„ნატოზე მარტო ჩვენგან ნათქვამ უარში არ არის საქმე, პუტინს უნდა დასავლეთის მხრიდან აწეული ხელების დანახვა, მაგრამ დასავლეთის ლიდერებსაც აქვთ თავმოყვარეობა“

„ნატოზე მარტო ჩვენგან ნათქვამ უარში არ არის საქმე, პუტინს უნდა დასავლეთის მხრიდან აწეული ხელების დანახვა, მაგრამ დასავლეთის ლიდერებსაც აქვთ თავმოყვარეობა“

დონბასის რეგიონში მზარდი დაძაბულობის მოტივით, რუსეთი და ბელარუსი ათდღიან წვრთნებს ახანგრძლივებენ. ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთს ბელარუსში 30 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს და შეუძლია გამოიყენოს ისინი, როგორც დამატებითი ძალა უკრაინაზე თავდასხმისთვის. მოსკოვი მსგავს განზრახვას უარყოფს, ამის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სერგეი ლავროვს იმ პირობით შეხვდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. თავის მხრივ, უკრაინის საკითხზე სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ რუსეთისა და საფრანგეთის პირველი პირები.

ორად გაყოფილი დასავლეთი იტყვის თუ არა უარს ნატო-ს გაფართოებაზე და შესაძლებელია რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი დიპლომატიური გზით გადაწყდეს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკების თემა იქნება არსებული კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა. თუმცა, არის სხვადასხვა შეფასებები, რომ რუსეთი ევროპაში უფრო დიდ ომს გეგმავს, ვიდრე ეს იყო 1945 წლის შემდეგ. ნატო-ს თავმჯდომარე და აშშ-ის პირევლი პირი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება. ის, რაც ახლა ხდება უკრაინა-რუსეთს შორის, არაა კომედიის სფერო, მაგრამ ვხედავთ, რომ ძალიან პრინციპული და პირდაპირი არის უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც პროფესიით არის კომიკოსი. რამდენად სწორად მიჰყავს ზელენსკის პროცესები და ელოდით, რომ ანაგარიშგასაწევი ძალა გახდებოდა?

რამაზ საყვარელიძე: რეიგანი ჟანრის მხრივ კომიკოსი არ იყო, მსახიობი გახლდათ, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მეტოქე - იმ დროს საბჭოთა კავშირი. ასე რომ, როგორც ჩანს, მშობლიური პროფესია არ არის გადამწყვეტი, იმ ადგილზე, სადაც მიდის ადამიანი, არამედ სიტუაციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 2008 წელთან პარალელს, ბევრი პარალელი გაკეთდა და არც გვახსოვს, რომ ასე ხშირად საქართველოს პრობლემა ეხსენებინათ უცხოელებს, როგორც ახლა უკრაინის შემთხვევაში ხდება. მაგრამ, მე სწორედ ამ მაგრამის იქით დაფიქრება მინდა თქვენთან ერთად. 2008 წლის აგვისტოს ომი პუტინის გარკვეული განწყობილებების ფონზე იყო დაწყებული. კერძოდ, პუტინი შეჰპირდა დასავლეთს - თუ თქვენ აღიარებთ კოსოვოს, მე ვაღიარებ აფხაზეთს და ოსეთს.

ეს იყო კონკრეტული მითითება მაშინ...

- დიახ და როგორც კი დასავლეთმა აღიარა კოსოვო, რამდენიმე თვეში დაიწყო ომი, რამაც პუტინს მისცა ამ რეგიონების აღიარების საშუალება. ასე რომ, პუტინი გარკვეული ლოგიკით ხელმძღვანელობდა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრაგმატული ლოგიკა გახლდათ, მაგრამ რუსული გათვლებით იყო ლოგიკა, რომელიც დასავლეთისთვის ჭკუის სწავლებას გულისხმობდა.

ორად გაყოფილმა დასავლეთმა ისწავლა ჭკუა?

- დასავლეთს ჭკუის სწავლებაში რუსეთს სათავისო ჭკუის სწავლება უნდა, კერძოდ, - დასავლეთს ეშინოდეს რუსეთის. 2008 წლის ტრაგედიის შემდეგაც დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს რუსეთის აქცია იყო და მიაჩნდათ, რომ შემთხვევითობა იყო და მერე უკვე 2014 წელს უკრაინასთან დაინახეს კანონზომიერება, რომ თურმე რუსეთი მონსტრი ყოფილა. დღეს, როდესაც რუსეთმა ჯარის ტრიალი დაიწყო საზღვართან, დასავლეთი დარწმუნებულია, რომ პუტინი ომს დაიწყებს უკრაინის წინააღმდეგ. 2008 წლის ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ პუტინისთვის გარკვეული ლოგიკა ჰქონდა მის მიერ დაწყებულ ომს.

რას გულისხმობთ?

