ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმზე სხდომა მიმდინარეობდა, გამოაცხადა, რომ მის მიმართ „არასათანადო მოპყრობის“ გამო, პროტესტის ნიშნად, კვლავ შიმშილობას იწყებს.
ანალიტიკოსები სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის დაანონსებას ორი მიზეზით ხსნიან: ერთი ვერსიით, შესაძლოა, სააკაშვილს ქვეყნიდან გასვლა უნდოდეს და ჩავარდნილი ქუჩის აქციების შემდეგ ციხეში დიდხანს ჯდომის ეშინია; მეორე ვერსიით, მის პარტიაში საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა გაჩაღებული და დავით კეზერაშვილი პარტიის გახლეჩვას ცდილობს. სააკაშვილმა კი საკუთარი პარტიის წევრების და ელექტორატის დასაშანტაჟებლად შიმშილობის ახალ წრეზე წასვლა გადაწყვიტა.
„თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად, ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭიროა, როგორ კვდებიან თავაწეულად ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო სრულ შიმშილობას და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. ჩემი მოთხოვნაა ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური განხორციელება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის დასატოვებლად ყველა გზას სინჯავს. როგორც მან აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა, ხოლო მის სამკურნალოდ საზღარგარეთ წაყვანის ინიციატივა სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს.
„რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციისა და მკვლელობის. რას ნიშნავს ინვალიდიზაცია, ეს ჩემს შემთხვევაში ნიშნავს მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების შეზღუდვას და ინვალიდის ეტლში მყოფ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება. ეს იციან უცხოელებმა. რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელების დონეზე იყო შეთავაზება წავეყვანეთ აქედან და ემკურნალათ ჩემთვის.
ამ პირობებში ჩემთან არ უშვებენ პირად ექიმს, რადგან ის დააფიქსირებს ყოველდღიურ გაუარესებას... უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა უკრაინის ხელისუფლების სახელით ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით, იმიტომ რომ საქართველოში პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაცია და მკვლელობის დღესავით ნათელი პროცესი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ანალიტკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც გაქცეული და თაღლითი დავით კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დაუფლებას ცდილობს, როგორც ჩანს, ყურადღების მისაქცევად სააკაშვილმა შიმშილობის მეორე წრეზე წასვლა გადაწყვიტა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის ქუჩის საპროტესტო მუხტი ნულამდე არის დაცემული და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ახლა მხოლოდ უკრაინაზე არის გადართული, სააკაშვილის პერსონა ახლა არავის აინტერესებს.
„ძალიან კარგად გვახსოვს სააკშვლის ე.წ. შიმშილობა როგორიც იყო. ხილფაფებს და თაფლს ჭამდა. ალბათ, ახლა ხუმრობით იმასაც იტყვიან, რომ სააკაშვილი დიდ მარხვაში იმყოფება. საქმე კი იმაშია, რომ სააკაშვილის ბედი თავად „ნაციონალებსაც“ აღარ ადარდებთ. პარტიაში დაჯგუფებებს შორის ისეთი დაპირისპირებაა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა ისევ ახალი ავანტურა დაიწყოს და ამით ყურადღება მიიქციოს. კეზერაშვილი მისთვის პარტიის წართმევას ცდილობს. ამიტომ დიდი ალბათობით, სააკაშვილს ქვეყნიდან გაღწევა უნდა. მიხვდა, რომ ციხეში უკვე დიდ ხნით ყოფნა მოუწევს. მის იქიდან გამოხსნას არავინ აპირებს, ამიტომაც ახალი შოუს დადგმა სურს. ეს პოლიტიკური სუბიექტი საინტერესო უკვე აღარავისთვის არის. იგივე სცენარს ვნახავთ, რომ თითქოს მომაკვდავია. იტყვიან, რომ მისი წაყვანა უცხოეთშია საჭირო. ტრაგიკულია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამია იძახდა სააკაშვილი ნაწამებია და სიკვდილის პირას იმყოფებაო. არადა მის უკან კადრებში კარგად მოსუქებულ და დამშვენებულ სააკაშვილს ვხედავთ.
