სანქციები ამოქმედდა - რუსმა ოლიგარქებმა უკვე 8 მლრდ-ანი ზარალი იწვნიეს

სანქციები ამოქმედდა - რუსმა ოლიგარქებმა უკვე 8 მლრდ-ანი ზარალი იწვნიეს

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უკრაინა-რუსეთის კრიზისია, - როგორ უპასუხებს ცივილიზებული სამყარო რუსულ აგრესიას? ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ევროპელი ლიდერები თანმხდებიან, რომ მან დასავლეთისგან იმდენად მძიმე პასუხი უნდა მიიღოს, რომ „ეტკინოს“. რუსი ბიზნესმენები პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, მილიარდებს კარგავენ. Forbes-ს ინფორმაციით რუსმა ოლიგარქებმა პუტინის ქმედებების გამო ბოლო ერთ დღეში 8 მლრდ დოლარით იზარალეს.

ევროკავშირმა კი რუსეთის წვდომა საფინანსო ბაზარზე შეზღუდა; შავ სიაში შეიყვანა 351 რუსი დეპუტატი და სანქციები დაუწესა რიგ რუსულ ორგანიზაციებს.

დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები შემდგომ ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ გერმანია „Nord Stream 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას აჩერებს.

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, სანქციები ეხება ხუთ რუსულ ბანკს და სამ გავლენიან პირს, მათ შორის გენადი ტიმჩენკოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

„ეს არის პირველი ტრანში, პირველი ბარიერი, რისი გაკეთებისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტში და დასძინა, რომ პირებს, ვისაც სანქციები დაუწესდებათ, ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა.

„ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება და ამ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა“, - თქვა ჯონსონმა.

სანქცირებული ბანკების ჩამონათვალშია: Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.

„უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის 80 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხე დგას“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

„ვლადიმირ პუტინი ქმნის საფუძველს უკრაინაში შემდგომი შესვლისთვის. მან ამის ნებართვა დუმას სთხოვა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას თავდაცვის სფეროში.

ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტიც გამოაცხადა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციის სუვერენულ ვალზე, ორი ბანკსა და რუსული ელიტაზე. მთლიანად დაბლოკილია ორი ბანკი WAB და Military Bank. რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს მსოფლიო ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობას და სესხების მიღებას.

„აშშ-ს არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლის სურვილი, მაგრამ ის დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. თუ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ბელარუსიდან, მოხდება ამერიკული ჯარების გადაყვანა ბალტიისპირეთში“, - განაცხადა ბაიდენმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის შეჩერებას ეხმაურება და წერს:

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გასცა ბრძანება Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, სადაც ევროპელები მალე გადაიხდიან 2000 ევროს 1 კუბურ მეტრ გაზზე!“

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ დასავლეთის და ამერიკის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება გრძელვადიანია. ეს არ არის ის, რასაც შეიძლება ველოდით, მაგრამ ბენდიანიშვილი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთის შემდეგ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც რუსეთის ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ აისახება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბაიდენის განცახდება საკამოდ მკაცრი და პრინციპულია.

„ბირჟებზე რუსული აქციების გაუფასურება მოხდება. ვნახეთ რუბლი უკვე როგორ დაეცა და რუსმა ოლიგარქებმა სერიოზული ზარალი ნახეს. ეს ყველაზე მეტად ბიზნეს სექტორს დააზიანებს. ასევე ჩინოვნიკებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესება გარკვეულ უკმაყოფილებასაც გამოიწვევს. დასავლეთი თუ არ დათმობს და კიდევ უფრო მძიმე შეზღუდვებზე გადავა, მაშინ პუტინის შეჩერება კიდევ შესაძლებელი იქნება. თუ დაუთმობენ, პუტინი ამაზე მეტს გაბედავს და უკრაინაში შეჭრასაც არ მოერიდებიან. ეს ყველაფერი კი პუტინის მიმართ რუსეთში აგრესიას და პროტესტს გაზრდის. ძალაინ მკაცრი და პრინციპული გამოსვლა ჰქონდა ბაიდენს. გაბრაზებულიც მომეჩვენა და ეს კარგია. თუკი რუსეთს საერთაშორისო გადარიცხვებიდანაც მოხსნიან, ეს კიდევ უფორ მძიმე დარტყმა იქნება. მე მგონი ბაიდენი ჯერ კარტებს ბოლომდე არ ხსნის და პუტინის ქცევის მიხედვით იმოქმედებს. კარგია, რომ პირდაპირ მას აგრესორი უწოდა. დასავლეთის ასეთი მკაფიო პოზიცია დასავლეთსაც ბიძგს მისცემს.

