„პუტინი რომ იძახის, ნატო აღმოსავლეთით ფართოვდებაო, ნატო კი არ ფართოვდება, თვითონ აღმოსავლეთი მიდის ნატოსკენ“

„პუტინი რომ იძახის, ნატო აღმოსავლეთით ფართოვდებაო, ნატო კი არ ფართოვდება, თვითონ აღმოსავლეთი მიდის ნატოსკენ“

„ბაიდენმა რომ რუსეთის პირისპირ სისუსტე გამოავლინოს, ჩინეთის პრეზიდენტი ეგრევე ძალას გამოიყენებს ტაივანთან ურთიერთობაში, აქ დიდი პოლიტიკაა, გეოსტრატეგიული გათვლებია, ამიტომაც ბაიდენი თავს იკლავს უკრაინისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

ჯო ბაიდენი იმდენს ლაპარაკობს უკრაინაში რუსეთის უპირობო შეჭრის თაობაზე, რომ შთაბეჭდილებას ტოვებს, რუსეთმა საწინააღმდეგოს გაკეთების პრინციპით, უარი თქვას შეჭრაზე და უკურეაქცია გამოიწვიოს. მართლაც, პუტინი დიდ ჰუმანისტად რომ იქცეს, არ შეიჭრას უკრაინაში, ეს ხომ დაამტკიცებს, რომ ბაიდენის ინფორმატორები სანდონი არ ყოფილან? თუ „მგელი-მგელის“ ძახილმა შეიძლება შეაჩეროს „მგელი“?

- პუტინი თუ გადაიფიქრებს უკრაინაში შეჭრას, მაშინ ბაიდენი იტყვის, მგელი იმიტომ არ მოვიდა, რომ ჩემი შეეშინდა მგელს და მე უკრაინა გადავარჩინეო. ამიტომაცაა, ვინც ყურადღებით წაიკითხა რუსეთის პასუხი, იქ წერია, რომ სამხედრო ტექნიკური პასუხიც ექნება დასავლეთს, რადგან რუსეთისთვის პრინციპულია, საქართველო და უკრაინა არასოდეს გახდნენ ნატოს წევრები, მაგრამ შემდეგ უკვე ამ ყველაფერს მოსდევს მოლაპარაკების სცენარი, ე.ი. რუსეთმა უკვე დაიწყო ვაჭრობა. დეტალებშია ეშმაკი ჩამალული. სეპარატისტებმა ლუგანსკში თითქოს აღმოაჩინეს მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი საფლავები, ხელათ რუსეთმა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭო, იქ ჩავიდა ლავროვის მოადგილე და უკვე გენოციდში ბრალს სდებენ უკრაინელებს, ეს უკვე საბაბია და შეიძლება კაზუს ბელად (ომამდე მიყვანა) გამოადგეს რუსეთს.

შემოჭრა საქართველოში, შეჭრა ჩეჩნეთში... ეს სცენარები მთელმა მსოფლიომ ზეპირად იცის, შეჭრის საბაბის იმპერიალისტური ზრახვები აპრობირებულია, შეჭრის ტაქტიკის შეცვლა არ არის რუსეთის ინტერესში?

- ასეთი რაღაცები ადრეც ყოფილა. საერთაშორისო ურთიერთობებში ცნობილია გლაივიცის რადიოსადგური, როდესაც ჰიტლერმა პოლონეთის რადიოსადგურზე პოლონურ ფორმაში გადაცმულ გერმანელ ჯარისკაცებზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყო და პოლონეთში შეჭრის საბაბად გამოიყენა ეს სიმულაცია, მერე ნიურნბერგის პროცესზე გაირკვა ეს ყველაფერი. რუსეთმა ახლაც გენოციდის თემა ააგორა.

