გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამა, რომელიც 2021 წელს დაიწყო, წელსაც გაგრძელდება, მაგრამ მისდამი ინტერესი რომ აღარ არსებობს, ეს უკვე აშკარაა. 2021 წელს გერმანიაში ე.წ. ლეგალური პროგრამით, ჯამში, 308 ადამიანი დასაქმდა, მაშინ, როცა პორტალზე რეგისტრაცია თითქმის 100 ათასმა მოქალაქემ გაიარა. ახლა კი მხოლოდ 18 ადამიანი გაემგზავრა უცხო ქვეყანაში სამუშაოდ და ეს მაჩვენებელი დიდად არც გაიზრდება. კიდევ უფრო რთული ვითარებაა ისრაელის მიმართულებით, სადაც გამგზავრების სურვილიც არავის გამოუთქვამს.
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში გასული წლის 1 აპრილიდან დაიწყო. მაისში გამგზავრებული ჯგუფის წევრები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო.
„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმება არასდროს ყოფილა დროში შეზღუდული. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება სტაბილურად მიმდინარეობდა 2021 წელს და გაგრძელდება როგორც 2022, ასევე მომდევნო წლებშიც. წელს უკვე აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა 18-მა პირმა“, - აცხადებენ დასაქმებისა ხელშეწყობის სააგენტოში.
თუკი გერმანიაში წასვლის სურვილი 100 ათასმა კაცმა გამოხატა, მსგავსი ლეგალური პროგრამით, ოღონდ ისრაელის მიმართულებით, ადამიანთა უმცირესი ნაწილი დაინტერესდა. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 1 587 მოქალაქემ გაიარა.
იქ განსაზღვრულია იყო კვოტაც, რომელიც 1000 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას იძლეოდა. ჯერჯერობით ახლო აღმოსავლეთში ლეგალურად დასაქმების მიზნით 1 ადამიანიც კი არ გამგზავრებულა.
„საქართველოს მხარის მიერ სულ ისრაელის სახელმწიფოში ზემოხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმებისათვის გაგზავნილი იქნა 125 განაცხადი. შეთანხმება ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპიან შერჩევის პროცესს და ქართული მხარე ელოდება ინფორმაციას ისრაელის შესაბამის პარტნიორ უწყებასთან გაგზავნილი 60 მოქალაქის განაცხადის თაობაზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მოთხოვნის, შესაბამის სფეროში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ამიტომ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, შემუშავდა მოკლე ვადიანი (144 საათიანი ერთი თვის ხანგრძლივობის) კურსი შინმოვლის სფეროში.
„კურსის გავლის შემდგომ, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩაერთონ საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის, ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის პროცესში. კურსების ჩატარების შესახებ ავტორიზაცია უკვე მიღებული აქვს 4 პროფესიულ სასწავლებელს“, - განუცხადეს „ბიზნეს მედიას“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.
ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში დაახლოებით 1600 დოლარია.