„ანდრუხოვიჩმა ჯერ კიდევ 2010 წელს განაცხადა: უნდა მოვიკვეთოთ დონბასი და ყირიმი, ვინაიდან ხელს გვიშლის ევროპასთან ინტეგრაციაშიო, ამიტომ ეს აღიარება შესაძლოა, არც იყოს მმართველი ელიტისთვის ურიგო გამოსავალი“

„ანდრუხოვიჩმა ჯერ კიდევ 2010 წელს განაცხადა: უნდა მოვიკვეთოთ დონბასი და ყირიმი, ვინაიდან ხელს გვიშლის ევროპასთან ინტეგრაციაშიო, ამიტომ ეს აღიარება შესაძლოა, არც იყოს მმართველი ელიტისთვის ურიგო გამოსავალი“

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს, რადგან მოკლა კიევმა. მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებული იყო მინსკის შეთანხმებების რეალიზებაში, რადგან ეს კომპრომისის შედეგია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ შეასრულებდნენ მინსკის შეთანხმებებს. კრემლის ლიდერი ევროპას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვერ შეძლო კიევის იძულება, შეესრულებინა „მინსკი-2“, ამიტომ სხვა გამოსავალი გარდა ამ „რესპუბლიკების“ აღიარებისა, პუტინის შეფასებით, არ იყო.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტს თანხმობა მისცა, გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისი დადგენილება საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ფარული დესტაბილიზებიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა, რაც რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის კრიზისს ევროპულ უსაფრთხოებაში ყველაზე საშიში მომენტი უწოდა თაობებისთვის.

„ნატო მიზანმიმართული და ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, დაიცვას ყველა მოკავშირე. ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა კიდევ ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და კიდევ უფრო მეტი რეზერვშია. ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს საბრძოლო მზადყოფნაში, მოკავშირეების 120-ზე მეტი ხომალდია ზღვაში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ალიანსს აგრესიისგან დაიცავს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღო. კერძოდ, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ამ სიაში არ არის თავად ვლადიმერ პუტინი.

შავ სიაში მოხვდა 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსური ბაზრისკენ რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესახებ. გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი“ Nord Stream 2“-ის სერტიფიცირება შეაჩერა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა ამბობს, რომ ძალიან რთულია თანამედროვე პოლიტიკური ელიტების მოქმედების ალგორითმის განსაზღვრა იმის გამო, რომ ისინი წმინდა ეროვნული ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ, რაც თანამედროვეობის სამწუხარო რეალობაა, რომელიც ქვეყნების უმრავლესობას ეხება. რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას, როგორც გოგავა ამბობს, ეს საქართველოს უკვე გავლილი აქვს, არაფერი ახალი ამ კუთხით არ შემოგვთავაზა რუსეთმა, აპრობირებული სქემით მიდის.

„ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გადაწყვეტილება, რომელიც რუსული პოზიციიდან გამომდინარე, მათ შეიძლება მიეღოთ. ანუ, ვიცით, რომ იგივე გააკეთეს აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით. ამ პროცებს ჩიხში შეჰყავს რეგიონის საერთაშორისო ურთიერთოებები, განვითარება და, რა თქმა უნდა, აზარალებს ადრესატ სახელმწიფოებს, უკრაინას და საქართველოს, ასევე აზარალებს თავად რუსეთს გრძელვადიან პრესპექტივაში. აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ეს არის რუსული ეროვნული ინტერესების გადაწყვეტილება. უფრო ელიტას დასჭირდა მსგავსი ნაბიჯის გადაგმა“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

რაც შეეხება სანქციებს, რომელიც უკვე დაუწესეს რუსეთს, ირაკლი გოგავას განცხადებით, რუსეთს შერჩა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, შესთავაზეს გადატვირთვის პოლიტიკა და შედეგად მიიღეს უკრაინა.