- პუტინს სურდა დასავლეთის მხრიდან მეტი ანგარიშგაწევა. თუკი ამ თვალით შევხედავთ, ახლაც იგივე უნდა და ჩამოთვალა მთელი საკითხები, ამიტომ ატრიალებს ჯარს საზღვარზე, მაგრამ, თუკი გადალახავს საზღვარს და გადავა შეტევაზე, მერე ანგარიშგაწევას ვერ მიიღებს, მიიღებს სადამსჯელო სანქციებს.

საინტერესოა ისიც, რომ სადამსჯელო სანქციებზე არ იყო საუბარი 2008 წელს, არც 2014 წელს იყო მომწიფებული და ახლა წინასწარ აფრთხილებენ...

- უხატავენ იმ სურათს, რაც სანქციებით შეიქმნება, მაგრამ მეორე მხრივ, სანქციების გარეშედაც, თუკი პუტინმა მიაღწია ანგარიშგაწევას და უკვე ვხედავთ, რომ დიალოგები სულ უფრო ხშირად იმართება პუტინთან, შეიძლება უარი თქვას საომარ მოქმედებებზე. პუტინისთვის ძალიან წამგებიანი იქნება ომი და შეიძლება დაკმაყოფილდეს იმით, რომ დაშინებული დასავლეთი დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან.

დასავლეთი და აშშ იარაღით ამარაგებს უკრაინას, გაგრძელდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნები, ამ ყველაფრის ფონზე უკრაინა ამბობს, რომ მშვიდობა უნდა, მსოფლიო ლიდერები ამბობენ, რომ ომი არ სურთ, რუსეთი ამბობს, რომ თავდასხმას არ გეგმავენ. მაშინ რას ვაკვირდებით, რა სურს მსოფლიოს?

- ამიტომ მგონია და პარალელიც ამიტომ გავავლე, რომ მაშინაც ომი არ უნდოდა რუსეთს - ამ სიტყვის დიდი გაგებით საქართველოს დაპყრობა, უნდოდა ის კონფლიქტი, რომელიც საშუალებას მისცემდა შემდეგი ნაბიჯები გადაედგა და ამისთვის 5-დღიანი კონფლიქტი სრულიად საკმარისი იყო მისთვის. ამის შემდეგ აფხაზების და ოსების „დასაცავად“ ადგა და აღიარა დამოუკიდებლად. რეალურად, აღიარება ჩაფიქრებული იყო უფრო ადრე. ახლა, რუსეთს მთავარ ამოცანად უდგას ის, რომ დასავლეთს უარი ათქმევინოს ნატო-ს გაფართოებაზე. არა ის, რომ უკრაინას ათქმევინოს უარი, ან საქართველოს, არამედ თვითონ დასავლეთს ათქმევინოს უარი ნატო-ს გაფართოებაზე და ამიტომ დაიწყო წინა საომარი კლიმატის შექმნა - მთელს მსოფლიოს გაუჩნდეს შიში იმისა, რომ რუსეთმა შეიძლება შუაგულ ევროპაში ისევ დაიწყოს ომი. რუსეთისგან ამას ელიან. რუსეთი იძახის მშვიდობა მინდაო და ამ დროს საომარ მოქმედებას დაიწყებს, ამით მსოფლიოს ვერ გააკვირვებ, ეს არის რუსეთი.

მაგრამ რეალურად უნდა რუსეთს ომი?

- მეეჭვება, რომ ომი, როგორც ასეთი, უნდოდეს. რუსეთს უნდა ის მთავარი, რაც ამ დაძაბულობის შექმნით შეიძლება მიიღოს.

ორად გაყოფილი დასავლეთის ფონზე, მიიღებს კი რუსეთი იმას, რაც უნდა, ანუ ნატო უარს იტყვის გაფართოებაზე?

- შეიძლება, რომ მიიღოს. სხვა თუ არაფერი, რამდენჯერმე ითქვა და მათ შორის ბაიდენის მხრიდანაც, რომ უახლოეს ხანებში უკრაინის და საქართველოს ნატო-ში მიღება არ იგეგმებაო. შეიძლება მივიღოთ ასეთი სურათი, რომ ნატო-მ და დასავლეთმა უარი თქვან პრინციპზე - ნატო გაფართოვდეს ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ მისცეს ნატო-ს წევრობის საშაულება.

აქ მეტი უნდა რუსეთს. უნდა, რომ პრინციპულად ნათქვამი შეაცვლევინოს დასავლეთს და პრინციპულად ათქმევინოს, რომ ჩვენ არ გავფართოვდებით, თუკი ეს რუსეთს არ ენდომებაო. ასე რომ, ფაქტობრივად, ნატოს პოლიტიკაში ჩარევა და შესწორება არის პუტინის ამოცანა და შეიძლება ოცნებაც, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს რაში სჭირდება ცვლილებები?! ნატომ შეიძლება ვერ მიიღოს უკრაინა და საქართველო, თუნდაც თავისი წესდების მომიზეზებით.