რუსეთი ბევრ სცენარს ამუშავებს უკრაინის მიმართ, მაგრამ ზელენსკი ბევრ ადამიანში იწვევს პატივისცემას. წესით, მსახიობი კაცი სკეპტიციზმს აღძრავდა ბევრ ადამიანში, მაგრამ ზელენსკი არ წამოეგო რუსულ სატყუარას. ჯერჯერობით უკრაინის პრეზიდენტი ართმევს თავს მოვალეობას?

- ჯერჯერობით ზელენსკი მტკიცედ დგას. 2015 წელს პოროშენკომ ხელი მოაწერა მინსკის ხელშეკრულებებს, რომელიც დღეს კოზირად იქცა პუტინის ხელში, მაგრამ ზელენსკი საერთოდ უარყოფს ამას. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინ მინსკის ხელშეკრულებები ავტომატურად უქმდება. ამიტომ შეჭრის ალბათობა 50/50-ზეა.

რუსეთი გაფრთხილებულია, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ნატოს მოუწევს აღმოსავლეთის ფლანგზე გაძლიერება. ეს რომ ლიტონი სიტყვები არაა, პუტინი უნდა დარწმუნებულიყო 2014 წელსაც, როცა შეიჭრა უკრაინაში და ყირიმი, დონბასი აიღო, საპასუხოდ, ნატოს მოუწია საკუთარი თავის გაძლიერება აღმოსავლეთის ფლანგზე. დღეს ჯო ბაიდენის მუქარა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეუწყდება რუსეთს, რამეს ნიშნავს რუსეთისთვის?

- ბოდიში და, პუტინს ფეხებზე ჰკიდია, რუსი ხალხი კიდევ უფრო დაიმშევა, თუ ნაკლებად დაიმშევა. პუტინისთვის ეს პრობლემა არ არსებობს, ასევე, ბაიდენისთვის, რომელსაც ახლა ნოემბერში შუალედური არჩევნები აქვს. პუტინი ადგება და იტყვის, მორჩა, არჩევნების გარეშე 2024 წელს მე კიდევ ვრჩები პრეზიდენტად გაურკვეველი ვადით, ან გამოჩნდება მეორე ვალენტინა ტერეშკოვა და იტყვის, გავუნულოთ ყველა წინა არჩევნები პუტინს. რაც რუსეთში ხდება, ევროპასა და ამერიკაში საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ადგეს ბაიდენის მომხრე რომელიმე სენატორი და თქვას, მოდით, არჩევნები ნუღარ იქნება და ბაიდენმა მართოს ამერიკა კიდევ ათი წლით.

მაგრამ რას ნიშნავს რუსი გენერლების მოწოდება პუტინისადმი, შეწყვიტოს რუს ჯარისკაცთა სასაკლაო და გადადგეს?

- ეს ლეონიდ ივაშოვის ორგანიზაციაა, ეს ერთი სეგმენტია მხოლოდ, პენსიონერები არიან ეგენი ძირითადად, მოქმედი გენერალიტეტი, მოქმედი არმიები სხვა არის, ივაშოვი 82 წლისაა, მაგას უკვე გავლენა არ აქვს, პუტინმა კომენტარიც არ გააკეთა ამაზე.

გერმანიაში ანგელა მერკელი აღარ არის კანცლერად, მაგრამ ოლაფ შოლციც ფრთხილობს. ფიქრობთ, გერმანელები ვერ გაუგებენ ოლაფ შოლცს, რუსეთის მიმართ უფრო კრიტიკული რომ იყოს? გაზის იმპორტის 55%-ია ამის მიზეზი, რომლითაც რუსები გერმანელებს აშანტაჟეენ?

- გერმანელები ვერ გაუგებენ ვერავის, თუ ეგენი ამ ზამთარში გაიყინენ. არავის არ უნდა, თვითონ რაღაც დაიკლოს და ისე დაეხმაროს სხვას. ამერიკა რომ იარაღს აწვდის უკრაინას, 5 თუ 6 თვითმფრინავი გაგზავნა, ამას ამერიკელი მოქალაქე საერთოდ ვერ გრძნობს ვერაფერზე, ვერც თავის ჯიბეზე, ვერც ხელფასზე, მაგრამ გერმანელები ფრთხილობენ ცივ ზამთარში.