„თუ სანქციებზეა საუბარი, ქმედითი სანქცია რაც შეიძლება იყოს, ეს არის საბანკო ბლოკადა და ნავთობის ფასი. ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. 22 წელია რუსეთს გარანტირებულად მაღალი ფასი აქვს ნავთობზე, დაახლოებით 40 $ დაბლა არ ყოფილა. დღეს უკვე ნავთობის ფასი 97$-ია. ის, რომ ინვესტიციას არ ჩადებენ დონბასში, ეს თითქოს ჟღერს, მაგრამ რეალურად, ინვესტიცია იქ არც იყო და, დიდი ალბათობით, არც იგეგმებოდა - ვგულისხმობ უცხოურ ინვესტიციას. გაზსადენს რაც შეეხება, სეზონი თითქმის მორჩა და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აქტუალურობა იმდენად არ დგას დღის წესრიგში. ორ კვირაში გათბობის სეზონი სრულდება ევროპაში და შემდეგ რაღაც ახალს მოიფიქრებენ“, - ამბობს პოლიტოლოგი.

აღიარების მიუხედავად, რთულია პროგნოზირება როგორ განვითარდება პროცესები. მისი თქმით, თეორიაში შეიძლება გავთვალოთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად როგორ უნდა მოიქცეს რომელიმე ქვეყნის მმართველი ელიტა, მაგრამ მმართველი ელიტები ასპროცენტიანად ეროვნული ინტერესების შესაბამისად არ იქცევიან და ამიტომ ჭირს პროგნოზის გაკეთება.

„საერთოდ, უნდა ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით. ამ ორომტრიალში რა შედეგიც არის - 2 დეკემებრიდან, მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა პირველი სტატია უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შეჭრის შესახებ, ნავთობის ფასმა დაიწყო ზრდა 69$-დან დღეს უკვე 100$-ს უკაკუნებს და ალბათ, გადასცდება. მსოფლიომ მიიღო გაძვირებული ნავთობი. ეს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ნავთობ მომპოვებელ ქვეყნებს და მათ შორის რუსეთს.

რაც შეეხება საომარი მოქმედების განახლებას, უკრაინელმა ნაციონალისტმა მწერალმა ანდრუხოვიჩმა ჯერ კიდევ 2010 წელს განაცხადა, რომ ჩვენ უნდა მოვკვეთოთ დონბასი და ყირიმი, ვინაიდან ეს ორი რეგიონი ხელს გვიშლის ევროპასთან ინტეგრაციაშიო - ეს განწყობა არსებობს უკრაინაში. ვერ ვიტყვი, რომ უმრავლესობას აქვს ეს განწყობა, მაგრამ ზელენსკის განცხადების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დონეცკის და ლუგანსკის აღიარება შესაძლოა სულაც არ იყოს დღევანდელი მმართველი ელიტისთვის ურიგო გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერც ერთი პოლიტიკოსი ხმამაღლა ვერ იტყვის, ვინაიდან, ის მეორე დღეს პოლიტიკოსი აღარ იქნება. ამას ადასტურებს ზელინსკის განცხადება, რომ ის არ გასცემს რუსი სამხედროების წინააღმდეგ სროლის ბრძანებას, რაც ნიშნავს, რომ ეს კონფლიქტი გაიყინება ისე, როგორც აფხაზეთის თემა არის ჩამოკიდული ჰაერში“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

ჯერჯერობით დასავლეთი სანქციებზე, რუსეთი კი აღიარებაზე შეჩერდა. როგორ განვითარდება პროცესები, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე თვლის, რომ ამ სიტუაციაში სახის შენარჩუნება სჭირდება არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც. მისი თქმით, სამწუხაროდ, დასავლეთის პოზიცია, როგორც საქართველოს შემთხვევაში იყო, ახლაც საკმაოდ ბუნდოვანია.

„განსხვავება მაინცაა ჩვენს მოვლენებსა და დღევანდელ ვითარებას შორის ის, რომ ზელენსკიმ გაითვალისწინა ჩვენი დაშვებული შეცდომა და პროვოკაციას არ წამოეგო, ჯერჯერობით, ასეა - შეტევა არ წამოიწყო ლუგანსკსა და დონეცკზე. იცით, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიების მხოლოდ ნახევარს აკონტროლებენ სეპარატისტები, დანარჩენ ნახევარს ოფიციალური კიევი - დაახლოებით ისე, როგორც ცხინვალის შემთხვევაში და ნაწილობრივ, აფხაზეთის შემთხვევაში იყო“, - აცხადებს არეშიძე.

