მიმდინარე მდგომარეობა უკრაინის ირგვლივ თანდათანობით სახიფათო ელფერს იძენს. სიტუაცია, ფაქტობრივად, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, თუმცა მისი ვრცელი გამოსვლიდან დასტურდება, რომ სეპარატისტილი რეგიონების აღიარებაზე არ გაჩერდება. პუტინის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო. იმ შემთხვევაში, თუ პარალელს გავავლებთ 2008 წლის მოვლენებთან, აშკარაა, რომ რუსეთი იგივე სცენარით მოქმედებს.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ არ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ ე.წ. ლიდერებმა კრემლის ლიდერს სთხოვეს, ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. საკითხი განიხილეს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა საბჭოთა ბელადის, ლენინის შექმნილია და ის უკრაინელებმა ვერ შეირგეს.
„თანამედროვე უკრაინა რუსეთმა შექმნა, ეს პროცესი 1917 წელს დაიწყო. ლენინმა რუსეთის ისტორიული ტერიტორიები უკრაინას გადასცა, სტალინმა პოლონეთს და უნგრეთს მიწები გადასცა 1954 წელს, ხრუშჩოვმა ყირიმი გადასცა უკრაინას. ასე ჩამოყალიბდა უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა. უკრაინის ავტორი და არქიტექტორი ლენინია, დონბასი უკრაინაში ლენინმა შეიყვანა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც კრემლის ლიდერმა საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, ამერიკელებმა უკრაინა და საქართველო ანტირუსული პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენეს. მისი მტკიცებით, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს, თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ არ გადადგამენ მეორესაც.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი. თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება. არსებობს საფრთხე, რომ კიევი ყირიმის დაბრუნებისთვის ბრძოლას სამხედრო გზით დაიწყებს და მაშინ მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ჩაერთოს ამ მოვლენებში.
ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. თუმცა, ამის მიუხედავად, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს. რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე - რატომ გააკეთეთ ეს? - აშშ-ის ზეწოლით, - ეს არის პასუხი. თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ ისინი არ გადადგამენ მეორესაც“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინის გარშემო განვითრებული მოვლენები ძალიან ჰგავს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და დაიწყება თუ არა სამხედრო კონფლიქტი, როგორც 2008 წელს საქართველოში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით.
„დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს არის სუვერენულობისა და ტრიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამასთან მინსკის შეთანხმების უარყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ სიტუაცია ვითარდება არასწორი მიმართულებით“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და დიპლომატია აირჩიოს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევით და ასევე ცდილობს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის საბაბი დადგას.
„ეს არღვევს კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მხარე რუსეთიცაა. ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და დიპლომატია აირჩიოს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების პარალელურად ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები. როგორც ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.
პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების პარალელურად, ჯო ბაიდენი გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას ამერიკელი პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში. თეთრი სახლის პრესსპიკერ ჯენ ფსაკის განცხადებით, ბრძანება ასევე გაითვალისწინებს სანქციების დაწესებას ნებისმიერი პირის მიმართ, რომელსაც განზრახული ექნება იმოქმედოს უკრაინის ამ რეგიონებში. აღნიშნული ზომები სხვა ეკონომიკურ ზომები დაემატება.
„ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რაიონებში ოპერირებას. სახელმწიფო დეპარტამენტები და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. ჩვენ ასევე მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.