„გახარიასთნ დაპირისპირება აბსოლუტურად ლოგიკური იყო, როდესაც მოულოდნელად ტოვებ თანამდებობას, ამან გუნდს შეუქმნა გარკვეული პრობლემები, არის გაბრაზება და მწვავე ოპონირება“

„გახარიასთნ დაპირისპირება აბსოლუტურად ლოგიკური იყო, როდესაც მოულოდნელად ტოვებ თანამდებობას, ამან გუნდს შეუქმნა გარკვეული პრობლემები, არის გაბრაზება და მწვავე ოპონირება“

ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ირგვლივ აჟიოტაჟი არ წყდება. მას შემდეგ, რაც მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თანამდებობა დატოვა, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ბრალდებები ისმის. საუბარი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას შესაძლო კავშირზე. თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ეს ალიანსი არათუ გახარიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, არამედ უშუალოდ ხელისუფლებაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს დაიწყო.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას შორის ტოლობის დასმას, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც პირს ასეთი მაღალი თანამდებობა ეჭირა, მისთვის არამომგებიანი იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი და ეს კარგად აქვს გააზრებული თავად გიორგი გახარიას.

ამასთან, ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მთავრობის ყოფილი მეთაურის „გაშავებას“ ცდილობს, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალა გიორგი გახარიას პარტიისგან საფრთხეს გრძნობს. რეალურად, გახარიას პარტიას აქვს პერსპექტივა იმისა, რომ მან შეძლოს მესამე, პოლიტიკური ძალის ფორმირება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ როგორც „ქართული ოცნება,“ ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, არ გაჩნდეს მესამე ცენტრი. მისი თქმით, ლოგიკურია ის ფაქრიც, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას გიორგი გახარიას „გაშავება“ სურს.

„მე ასეთ კავშირებს, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. როდესაც გახარია პრემიერი იყო, არგუმენტი არსებობს, რისთვის სჭირდებოდა მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი ან კავშირი? თუ ქართულ, პოლიტიკურ თანამდებობებზეა საუბარი, რასაც გახარია იკავდებდა, ლოგიკა სად არის? გახარიას ეჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტი და „ნაციონალებთან“ კავშირი რას მისცემდა მას?

დღეს „ქართული ოცნებისთვის“ გიორგი გახარია სერიოზული საფრთხე არ არის. „ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ არ გაჩნდეს მესამე ცენტრი. ამიტომ, გახარია იქნება, ადრე „ლელო“ იყო, უფრო ადრე „ევროპული საქართველო“, რომელთაც პოტენციალი ჰქონდათ, რომ ეკისრათ მესამე ცენტრის შექმნა და ჩამოყალიბება. თუ გახარია ვერ შეძლებს ამის ორგანიზებას, ან წვრილი პარტიები ვერ შეძლებენ თვითორგანიზებას, აუცილებლად გაჩნდება ვიღაც და ის იქნება „ნაციონალებთან“ „კავშირში.“

აქ პრობლემა იმაში არ არის, გახარია მოსწონთ თუ არა, პრობლემა ის არის, რომ არ შეიქმნას მესამე ცენტრი. 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის ამისთვის. ამ კონტექსტში სრულიად ლოგიკურია, რომ ისინი ებრძვიან გახარიას და მის პარტიას.

მესამე პოზიციის მხარდაჭერი ელექტორატი არსებობს, ვინ შეძლებს ამის კონცენტრირებას, არ ვიცი. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, გახარიას მიმართულება და პოლიტიკური ნაბიჯები სწორია, თუმცა, ეს არ არის გარანტია იმის, რომ ის აუცილებლად ჩამოაყალიბებს მესამე ცენტრს. როდესაც ვსაუბრობთ მესამეზე, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ერთი პარტია არ იქნება, შესაძლოა, იყოს პარტიების გაერთიანება, ბლოკის სახით, რაც უფრო პერსპექტიული მგონია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მეტი კონკრეტიკა გიორგი გახარიას შესახებ. როგორც მეტრეველმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ნებისმიერი პარტიის ამოცანაა, რომ ჰყავდეს სუსტი ოპონენტები და იგი დაამარცხოს.

„რთულია რამის თქმა, ველოდები, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება. თუ რაიმე არსებობს, ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიცოდეთ, თუ რასთან გვქონდა საქმე. პირადად ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ის დღე, როდესაც გახარიამ გააკეთა ბრიფინგი და დატოვა თანამდებობა. ისეთ დროს, როდესაც იყო არაერთი გამოწვევა - ჩვეულებრივი კრიმინალის, ნიკა მელიას გამო ეს თანამდებობა არ უნდა დაეტოვებინა. ეს ფაქტი ჩემთვის დღემდე რჩება აუხსნელი, რაზეც ვერ მივიღე პასუხი.

ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, არაფერი არის გასაკვირი, არც უპრინციპობა, არც ვინმესთან შეკვრა, სხვადასხვა მანიპულციები, ან ვინმეს შანტაჟი, რაც „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა. გამორიცხული არაფერია. ნებისმიერი პარტიის ამოცანაა, რომ ჰყავდეს სუსტი ოპონენტები და დაამარცხოს. ამიტომ, მესმის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა.

რაც შეეხება გახარიასთნ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ ეს დაპირისპირება იქნებოდა. როდესაც მოულოდნელად ტოვებ თანამდებობას, ამან გუნდს შეუქმნა გარკვეული პრობლემები, არის გაბრაზება და მწვავე ოპონირება. „ქართული ოცნება“ ისევე შეებრძოლება გახარის პარტიას, როგორც სხვა პარტიებს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან საუბარში.