„ორი დღის წინ კიევში, უკრაინის საელჩოში ბუხრის საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ეს ნიშნავს, რომ იქ წვავდნენ დოკუმენტებს და ესეც ომის მომზადების ერთ-ერთი ნიშანია“

„ორი დღის წინ კიევში, უკრაინის საელჩოში ბუხრის საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ეს ნიშნავს, რომ იქ წვავდნენ დოკუმენტებს და ესეც ომის მომზადების ერთ-ერთი ნიშანია“

„საუბარი აღარ არის იმაზე, ომი დაიწყება თუ არა, ომი სამწუხაროდ, დაიწყება, მაგრამ აქ საუბარია, ომი რა მასშტაბის იქნება, - უშუალოდ დონბასის ფარგლებში თუ შესაძლოა, სამივე ან თუნდაც ოთხივე მხრიდანაც“, - ასე აფასებს ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი For.ge-სთან საუბარში, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ, დაძაბულ ურთიერთობას.

19 თებერვლის დღის განმავლობაში, დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნეს, მიმდინარე დღის დასაწყისიდან ცეცხლის შეწყვეტის 8 დარღვევა დაფიქსირდა. შედეგად დაიღუპა 2 უკრაინელი ჯარისკაცი. უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება მიგვიყვანოს ომამდე. როგორ ფიქრობთ, დაიწყება ომი?

- გამომდინარე იქიდან, თუ რა ძალები აქვს თავმოყრილი რუსეთს უკრაინის გარშემო, როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ის, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ დონბასში, კარგ იმედს არ ტოვებს. რუსეთის ჯარების ასეთი მობილიზაცია და კონცენტრაცია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არ მომხდარა.

საუბარი აღარ არის იმაზე, ომი დაიწყება თუ არა, ომი სამწუხაროდ, დაიწყება, მაგრამ აქ საუბარია ომი რა მასშტაბის იქნება, - უშუალოდ დონბასის ფარგლებში, თუ შესაძლოა, სამივე ან თუნდაც ოთხივე მხრიდანაც.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ. თქვენ პირადად, ელოდებით რუსეთის მხრიდან კიევში შეჭრის შესაძლებლობას და ამ შემთხვევაში, მიიღებს თუ არა ეს ყველაფერი მასშტაბურ სახეს?

- თითქმის ყველა ნიშანია ამის. ორი დღის წინ კიევში, სადაც უკრაინის საელჩოა, ბუხრის საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომის ახალ პაპს ირჩევენ, არამედ გასაგებია, რომ იქ წვავდნენ დოკუმენტებს. როდესაც ომი იწყება, იმ ქვეყნის საელჩო შეიძლება აღმოჩნდეს მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე და ის წვავს ასე სასწრაფოდ ყველა დოკუმენტს, ესეც ერთ-ერთი ნიშანია ომის მომზადების.

გარდა ამისა, ვიცით, რომ გამოცხადდა ევაკუაცია, შეგვიძლია პარალელის გავლება ცხინვალის 2008 წლის ომთან. ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ შესაძლოა, დღე-დღეზე ასეთი რამ მოხდეს.

ჩვენს შემთხვევაში ვიცით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი 5 დღე გაგრძელდა. თუკი რუსეთი მართლაც გაბედავს უკრაინაზე თავდასხმას, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გასტანს ეს ომი? უკრაინული მხარე ამბობს, რომ იბრძოლებენ ბოლომდე...

- უკრაინა საქართველო არ არის, ის ბევრად მეტია შეიარაღებით, მოსახლეობის რაოდენობით. გააჩნია ტაქტიკა როგორი იქნება. თუ დიდ ომს აირჩევს რუსეთი, მაშინ აირჩევს საჰაერო დარტყმებს, დაბომბვებს, ამას მოჰყვება ცოცხალი ჯავშან-ტექნიკა. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას არ იცავს რელიეფი. ჩვენ მაშინ, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ კავკასიის ქედი. უკრაინაში, ფაქტობრივად, საზღვარიც არ არის მონიშნული, უკრაინაში დაცვა ბევრად რთულია, გაშლილი მინდვრებია და შეტევა ფართო ფრონტით შეიძლება.

