„ყველაზე უფრო ამერიკას ეშინია დიდი ომის. თუ რუსეთი დონბასში შეიჭრა, ამერიკაში ჩათვლიან, რომ პუტინმა დიდი ომი არ დაიწყო და რუსეთმა მხოლოდ პატარა ტერიტორია წაართვა უკრაინას. ამან შეიძლება არც იმოქმედოს ამერიკაში ჯო ბაიდენის რეიტინგზე, მაგრამ ბაიდენმა უნდა აჩვენოს მსოფლიოს, რომ რუსეთს გადააფიქრებინა დიდი ომი“, -აცხადებს for.ge-სთან საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.
ანალიტიკოსები 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების სცენარზე საუბრობენ და პარალელებს ავლებენ უკრაინასთან მიმართებით. 2008 წელს საქართველოსაც არწმუნებდნენ, რომ რუსეთი აგრესიას არ გამოავლენდა, რომ რუსული წვრთნები არაფერს ნიშნავდა, უფრო ადრე გვარწმუნებდნენ, რომ თურმე სოხუმსაც ასე მარტივად დატოვებდნენ რუსული სარკინიგზო ჯარები, თუმცა ყოველი წვრთნების შემდეგ რუსული გავლენა საქართველოზე იზრდებოდა. დღესაც თუ ჩანს მსგავსება უკრაინულ და ქართულ მოვლენებს შორის? მიუხედავად იმისა, ბევრს დავობენ, შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში, საბოლოო ფინალი იქნება თუ არა უკრაინაში შეჭრა?
- უკრაინულ და ქართულ მოვლენებს შორის მსგავსება არის, იგივე სცენარებია დამუშავებული, რაც ყოველთვის ჰქონდათ რუს სამხედროებს. მოვლენები ჰგავს თუნდაც იმით, რომ დონეცკის და ლუგანსკის აღიარების პროცესი თუ წავიდა, ეს შეიძლება მართლაც განახორციელოს რუსეთმა, ან სულაც შესაძლოა, ამ აღიარებით აშინებენ უკრაინელებს, აშინებენ იმის გამო, რომ მინსკის შეთანხმება, რომელშიც ჩაწერილია, რომ უკრაინამ უნდა მისცეს დონეცკს და ლუგანსკს მაღალი ავტონომიური სტატუსი, უკრაინამ ეს შეასრულოს. ეს რუსეთს ძალიან სჭირდება. თუმცა ეს თუ არ მოხდა, საბოლოო ჯამში, რუსეთმა შეიძლება მოახდინოს პროვოცირება და ამ მიზეზით შეიყვანოს ჯარი დონეცკსა და ლუგანსკში, პრაქტიკულად, ამ ტერიტორიების ანექსია მოახდინოს.
რუსეთი აბრალებს უკრაინელებს, თითქოს ისინი დივერსიულ ჯგუფებს გზავნიან დონბასში. ეს საბაბი ანალოგიურია იმისა, როგორც ჩეჩნეთში შეჭრა შეამზადეს, როცა თავად რუსებმა მოაწყვეს ტერორისტული აქტი დაღესტანსა და რუსეთში, ააფეთქეს საცხოვრებელი კორპუსები და ჩეჩნებს დააბრალეს, მაგრამ ლიტვინენკომ რუსეთის სპეცსამსახურები ამხილა ამ ტერაქტებში. არაფრად უღირს რუსეთის ხელისუფლებას დასავლეთის მუქარა, რომ შეჭრის შემთხვევაში სანქციები დაუწესდება და ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება?
- როცა რუსეთი უკრაინულ დივერსიულ ჯგუფებზე საუბრობს, ეს საბაბია აღიარებისთვის და იმისთვის, რომ დონბასში შეიყვანოს ჯარი რუსეთმა. რაც შეეხება სანქციებს, დასავლეთის მხრიდან ამ კონკრეტულ სანქციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, რუსეთზე მოქმედებს, მაგრამ თუკი რუსეთის პოლიტიკას სჭირდება უკრაინაში შეჭრა? პუტინს ახლა სჭირდება თავისი რეიტინგის კიდევ უფრო მაღლა აწევა, კიდევ უნდა ათი წელი და მეტი იყოს სახელმწიფოს სათავეში. როგორც ხედავთ, ტერიტორიების წართმევა ვიღაცისთვის და ვიღაცის დამარცხება ომში, დადებითად მოქმედებს რუსეთის მოსახლეობაზე. ამიტომ პუტინისთვის მნიშვნელოვანია რეიტინგის შენარჩუნება საკუთარ ხალხში.
პუტინს აწყობს ომი შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ ჯო ბაიდენსაც ელის ახლა შუალედური არჩევნები, 2024 წელს კი განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მეორე ვადით არჩევას აპირებს. მისთვის რამდენად საზიანო იქნება, რომ პუტინი ვერ შეაკავა და უკრაინა ვერ გადაარჩინა?
- თავისთავად, ჯო ბაიდენს სჭირდება პუტინის შეკავება. ყველაზე უფრო ამერიკას ეშინია დიდი ომის. თუ რუსეთი მაგალითად, დონბასში შეიჭრა, ამერიკაში ჩათვლიან, რომ უკრაინაში დიდი ომი არ დაიწყო და რუსეთმა პატარა ტერიტორია წაართვა უკრაინას. ამან შეიძლება არც იმოქმედოს ამერიკაში ჯო ბაიდენის რეიტინგზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჯო ბაიდენმა უნდა აჩვენოს, რომ რუსეთს გადააფიქრებინა უკრაინის დაპყრობა და დიდი ომი.
