პუტინის რეალური მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, გავლენის სფეროების აღდგენა, ან მეზობელი ქვეყნების ტოტალური ნეიტრალიტეტი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„პრეზიდენტ პუტინის შემაშფოთებელმა განცხადებებმა ნათელი გახადა, თუ როგორ უყურებს ის უკრაინას. არა როგორც სუვერენულ ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უფლებით, არამედ რუსეთის ქმნილებას და შესაბამისად რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფს. პუტინის რეალური მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, გავლენის სფეროების აღდგენა, ან მეზობელი ქვეყნების ტოტალური ნეიტრალიტეტი. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე მასშტაბური საფრთხეა“, - განაცხადა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან შეხვედრა გააუქმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.