მომაკვდავი იყო სააკაშვილის ციხიდან გამოსული სულხან მოლაშვილი. ამიტომ სირცხვილია, როცა გვარამია და სხვა ადვოკატები მის წამებაზე საუბრობენ.
ახლა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც საქართველოში არ იმყოფება. როგორც „ნაციონალებიდან“ ინფორმაცია გამოდის, პარტიის ბირთვის მართვა დისტანციურად ვერ ხდება. ამიტომ პრაგმატულად მოაზროვნე სტაჟიანო პოლიტიკოსები კარგად ხვდებიან პოლიტიკური გარემო როგორია. სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ციხიდან ვერ გამოვა. აქედან გამომდინარე სააკაშვილი თავის გადარჩენას ცდილობს. დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემიდან, რომელიც ე.წ. ქოლცენტრებს ეხება პეტრე ცისკარიშვილის და ვინმე ჩიქოვანის სახელი იკვეთება, რომლებიც ახლა პარტიის პოლიტსაბჭოში არიან. ცისკარიშვილი უცბად პარტიის გენერალური მდივანი გახდა. ამიტომ არ გამიკვირდება კეზერაშვილმა და მისმა ფლანგმა ყველა წარსული დანაშაული სააკაშვილს ჩამოჰკიდონ. ენმ-ში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. ეს მხოლოდ ფეისბუქიდან და ეთერებიდან ლანძღვა არ იქნება. ეს უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება. შეიძლება ერთმანეთს ბოიკოტი გამოუცხადონ და სააკაშვილის მომხრეებმა ახალი პარტიაც კი ჩამოაყალიბონ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პირველი მცდელობა ბიძინა ივანიშვილს მიეძღვნა. ამით ვითომ იმის ჩვენება უნდოდა, მის მიერ აშენებული სასწაული ქვეყანა ივანიშვილმა როგორ დაშალა. ქართველიშვილი ახლა დარწმუნებულია, რომ შიმშილობის მეორე წრეს სააკაშვილი დავით კეზერაშვილს, ნიკა მელიას, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ხაბეიშვილს და მის მიერ შემქნილ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვნის, რომლებმაც ბელადი ციხეში მიატოვეს.
„პარტიაში სააკაშვილის მიმართ არანაირი ინტერესს აღარ იჩენენ. დამფინანსებელი იშოვეს და ახლა ყველა დავით კეზერაშვილის დაკრულზე ცეკვავს. 20 თუ 30 მისი ყველაზე ფანატიკური მომხრის გარდა სააკაშვილს არავინ აღარ კითხულობს. კეთდება კულუარული თუ პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ-ის შემდგომი გეგმები სააკაშვილის გარეშე უკვე დაგეგმილია და ამაზე ძალიან ბევრი გარემოება მიუთითებს. სააკაშვილზე გაგიჟებულ 530000 ამომრჩეველს გამოვრიცხავ, სააკაშვილის ირგვლივ ვინც დარჩა, ეს მართლა შიზოფრენიით შეპყრობილი ხალხია.
ენმ-ის ამომრჩევლის ძირითადი ბირთვი მედროვე ადამიანები არიან. ისინი დღეს საჯარო სექტორში თანამდებობებზე თუ სხვაგან, სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე მშვენივრად მოეწყვნენ და მიუხედავად ამისა, ენმ-ს მაინც ხმას აძლევდნენ. ეს ძირითადი ბირთვი ახლა კეზერაშვილის დაფინანსების მიუხედავად ამ პარტიის მომხრეებად დარჩებიან. სააკაშვილი საკუთარ ელექტორატშიც კი გაკოტრდა. ბელადის მძიმე მდგომარეობას ამ სასამართლო გამოსველბიდანაც კარგად ხედავენ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.