რუსეთი ცდილობს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მოლდოვაში. პუტინს უნდოდა ძალის დემონსტრირება, მაგრამ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა იმ ერთობის ჩვენება, რაც დასავლეთმა დაუპირისპირა მის აგრესიას. შეიძლება ამ ერთობამ გადააფიქრებინოს პუტინს იარაღის ჟღარუნის ენაზე საუბარი?
- კი, ამ ერთობამ უკვე შეაჩერა პუტინი და გადააფიქრებინა იარაღის ენაზე საუბარი. პუტინი კი თავზეხელაღებული კაცია, მაგრამ იქ არიან სამხედროები, არის შტაბები, ეს ადამიანები, ალბათ, ეუბნებიან პუტინს, რომ შეუძლებელია, დიდი ომი მოიგოს. თავის მხრივ, რუს ოლიგარქებსაც შეეშინდათ სანქციების, რომ დაკარგავენ თავიანთ ფინანსებს, დაეცემა მოსკოვის ბირჟა, რუსული კომპანიების აქტივები დაეცემა, პუტინის პირადი თანხებიც უცხოეთშია, სანქციების ქვეშ მოხვდებიან მათი ბანკები და ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში, პუტინი, ალბათ, ამას ანგარიშს გაუწევს და დიდ ომს არ წამოიწყებს, მაგრამ პატარა ავანტიურები, რომლითაც შეიძლება მაგალითად, დონბასში შეიყვანოს ჯარი და ოკუპირება მოახდინოს, ეს სავსებით შესაძლებელია. ისევე, როგორც ჩვენთან მოახდინა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპირება, ამაზე შეიძლება პუტინი მაინც წავიდეს.
რამდენად სწორ სვლებს ახორციელებს ზელენსკი, რომელიც არ შეჰყვა თამაშში პუტინს, განსხვავებით სააკაშვილისგან?
- სააკაშვილი იყო ძალიან დამოუკიდებელი და მხოლოდ თვითონ ფიქრობდა, ბოლომდე არავის არ უსმენდა, ზელენსკი არ ჩანს ასეთი, ზელენსკი უფრო უსმენს სხვა ხალხს და ცდილობს დაბალანსებას. ზელენსკი, პირველ რიგში, უსმენს ამერიკელებს, მაგრამ, ასევე, თავის გარშემო უსმენს მრჩევლებს.
გერმანიის მთავრობა რუსეთთან მიმართებით გაყოფილია და შეჯერებული პოზიცია არ აქვს. ეს ოსტპოლიტიკის დოქტრინით აიხსნება, რომელიც სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებთან დაახლოებას გულისხმობდა? პრინციპული პოზიცია რომ დაეკავებინა გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, პუტინი ამდენს გაბედავდა? ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი ქვეყნები ახალისებენ რუსულ პოლიტიკას?
- გერმანიამ ერთადერთი, რაც ცუდი გააკეთა, იარაღი არ მისცა კიევს და, ასევე, თავისი იარაღის მიცემის უფლება არ მისცა ესტონეთს. გერმანიაში კონსტიტუციითაა აკრძალული იარაღის მიცემა კონფლიქტური მხარეებისთვის.
თავის დროზე მერკელს შეეძლო გაზის ნაკადის დივერსიფიცირება, მაგრამ ეს არ მოახდინა.
- „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მერკელის დროს არ დაიწყო? გერმანიის ასეთი პოლიტიკა დაწყებულია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში. იქიდან მოყოლებული, გერმანია ორიენტირებული იყო იმაზე, რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. ახლა უკვე ბევრი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გერმანული პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართ უნდა შეიცვალოს.
მაგრამ ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი ფინანსისტია და არა დიპლომატი და, ალბათ, ამით აიხსნება მისი დამყოლობა რუსეთის მიმართ?
- რამდენად დამყოლია შოლცი, ჯერ არ ვიცით, რადგან ერთი მხრივ მოსკოვია, მეორე მხრივ ამერიკა. ჩვენ ვნახეთ, რომ შოლცის წინაშე ბაიდენმა თქვა, რომ, თუ ომს დაიწყებს რუსეთი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება, გაუქმდება. შოლცი ამ დროს გაჩუმდა, ამით გამოჩნდა, რომ შოლცი ამერიკას მარტივად ვერ ეწინააღმდეგება. მერკელი ძალიან ეწინააღმდეგებოდა ამერიკას, თავისი პოზიცია გაჰქონდა და ევროკავშირშიც აქტიურად ლობირებდა საკუთარ პოზიციებს, შეხედულებებს, გერმანიის ინტერესებს. შოლცის პირობებში, მე მგონი, ევროკავშირი აღარ იქნება ისეთი დამყოლი. ამ ეტაპზე მაკრონთან აქვთ ასეთი თანხმობა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, ალბათ, ვერ შეინარჩუნებენ ამ თანხმობას, ევროპის სხვა ქვეყნები უფრო მეტ თავისუფლებას გამოიჩენენ და მეტად აიძულებენ გერმანიას, უფრო მეტად ამერიკული პოზიციები გაიზიაროს.