მერკელმა დაუშვა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც მის დროს არ მოხერხდა ბუნებრივი აირის დივერსიფიცირება და გაზის მარაგის დიდი საცავი რუსეთს მიჰყიდა. ოლაფ შოლცი თუ აპირებს შეცვალოს ეს პოლიტიკა, რომ გერმანია რუსეთის მძევალი აღარ იყოს?

- რასაკვირველია, შოლციც ფრთხილობს, ზუსტად რამდენია გერმანიისთვის მიწოდებული რუსული გაზი, არავინ იცის, 20%-დან 40%-მდე ამბობენ, ეს 40%-იც ძალიან დიდი ციფრია, ჩანაცვლებაც ასე უცებ არ ხდება. კი, ბაიდენმა კატარის ემირი დაიბარა ვაშინგტონში და პირობა დაადებინა, კატარის ემირმაც თქვა, კი ბატონო, მე მივცემ, რაც მაქვს, იმდენ გაზს გერმანიას, მაგრამ რაც არ მაქვს და არ მეყოფა, მაშინ იაპონიამ თანხმობა მოგვცეს, რომ იაპონიისთვის რაც უნდა მიმეცა ხელშეკრულებით გაზი, ის გაზი წავიდეს გერმანიაში. ამას იაპონია არ დათანხმდება, არც არავინ დათანხმდება. ყოველ შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით ევროპა გაცილებით ერთიანია და გაცილებით მტკიცედ აღუდგა რუსეთს, თუმცა ამას სხვა მიზეზი აქვს. ბაიდენი რატომაა ასეთ მყარ პოზიციაზე? ლამის თავს იკლავს უკრაინისთვის, სინამდვილეში, ბაიდენისთვის უკრაინაზე უფრო მნიშვნელოვანია ტაივანი, ჩინეთი. ამიტომ ბაიდენმა რომ რუსეთის პირისპირ სისუსტე გამოავლინოს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძიაპინი ეგრევე ძალას გამოიყენებს ტაივანთან ურთიერთობაში და ეს უკვე სულ სხვა ფასეულობაა. ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ ბაიდენი დედას იფიცებოდა, რომ არ განმეორდებოდა, როგორც საბჭოთა კავშირი გამოიქცა ავღანეთიდან, ამერიკელები ისე არასოდეს არ გამოვიდოდნენ და ვიეტნამივით გამოსვლა არ მოხდებოდა, მაგრამ განმეორდა. თანაც, როგორც გითხარით, ნოემბერში შუალედური არჩევნებია და ამერიკელ ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა ღიად აცხადებს, რომ ორივე პალატას დაკარგავს ბაიდენი - სენატსაც და წარმომადგენელთა პალატასაც. ჩინეთიც ახლა უყურებს, როგორ მოიქცევა ამერიკა. თუ ამერიკა რაღაცას დაუთმობს რუსეთს და სისუსტეს გამოავლენს, სი ძიაპინი მაშინვე თავს დაესხმება ტაივანს. ეს ყველაფერი გადაბმულადაა ერთმანეთთან, აქ დიდი პოლიტიკაა, გეოსტრატეგიული დიდი გათვლებია, ტაივანი, ასე თუ ისე, ამერიკის მოკავშირეა. 49 წელს ჩან კაიშის ამერიკასთან კავშირი ჰქონდა, ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, ამერიკა მას უნდა დახმარებოდა, არ დაეხმარა, მერე კუნძულზე გაიქცა ჩან კაიში, ამის შემდეგ ამერიკა უკვე ეხმარებოდა, მით უმეტეს, როდესაც დალესი იყო სახელმწიფო მდივანი, მაშინ ტაივანს ბუზს ვერავინ აუფრენდა. ამიტომ დღეს ბაიდენს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბოლომდე მტკიცედ იდგეს.