არსებულ ვითარებას ექსპერტთა ნაწილი აფასებს მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინაპირობად. შესაძლოა თუ არა, შედეგად მივიღოთ მესამე მსოფლიო ომი?

- 20 წლის წინ ვწერდი, როდესც ჩეჩნეთის მეორე ომი იყო, სანამ ჩვენი ომი დაიწყებოდა, გამოჩნდა მეორე ცივი ომის დაწყების ნიშნები: ფეხზე წამომდგარი პუტინის რუსეთი ცდილობს გაიმეოროს ის, რასაც მეფის რუსეთი აკეთებდა საუკუნეების განმავლობაში, რომ დაიპყროს ტერიტორიები.

რომ არ არსებობდეს ომის ბირთვული საშიშორება, შესაძლოა, დასავლეთის მოქმედებები ბევრად უფრო აქტიური და სხვანაირი ყოფილიყო. ამიტომაც იყო, რომ რუსეთმა 19 თებერვალს სპეციალურად გამართა ფართომასშტაბიანი სწავლება ბირთვული იარაღის გადამტანი საშუალებებით. დასავლეთს დაანახა, რომ შემონახული აქვს ბალესტიკური რაკეტები. პუტინმა თუ დაიწყო ომი, ეს ბევრ რამეს შეცვლის. რუსეთს სამწუხაროდ აქვს უპირატესობა.

ერთია, დასახლებული პუნქტის აღება და მეორეა, შემდეგ ამის გაკონტროლება. მნიშვნელოვანია რას იზამს უკრაინა - თუ ეს გახანგრძლივდა დროში, უკრაინელებმა შესაძლოა დაიწყონ პარტიზანული მოქმედებები, რაც სერიოზულია და ამას არ ეყოფა ის ძალა, რომელიც რუსეთს მობილიზებული ჰყავს. ყველაფერი დამოკიდებულია რამდენს გაბედავს პუტინი.

საქართველოს კონტექსტშიც რომ განვიხილოთ - საუბარია იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რიგში შესაძლოა ჩვენ ვიყოთ. რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, კიევზე თავდასხმის შემთხვევაში?

- უკრაიანაში თუ გამარჯვებას მიაღწია რუსეთმა, მაშინ შემდეგი დასავლეთ-აღმოსავლეთ ევროპა იქნება. ჩვენი მიმართულება რუსეთისთვის აქტუალური უკვე აღარ არის იმის ფონზე, რასაც რუსეთმა მიაღწია მაშინ ჩვენთან დაკავშირებით და, რაც დაუშვა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ.

რუსეთს, სამწუხაროდ, საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და რომ მოინდომოს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია კიდევ ბევრი ცუდი რამ გაგვიკეთოს, თუკი მოისურვებს. თუმცა, დღეს საუბარი საქართველოს დონეზე აღარაა, თვით უკრაინის დონეზეც აღარ არის. საუბარია მსოფლიო დონეზე, ბირთვული სახელმწიფოების დონეზე.

დემეტრე - ტრივიალური მიზეზი რომ იყოს?! ზამთარში, სიცივეში ბუხრის დანთება... ან, სულაც მწვადი შეწვეს...
2 წლის უკან
tamaz უკრაინის საელჩო კიევშიც არის?
2 წლის უკან
ჯარჯი მეგონა, სათაურში იყო შეცდომა საელჩოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მეასეხარისხოვანია. მეჩვენება, რომ მსოფლიო რაღაც დიდი კატასტროფის წინაშეა
2 წლის უკან
XALIBI ექსპერტ ალადაშვილს დოკუმენტაციის გასანადგურებლად ბუხრის გარდა სხვა ტექნოლოგია ვერ წარმოუდგენია????? ეს ალბათ, არტ-მომზადების მერე კავალერიის შეტევასაც ელოდება......
2 წლის უკან