ბიზნესმენები დ თუნდაც რიგითი მოქალაქეები ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ ეს დაპირისპირება მათ არაფერში სჭირდებათ. რუსებს ტრადიცია აქვთ, რომ ქვეყნის შიგნით გადატრიალებებით ხელისუფლება იცვლება. პუტინი თავისი კარიერული დიქტატორი არ არის. მან ეს სისტემა „ფეესბე“-ზე დაყრდნობით შექმნა და სათავეში ამ სისტემამ მოიყვანა. ამიტომ ამ სისტემის ნელ-ნელა გადანაწილება ხდება. რუსეთის მაღალ ეშელონებში უკვე კარგად ხვდებიან, რომ პუტინის ქმედებები რუსეთს გადაჩეხავს. სწორედ ამიტომ იყო, რომ მან უშიშროების საბჭო რაღაც სანახაობრივ სპექტაკლად აქცია. სავარაუდოდ, მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და პუტინმა მათზე ამ ქცევით წნეხი სცადა“, - ამბობს ანალიტიკოსი for.ge-სთან.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პუტინის გადაყენება შიდაგადატრიალებით მოხდეს. ასეთი ნიშნები კი ნამდვილად არსებობს. ამბობენ, რომ კრემლში ახლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოუგინია. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პუტინის თავზე შავი ღრუბლები ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც მალე შეიკვრება. ის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფიგურად ამ დაპირისპირებაში თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანსაც მიიჩნევს.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი კი ამბობს, რომ დასაავლეთის მხრიდან სანქციების მთლიანი პაკეტი მართალია, ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა უკვე რა სანქციებიც გამოცხადებულია, საკმაოდ სერიოზულ სახის არის. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რუსმა ოლიგარქებმა უკვე 8 მილიარდი იზარალეს, რაც საკმაოდ დიდ დარტყმაა.

„რუსეთის ზარალი და ეკონომიკაზე წნეხი გაიზრდება იმის პარალელურად, რა სანქციებსაც დასავლეთი კიდევ მიიღებს. საკმაოდ დიდი დარტყმა პუტინმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შეჩერებით მიიღო. ამით ევროპაში რუსეთი ბუნებრივი აირის რეალიზებას აპირებდა. რაიმე კონკრეტული ციფრების თქმა ძალიან რთულია. ზუსტი ზარალი, რასაც რუსეთი ამ სანქციებიდან მიიღებს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სრულ პაკეტს ვიხილავთ.

ამ ეტაპზე პუტინის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით ჯერჯერობით რაიმე მწვავე დაპირისპირება არ არსებობს. თუმცა, თუკი ოლიგარქების ზარალი გაიზრდება, რა თქმა უნდა, უკმაყოფილების ხარისხი მის წინააღმდეგ მოიმატებს. უკვე ამხელა თანხა დაკარგეს და კიდევ დამატებით სანქციების შემთხვევაში ზარალი დიდი იქნება. ჯერ კიდევ არ ვიცით საბოლოოდ პუტინი რას აპირებს, საბრძოლო მოქმედებების ხარისხი როგორი იქნება. ბევრი რამ ჯერაც გაურკვეველია და საერთო, დიდი ომი დაიწყება თუ არა, პუტინის გარდა არავინ იცის. ლუგანსკის და დონეცკის აღიარება რა საზღვრებში მოხდა, პუტინმა უკვე თქვა. მის ერთ მესამედს უკრაინა აკონტროლებს და შესაბამისად, გამოდის, რომ უკრაინის მიერ ამ ე.წ. რესპუბლიკების ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. ამიტომ ის ლავირების და მანიპულაციების საშუალებას იყენებს და გამოდის, რომ ომის რისკი დიდია“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.

 

Maverick საოცრად "მასშტაბური" ხედვებია?!
ე.ი. „ბირჟებზე რუსული აქციების გაუფასურება მოხდება." და ა.შ.
მოხდება, თუ უკვე მახდა?!
აზიაც (ჩინეთი, ირანი, თურქეთი, ინდოეთი, მონღოლეთი, იაპონია) ალბათ "შეუერთდება" ამ სანქციებს და ზურგს შეაქცევს რფ-იას?!
ნეტარ არიან "მორწმუნენი".
ღმერთმა ქნას და ეს პროგნოზები ახდეს...
2 წლის უკან