მისი თქმით, რუსეთს ძალიან უნდოდა ლოკალური ომი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა, უკეთეს შემთხვევაში, ქალაქი მარიოპოლი დაეკავებინა, რაც მას სტრატეგიული თვალსაზრისით სჭირდებოდა, მაგრამ უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმის საშუალება, ჯერჯერობით არ მისცა. „პრაქტიკულად, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ არა კრეფსითი დასავლეთის და ნატოს ხელმძღვანელების ხისტი პოზიცია, უკრაინა დათანხმდებოდა მინსკის ხელშეკრულების რეალიზაციას და არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, ამას მოწმობს დიმიტრი მედვედევის განცხადებაც“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთს სჭირდება ფორმალურად აღიარება, აღიარებას მოყვება ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეს გაკეთდა აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. მისი თქმით, ამ ხელშეკრულებაში ჩაიდება, რომ რუსეთი ეხემარება მათ თავდაცვითი ღონისძიების გამტკიცებაში, რასაც მოჰყვება სამხედრო ძალების შეყვანა.

„ახლა მთავარია, რას მოიმოქმედებს უკრაინა, თუ დაიწყეს ჯარების გადაადგილება, მაშინ დაიწყება სისხლისღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადები გაიწელება. როგორც ჩანს, პუტინს იმედი აქვს, რომ როგორც კი ჯარებს შეიყვანს, ამას მოყვება შესაბამისი პასუხი უკრაინის მხრიდან. თანაც გაიჟღერა ფრაზამ: „ძველ საზღვრებში აღაირება“. ანუ, ეს ნიშნავს, რომ მარიოპოლში უნდა შეიყვანოს ჯარები, სადაც უკრაინის ჯარები დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება სამხედრო კონფლიქტი. როგორც ჩანს, პუტინს აქვს რაღაც გათვლები, მაგრამ ძალიან ძნელია გაარკვიო რა ხდება მის ტვინში. ფაქტია, რომ შეტევაზე გადადის და ურჩევნია სისხლისღვრის გარეშე აიღოს ის, რისი აღება შემდეგ მოუწევს სისხლისღვრით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისიას პაატა ზაქარეიშვილმა.

ჯარჯი " ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ალიანსს აგრესიისგან დაიცავს" ამბობს სტოლტენბერგი. უკრაინა არაა ნატოს წევრი და ჯანდაბამდე გზა ჰქონიაო?
2 წლის უკან
DDDzia "ეს საქართველოს უკვე გავლილი აქვს, არაფერი ახალი ამ კუთხით არ შემოგვთავაზა რუსეთმა, აპრობირებული სქემით მიდის" - რუსეთი რომ აპრობირებული გზით მიდის, უკრაინა რომელი გზით წავიდა? თუ საქართველო მარსზე იყო და რა მოხდა და როგორ, არ იცოდნენ?

" ეს კონფლიქტი გაიყინება ისე, როგორც აფხაზეთის თემა არის ჩამოკიდული ჰაერში“ - ძალიან კარგი შეფასებაა. აფხაზეთიდან გამოსვლის შემდეგ, ერთი თაობა შეიცვალა უკვე, კიდევ 10-15 წელი და აფხაზეთში დაბრუნების მსურველიც აღარ იქნება. მერე იძახეთ ჰაერშია დაკიდულიო.

არეშიძემ გარეკა უკვე - „განსხვავება მაინცაა ჩვენს მოვლენებსა და დღევანდელ ვითარებას შორის ის, რომ ზელენსკიმ გაითვალისწინა ჩვენი დაშვებული შეცდომა და პროვოკაციას არ წამოეგო, ჯერჯერობით, ასეა - შეტევა არ წამოიწყო ლუგანსკსა და დონეცკზე". დიიდი შეღავათია. მაგრად გაუთვალისწინებია. ვერაფერს იტყვი.
2 წლის უკან