როგორ შეაშინა თევზაძემ გრაფი

როგორ შეაშინა თევზაძემ გრაფი

დღეს კვირა დღეა და ტრადიციულად ახალ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები კვლავ თანამემამულე პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც თქვენს სამსჯავროზე რამდენიმე ორიგინალურ ისტორიას გამოიტანენ.

უკანასკნელი წლების საქართველო განსაკუთრებული „პოლიტიზირებით“ გამოირჩევა და ამ ნიშნით მსოფლიოს არაერთი ქვეყნისგან აშკარად განსხვავდებით. იგივე აშშ-სა თუ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თანამემამულე „მმართველი ძალების“ ვინაობა არც იცის და არც აინტერესებს. ჩვენს ქვეყანაში სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა და პატარა ბავშვიც თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრების უმრავლესობას დაფიქრების გარეშე ჩამოგითვლით.

ქართველი პოლიტიკური ელიტის თითოეული ნაბიჯი ადგილობრივი მას-მედიის დიდ ყურადღებას იქცევს. ამის მიუხედავად არაერთი მოვლენა ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩება და მათ მოგვიანებით თავად „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ იხსენებენ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი კოტე გაბაშვილი იქნება, ადამიანი რომელიც ამჟამად ჩრდილში იმყოფება, ადრე კი რამდენიმე მთავრობის პირობებში მუდმივად ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ტრიალებდა. კოტე გაბაშვილი ერთი ხანობა (კარგა დიდი ხანობა) გერმანიაში ელჩად მუშაობდა და იმ პერიოდიდან ორ ისტორიას მოგიყვებათ.

კოტე გაბაშვილი: „ჩემი გერმანიაში ელჩად მუშაობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის უფროსი არისტოკრატიული წარმომავლობის გრაფი იყო, გვარი არ მახსოვს. სუსტი აღნაგობა ჰქონდა, გრძელი თითები და ძალიან ინტელიგენტური ქცევებით გამოირჩეოდა. მის განათლებაზე რაღა უნდა ვთქვა - კაცმა 16 ენა იცოდა! 1997 წელია და საქმიანი ვიზიტით გერმანიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი - დავით თევზაძე ჩამოვიდა.

ბუნებრივია, აეროპორტში დავხვდი და გასაცნობად ამ გრაფისკენ წავიყვანე.

- აი, დათო, გაიცანი, თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, გრაფი ესა და ეს, 16 ენა იცის.

ახლა, დათოს ფიზიკური მონაცემები და ხასიათი ყველასთვის ცნობილია.

- აჰ, ჭირიმე შენი, - დაიძრა გრაფისკენ, ჩაბღუჯა მისი სუსტი ხელი და ისეთი ძალით მოუჭირა, ძვლების ჭახუნის ხმა გავიგონე.

- ო, მაინ გოთ! - დაიკვნესა საცოდავმა და ფერი წაუვიდა.

- რაო, კოტე, რას ამბობს? - გამომხედა დათომ, ხელი არ გაუშვია.

- მეც ნამეტანი გახარებული ვარ და გამიშვიო.

მაშინვე გაუშვა, მხარზე მსუბუქად დაჰკრა და კინაღამ არ წააქცია?! თევზაძეს ვიზიტის ბოლომდე ემალებოდა, თვალში არ მოხვედრია, გაცილების დროს დათომ გაიხედ-გამოიხედა და თვალთ ბატონი გრაფი დააკლდა. დავუწყეთ ძებნა და ვხედავთ, მოშორებით გაჩერებულა და ხელს ნაზად იქნევს...“

„ევროსაბჭოში წევრად მიღების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სახელდახელო კონცერტი გავმართეთ. სტრასბურგში ოთხიარუსიანი დარბაზი საპატიო ხალხით იყო გაჭედილი.

„ქართული ხმები“ გვახლდა თან და დასჭექეს მადლიანი სიმღერები. პირველ სიმღერაზე ტაშით დაინგრა დარბაზი, მეორეზეც დიდი რეაქცია ჰქონდათ და დაიწყეს მესამე - გურული „კრიმანჭული“. ახლა ეს, ჯერ ერთი, გრძელი სიმღერაა, თან პირველი ხმა უცნაურ ბგერებს გამოსცემს, შეკივლება-შეყვირების სახით. შუა სიმღერაა და გავიხედოთ, ნახევარი დარბაზი გარეთ გასულა და მეორე ნახევარიც გასაქცევად ემზადება. მოკლედ, სიმღერის ბოლოს მაყურებლის ხსენება აღარ იყო. გავედი მეც შეფიქრიანებული და უცებ ლაპარაკს მოვკარი ყური:

- ხედავ, ეს რა გადარეული ხალხი ყოფილა? ევროსაბჭოში მიღებას ასეთი უცნაური კივილით შეხვდნენ და ევროკავშირში რომ მივიღოთ, ხომ დაგვამხეს თავზე დარბაზი!“

პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე ჭარბი წონით გამოირჩევა. ალბათ ვერ წარმოიდგენთ რომ მას სწრაფი სირბილიც შეუძლია და „სპორტული ნათლობა“ თავის დროზე შორეულ სირიაში მიიღო.

გუბაზ სანიკიძე: „1987 წელს, როცა დამასკოში პირველად ჩავედი საბჭოთა სტუდენტის სტატუსით, ელჩმა ყველანი დაგვიბარა და გაგვაფრთხილა:

- დიდი სიფრთხილე გმართებთ, დამასკო ფრონტისპირა ქალაქია და როგორც კი ხიფათს იგრძნობთ, საელჩოსკენ გამოიქეცით.