ორივე ქვეყანაში კონფლიქტებია, ორივე მიმართულებით აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, რაც თავისთავად გულისხმობს საომარი მოქმედებებს, რაც უკრაინაში ცხელ სტადიაში უკვე მიმდინარეობს. ასე რომ, ნატო-ს უარის თქმისთვის საფუძველი აქვს, მაგრამ პუტინს მაინც უნდა გადადგას ეს ნაბიჯები. ე.ი. მარტო ჩვენთვის ნათქვამ უარში არ არის საქმე. პუტინს უნდა დასავლეთის მხრიდან აწეული ხელების დანახვა. დასავლეთის დათანხმება მის წინადადებაზე.

პუტინის ულტიმატუმის ფონზე, ვიხილავთ ხელებაწეულ დასავლეთს?

- ძნელი სათქმელია, ზუსტად ისე, როგორც პუტინს უნდა ხელებაწეული დასავლეთის დანახვა და ამისგან პოლიტიკური სარგებელის მიღება. პუტინს 2024 წელს აქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე სჭირდება დასავლეთის დამმარცხებელის იმიჯი. პრინციპში, თუ ისეთი რამე იქნება შეთავაზებული, რომელიც პუტინის საარჩევნო პატივმოყვარეობას დააკმაყოფილებს, სავარაუდოა, რომ პუტინი გაჩერდება, იმიტომ რომ პუტინის ეკონომიკა სერიოზულ საომარ მოქმედებებს არ ეყოფა, ვერ გაქაჩავს. მაგრამ, ასევე, დასავლეთის ლიდერებსაც აქვთ თავმოყვარეობა, არ უნდათ ხელაწეული დადგნენ პუტინის წინაშე. თუკი დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებრივმა აზრმა იმძლავრა, რომ არ გავაბრაზოთ რუსეთი - ჩვენ გათბობა გვინდაო, იქ შეიძლება დასავლეთმა, რომელიც თავის ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულია, ვიდრე რუსეთი, შეიძლება ეს საბაბი ხელზე დაიხვიოს და იმისათვის, რომ ცხოვრება არ გაირთულოს, იპოვოს ისეთი ფორმულირება, რომელიც რუსეთსაც დააკმაყოფილებს. მაგრამ, ჯერჯერობით დიპლომატიური დაპირისპირება გრძელდება ომის სახით.

შესაძლებელია რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი დიპლომატიური გზით გადაწყდეს?

- საერთოდ მიმაჩნია, რომ რუსეთმა ეს კრიზისი იმისთვის შექმნა, რომ მხარეება და კერძოდ, დასავლეთმა დიპლომატიური გამოსავალი მოძებნოს, იმიტომ რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება ომის წარმოება, მაგრამ ასევე ძალიან გაუჭირდება დასავლეთს იმ სანქციების განხორციელება, რომელზედაც არის ლაპარაკი.

მაგრამ სანქციების დაწესებას დასავლეთი პრინციპში არც ჩქარობს. მაგალითად, მიშელი ამბობს, რომ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად, მაგრამ წინასწარ სანქციების გამოცხადებას არ აპირებენ. ანუ, ეს იყო წინასწარი გაფრთხილება და სტრატეგიის ჩვენება?

- რა თქმა უნდა, აჩვენებენ, რომ დასავლეთი უფრო ხმამაღლა აკეთებს აქცენტს დიპლომატიაზე. რუსეთიც იგივეს იძახის, ვხედავთ, რომ ხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, დაგეგმილია ლავროვის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა, ანუ ეს რაუნდები გრძელდება. იგივე რაც მაკრონმა თქვა - რუსეთს მთელი ამ ვითარებიდან ერთადერთი რაც უნდა, ეს არის პატივისცემა და ანგარიშის გაწევა, გადავუსვათ თავზე ხელი და პატივი ვცეთო, საინტერესო ინტერპრეტაცია იყო იმ მხრივ, რომ მოტივად პოლიტიკური მოტივაცია კი არ დასახელდა, არამედ წმინდა წყლის ფსიქოლოგიური მოტივი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

ანუ შანსი იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება შესაძლოა დიპლომატიური გზით გადაწყდეს, ჯერ კიდევ არის?

- ვფიქრობ, ამ პროცესების დიპლომატიის გზით მოგვარების შანსი უფრო მეტია, ვიდრე საომარი მოქმედების გაჩაღების, იმიტომ რომ ომის დაწყების შემდეგ შეიძლება დიპლომატია ვერ აღმოჩნდეს იმდენად შედეგიანი, როგორც ახლა. ომის შიშით, ახლა  აქცენტი გაკეთებულია დიპლომატიაზე. თუ ომი რეალობა გახდა, მერე უკვე შეიძლება დიპლომატია აღარ იყოს ქმედითი.

ბევრი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ პუტინს არ უნდა დიდი სერიოზული ომის წარმოება...

- შეიძლება იყოს ამაში ლოგიკა. ხაზს უსვამენ იმას, რომ პუტინის მიზანია პატარა ომის წარმოება, რომ მოლაპარაკებებს მისცეს იმპულსი და ახსენდებათ 2008 წლის 5-დღიანი ომი. მგონია, რომ ქვეყნის დაპყრობისთვის გამიზნული საომარი მოქმედება არ იქნება.