გამოდის, რომ ტრამპი, რომელიც ყველას ეგონა რუსეთის კაცი, უფრო მედგრად იდგა პუტინის პირისპირ, ვიდრე ბაიდენი? ტრამპმა თავის დროზე გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა, მერკელს თეთრი დროშაც კი გადასცა და ამცნო, რუსეთს ჩაბარდებით მაშინ, როცა რუსეთთან გაზსადენის შეთანხმება დასრულდებაო.

- მართალია, ტრამპი გამოვიდა იმ ხელშეკრულებებიდან, რომლებიც „დემოკრატებს“ ჰქონდათ დადებული, გამოვიდა ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან, ირანის ხელშეკრულებებიდანაც გამოვიდა, მაგრამ ის, რომ ტრამპი ანტირუსული ძალა იყო, ამის თქმა ძალიან ძნელია. ბაიდენის მსგავსად, ტრამპისთვის მთავარი საფრთხე იყო ჩინეთი. გავიხსენოთ, რაც მოხდა შარშან გაზაფხულზე ჟენევის შეხვედრაზე, ბაიდენმა დაივიწყა, რომ მკვლელი უძახა პუტინს, მშვენივრად შეხვდა მას და დათმობებზეც წავიდა, რადგან უნდოდა, ჩინეთისკენ მთელი ძალა გადაესროლა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რუსეთი ასეთია. ახლა უკრაინაში პრორუსული ძალების განწყობაზე საუბრობენ, უკრაინა რად გვინდა, საქართველოშიც არიან პრორუსული ძალები. ცხადია, უკრაინაშიც არიან ასეთნი, მაგალითად, მედვედჩუკის პარტია „ცხოვრებისათვის“, მაგრამ მთლიანობაში უკრაინაში ჯერჯერობით პოლიტიკურ ამინდს ქმნის დასავლეთ უკრაინა, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა არ ჰქონია პირველ მსოფლიო ომამდე, შესაბამისად, რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა ზელენსკის არ უნდა, არც არავის არ უნდა.

პუტინი რომ იძახის, ნატო აღმოსავლეთით ფართოვდებაო, ნატო კი არ ფართოვდება, თვითონ აღმოსავლეთი მიდის ნატოსკენ. ნატო ძალით ექაჩებოდა ვინმეს? პირიქით, ყველას უნდოდა ნატოში შესვლა და ნატო არჩევანს აკეთებდა, ბარიერებს უქმნიდა და ეუბნებოდა მსურველებს, ეს უნდა შეასრულო, ის უნდა შეასრულო, სანამ მიგიღებთო. ჯერ კიდევ ცხონებული ბზეჟინსკი წერდა, რუსეთის იმპერია, რომლის აღდგენასაც პუტინი ცდილობს, შესაძლებელია მხოლოდ უკრაინასთან ერთად, უკრაინის გარეშე ვერავითარი რუსეთის იმპერია ვერ იარსებებსო. ეს მართლაც ასეა, ამიტომაა პუტინის დაჟინება ასეთი უკრაინასთან მიმართებით. ჯერჯერობით ისეა ვითარება, რომ პოროშენკოსთან შეთანხმების შედეგად ძალიან ბევრი ბერკეტი აღმოჩნდა პუტინის ხელში. ამის გამო ზელენსკის შეიძლება კომპრომისზე წასვლა აიძულონ. ბოლოს და ბოლოს, უკრაინის გულისთვის ომი არავის არ უნდა, არავინ არ იომებს მათ გამო.

რა უკუპროცესები ელის რუსეთს, ლუგანსკის და დონეცკის თვითნებურად აღიარების შემდეგ?

- ლუგანსკის და დონეცკის აღიარებას შეიძლება მოჰყვეს შვედეთის და ფინეთის ნატოში შესვლა, ამიტომ ლუგანსკის და დონეცკის აღიარებაც არ არის მარტივი.

 

 

ჯარჯი უაზრობების კორიანტელი
2 წლის უკან