მოკლედ, დაწყნარების მაგივრად უფრო შეგვაშინა. მოკლე გადარბენებით მივედით სასტუმრომდე, დავბინავდით და დილაადრიან საშინელი გრუხუნის ხმამ გაგვაღვიძა. მივცვივდით ფანჯარას, ვხედავთ, ათეულობით თვითმფრინავი ისე ახლოს დაფრინავს, ლამის კორპუსის სახურავს წამოედონ.

- არიქა, გუბაზ, თავს ვუშველოთ, დაბომბვა იწყება! - იღრიალა ერთ-ერთმა. ჩაცმისთვის ვიღას ეცალა, ტანსაცმელს ხელი დავავლეთ და გულისხეთქებით დავეშვით კიბეებზე. პირველ სართულზე ადმინისტრატორი შეგვეფეთა.

- რა არის, რა ხდება? - ფერი დაკარგა.

- ჩვენი საელჩოსკენ მივრბივართ, ჯერ ხომ არ აუფეთქებიათ? - აქეთ ვეკითხებით და თითი თვითმფრინავებისკენ გავიშვირეთ. ადმინისტრატორმა შვებით ამოისუნთქა.

- ნუ გეშინიათ, დღეს მფრინავთა დღეა...“

ბატონი თამაზ ნადარეიშვილი ერთ დაუჯერებელ ამბავს ყვებოდა, რომლის რეალობაშიც ნორმალურ ადამიანს შეიძლება ეჭვიც კი შეეპაროს. ეს ფაქტი 2002 წლის შემოდგომაზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ნამდვილად დაფიქსირდა.

თამაზ ნადარეიშვილი: „2002 წლის შემოდგომაა. კატეგორიულად მოვითხოვე საკონსტიტუციო ცვლილება გატარებულიყო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ ჩასაწერად. არ მეგონა, თუ ამხელა წინააღმდეგობას წავაწყდებოდი. უკან არ დამიხევია, დევნილების ათასკაციანი მიტინგი მოვაწყვე, ვიყვირეთ, ვიხმაურეთ, საპროტესტო პლაკატები ვაფრიალეთ, მაგრამ ყურადღება მაინც არ მოგვაქციეს. მეორე დღეს პარლამენტის სხდომაა. ვფიქრობ, რა გავაკეთო. დავიბარე ჩემი ხალხი და მეორე დღისთვის სამი ათასი ადამიანის შეკრება მოვთხოვე.

დილით მითხრეს რომ ხალხი პარლამენტის შენობის წინ მოგროვდა. უფრო მეტიც, „დამამშვიდეს“ რომ ერთი „ეფექტური“ მეთოდიც მოუფიქრებიათ - შუა მიტინგის დროს ტელეკამერების წინ ერთ-ერთი ბენზინს გადაისხამს თავის დასაწვავადო. როდესაც ყოველივე ამის წინააღმდეგი წავედი, მითხრეს, რომ ყველაფერი წინდაწინ გახლდათ გათვლილი და არავინ დაზარალდებოდა.

კეთილი და პატიოსანი. დაიწყო სხდომა, ისევ ოპონენტთა შემოტევა და უცებ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, მომიტინგეს ცეცხლი უკიდიაო. მოკლედ, დიდი ამბები დატრიალდა, პარლამენტი შოკში ჩავარდა და მიიღეს ცვლილება, როგორც იქნა. ის საცოდავი ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს. ახლა, არანაირი კანონი ერთ ადამიანის სიცოცხლედაც არ ღირს და ჩემებს გაბრაზებული მივვარდი. ამიხსნეს რომ თურმე მათი ბრალი არაფერი ყოფილა.

- ბატონო თამაზ, ყველაფერი დაგეგმილი იყო. იმ კაცს თავზე ბენზინი მართლა უნდა გადაესხა, შემდეგ ჯიბიდან ასანთს დააძრობდა, რომელსაც გოგირდის თავები წინასწარ ჰქონდა მომტვრეული და ვითომ გაკვრას დაიწყებდა. ამასობაში სხვები ეცემოდნენ, ასანთს ხელიდან გამოგლეჯდნენ და სიკვდილს გადაარჩენდნენ.

- მერე? - დამელია მოთმინება.

- ბენზინი გადაისხა, ასანთის გაკვრა დაიწყო და სანამ წასართმევად ეცემოდნენ, ვიღაც უპატრონოს შეეცოდა, რას იტანჯებაო და... ანთებული სანთებელა მიუშვირა...“

დღევანდელ „მოგონებებს“ ბატონი დავით ბერძენიშვილი დაასრულებს, რომელიც აჭარიდან ასლან აბაშიძის წასვლის წინა პერიოდს გაიხსენებს.

დავით ბერძენიშვილი: „აჭარაში დაძაბული ურთიერთობის პერიოდია. წავედით ბათუმისკენ და ჩოლოქთან 500 ავტომატიანი კაცი დაგვხვდა. დავიწყეთ ლაპარაკი, ზოგმა რა ვთქვით, ზოგმა რა, სადაცაა, ერთმანეთს დავცხებთ და უცებ ერთ-ერთი გაბრაზებული გვეუბნება:

- რა არის, სირცხვილი არაა? გუშინ ხელში თოხი მეკავა და დღეს ავტომატი მიკავია. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- თუ მასეა, ჩემგან რა გინდა? - გაეცინა ილიკო ხაინდრავას, - გუშინ მიკროფონი მეკავა ხელში და დღესაც მიკროფონი მიკავია.

ისე მოხდენილად თქვა, ყველას გაეცინა, აგრესია შენელდა, ბევრმა იქვე დადო ავტომატი და თოხის ასაღებად წავიდა“.