რაც რუსეთს აჩერებს მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცეა და ჩვენ შეგვიძლია მისი შეჩერება, - ამის შესახებ დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი დიპლომატიის ყველა რესურსს გამოიყენებს, მაგრამ ამ გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში მზად არის საკუთარი მიწის თითოეული სანტიმეტრის დასაცავად.
„რუსეთის წინააღმდეგ წნეხი უნდა გაძლიერდეს. ჩვენ გვაქვს ორი გეგმა: გეგმა ა არის დიპლომატიის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთის შეკავებისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ თუ ეს გეგმა ჩავარდა, გეგმა ბ არის ბრძოლა ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის, ყველა ქალაქისა და ყველა სოფლისთვის. მერე, რა თქმა უნდა, ბრძოლა გამარჯვებამდე“, - განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულება ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ბლინკენამდე ის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.