება შავ ხვრელში, რასაც აზარტული თამაშები ჰქვია, არ მიდის ეკონომიკის სხვა დარგებში. ამით ეკონომიკაც ზარალდება, საზოგადოებაც, ჩვენი ოჯახებიც და მე ვიცი საზოგადოების განწყობა, რომ უმეტესი მათგანი არის მომხრე ამ აზარტული თამაშების აკრძალვისა“, - განაცხდა დავითაშვილმა.
მოსახლეობა მართლაც მკვეთრად ნეგატიურად არის განწყობილი აზარტული თამაშების მიმართ. პარლამენტში უკვე შესულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ შედგენილი პეტიცია, სადაც დასმულია მოთხოვნა საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ. აკრძალვის დაწესებამდე, პეტიციის ავტორები სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამირების აკრძალვას, გარკვეული ცენზების დაწესებას და ეტაპობრივად ტოტალიზატორების, სამორინეების, სათამაშო კლუბების და სხვა მსგავსი დაწესებულების დასახლებული პუნქტებიდან დაშორებით გადატანას ითხოვენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, აიკრძალოს ახალი ნებართვის გაცემა აზარტული თამაშების მოწყობაზე, ხოლო შესაბამის სუბიექტებს არსებული ნებართვების ვადა აღარ გაუგრძელდეთ.
სწორედ ამიტომ აზარტული თამაშების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. იქ 30 წევრი შედის, რომლებიც სათამაშო ბიზნესის საკითხზე კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წარუდგენს.
ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აზარტული თამაშების აკრძალვას და მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითხოვენ და თავად აზარტული სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები.
„არ მინდა, სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს მიდგომით „აიყარე გუდა-ნაბადი და წადი“. აზარტული თამაშებით გატაცებული არასდროს ვყოფილვარ, მხარს დავუჭერ ყოველგვარ შეზღუდვას და აკრძალვას, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არავინ დაზარალდეს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ.
კომიტეტის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ კანონპროექტის მომზადებისას არ უნდა ჰქონდეს ადგილი აჩქარებას. საბოლოო ჯამში, პარლამენტში უნდა შევიდესდ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დეპუტატები რეალურად მხარს დაუჭერენ.
„სათამაშო ბიზნესის“ ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ახვლედიანი აზრით, აზარტული თამაშების სრული აკრძალვა მა ბიზნესს არალეგალურს გახდის.
„ჩვენ მივიღებთ უარეს სოციალურ შედეგს, ანუ ასე ვთქვათ დღეს დარეგულირებული და კანონში მოქცეული ბიზნესი მიიღებს არალეგალურ ფორმას და იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. ჩვენ ვიცით რას იწვევს ეს ე.წ. „ხელზე მაზები“, „თავანები“ და „პოსლეებზე“ თამაშები. რაც აუცილებლად მოხდება იმ შემთხვევაში თუ კი ბიზნესი დაკეტილი იქნება და არ იქნება კანონიერების ჩარჩოებში მოქცეული“, - განაცხადა ახვლედიანმა.