ეკონომიკის ახალი მინისტრის დანიშვნას „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა გააქტიურება მოჰყვა

ეკონომიკის ახალი მინისტრის დანიშვნას „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა გააქტიურება მოჰყვა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით პასუხებს ითხოვს. მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯაროდ მიმართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს. თავის მხრივ მინისტრი მზადაა ფართო დისკუსიისათვის, თუმცა მხოლოდ პროფესიულ წრეებთან ერთად, რადგან ხეობელები ბოლო პერიოდში მხოლოდ ულტიმატუმის ენით საუბრობენ და არ იყენებენ დიალოგისთვის გახსნილ გზებს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია საკითხი, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან”.

„პროცესი გონივრულ ვადაში თუ არ წარიმართება, პროტესტს კომპანია „ენკას“ ოფისთან განვაგრძობთ და ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოვახდენთ“, - განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე და დასძინა რომ მოძრაობა მიმართავს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„მიგვაჩნია, რომ უამრავი კითხვა არსებობს როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ისე მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, ასევე ხელშეკრულების ირგვლივ, რაზეც ხელისუფლება თავადაც საუბრობდა, მაგრამ ახლა ამაში მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს და ის აბსოლუტურ პრიორიტეტად ჰესის მშენებლობას მიიჩნევს. ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ რასაც ჩვენ 15 თვეა, ვითხოვთ, აბსოლუტურად არის იგნორირებული“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, თუ გონივრულ ვადაში ხელისუფლება დიალოგზე არ წავა, ისინი პროტესტის აქტიურ ფორმას მიმართავენ და კომპანია „ენკას“ ბლოკირებას მოახდენენ.

„მივმართავთ ლევან დავითაშვილს, ნუ გაიმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს. გახსოვთ ქალბატონი თურნავას გაპარვის საკითხი შეხვედრიდან. გარდა ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ საჯაროობას სამინისტროსთან დებატებში. ახალ მინისტრს ვურჩევთ, ნუ გაიმეორებს თურნავას შეცდომებს. მოემზადოს, გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც არსებობს პროექტის ირგვლივ, მათ შორის პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მისი განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ა.შ.“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ეკონომიკის ახალი მინისტრი რიონის ხეობელთა მოთხოვნებს მალევე გამოეხმაურა. ლევან დავითაშვილმა შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პირდაპირ მიანიშნა, რომ კითხვებზე პასუხების გასაცემად სჯობს, პროფესიულ წრეებთან ერთად ისაუბრონ.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად ღია დიალოგისთვის. მათაც შეიძლება დაადასტურონ ეს. დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასოდეს იქნება და ამა თუ იმ ნაწილში განმსჯელი ვერ იქნება ენთუზიასტი ადამიანი, ჩემი ჩათვლით. საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის გავხსენით პლატფორმა, რომ მიეღოთ მონაწილეობა განხილვებში, ექსპერტებთან ერთად.

შეიქმნა ასევე პლატფორმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით. ამ პლატფორმაში მონაწილეობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ ე.წ. რიონის მცველების ენთუზიაზმი და აქტიურობა. თუმცა პლატფორმა არის და ვთხოვდი, რომ გამოიყენონ ეს პლატფორმა და არა დავსხდეთ და ვისაუბროთ პირისპირ, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ თემატურ კითხვებზე პასუხების გასაცემად უმჯობესია პროფესიონალებთან ერთად ისაუბრონ.

ამჟამად „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია „ენკასთან“ სახელმწიფოს საკმაოდ რთული და კომპლექსური ურთიერთობა აქვს. მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ასევე მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის მიერ დაქირავებული იურისტები და სხვა საკონსულტაციო ორგანიზაციები.

დავითაშვილის თქმით, „ენკას“ აქვს პრეტენზიები საქართველოს მთავრობასთან, რადგანაც კომპანია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში შეფერხდა.

„კომპანია „ენკას“ თავისი პრეტენზია გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ, საიდანაც რაღაცას ვითვალისწინებთ, რაღაცას არა. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ჩვენი მხრიდან ჩართულია საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები.

ამაში არიან სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებსაც შენიშვნები აქვთ რაღაცეების შესრულებასთან და შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. არსებობს სასამართლო პროცესები. ბევრი რამისგან შედგება და კომპლექსური საკითხია, უნდა გვესმოდეს, რომ დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს“, - ამბობს ლევან დავითაშვილი.

კომპანია „ენკამ“ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.