„ნაცმოძრაობა“ ისევ იხვეწება...

„ნაცმოძრაობა“ ისევ იხვეწება...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ სამოქმედო გეგმას სახავს და კვალ ოპოზიციურ ერთობაზე ალაპარაკდა. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ამ მონსტრის“ (იგულისხმება „ქართული ოცნება“) დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური ერთიანობა.

„უნდა გავაკეთოთ ისეთი შეთავაზებები, ისეთი მუშაობის რეჟიმი უნდა ვაჩვენოთ, სადაც საერთო შეთავაზებებს და კონსოლიდაციას ალტერნატივა არ ექნება. ასეთი შეთავაზებები გაკეთდება, ეს ხომ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში ყველა ხმა, მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივას იმით ხსნიან, რომ ამ კონკრეტულ პარტიას მათი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს და სწორედ ეს არის მიზეზი, ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო კონსულტაციების დაწყებისაც.

ისიც გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის გამო იქნა მიღებული.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა ამჯერადაც უშედეგოდ ჩაივლის. მისი თქმით, სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია, რასაც ვერ ვიტყვით „ნაციონალურ მოძრაობაზე.“

„მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უფრო მძაფრ სიტუაციაში მოუწიათ ადრე ურთიერთობა, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ შედეგის მომტანი გაერთიანება მათთვის არ იყო. არ ვიცი ახლა ეს საკითხი ხელახლა რატომ დაუდგათ. საპარლამენტო ცხოვრებაშიც არ არის წინასწარ დაპირება საკითხების მიხედვით, შეიძლება ნებისმიერი პარტია, რაღაც კონკრეტულ საკითხში ერთ პოზიციაზე აღმოჩნდეს.

სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, თუ ოპოზიციურ პარტიებს არ ექნებათ ერთიანი პოზიცია, რისთვის იდგმევა ასეთი ნაბიჯი? - რომ პირობა მიიღონ შინაარსების გარეშე და შემდეგ, ამ პირობის გარეშე, მოითხოვონ მხარდაჭერა? მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რაც არ მგონია, რომ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ ნდობას აჩენდეს და უფრო მეტ გარანტიას იძლეოდეს იმის, რომ ასეთი ერთიანობა შედგება.

ამ კონკრეტული კომისიის შექმნა ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ აბსურდულობის გამო, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჩაერიოს ამ შექმნაში, ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თუმცა, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ ეს კომისია შეიქმნას, მაგრამ თვითონ არ გაერიოს. თუკი რეალურად ძალადობას არ ჰქონდა ადგილი, ასეთ შემთხვევაში, ამ კომისიის შექმნით მოგებული „ქართული ოცნება“ დარჩება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეიძლება კარგი შედეგი არ დადგეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული იდეის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება შესაძლებელია. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელს აძლევს.

„ოფიციალური კოალიცია არ შეიქმნება, არა გაერთინებაზე, აქ საუბარი არის კოორდინირებულ ქმედებაზე, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას რუსთავში და სხვა კონკრეტულ ქმედებებს. რიგ შემთხვევაში ოპოზიცია არის ერთიანი. არსებობს იმის შესძლებლობა, რომ კომისია შეიქმნას, მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ გარკვეული წევრებიც არ არიან წინაღმდეგ, რომ კომისია შეიქმნას, შესაძლებელია ცალკეულმა წევრებმა მხარიც დაუჭირონ ამ კომისიას“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩია თქმით, მათი პარტია მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიასთან ერთად ადრეც მოაწერა ხელი სამოქმედო გეგმას, რომელიც შემდეგ ისევ ოპოზიციამ დაივიწყა.

„ჩვენ გასულ წელს ხელი მოვაწერინეთ ოპოზიციას სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ოპოზიცის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სასამართლო, პროკურატურა, ეკონომიკა, განათლება და ა.შ. მერე თვითონ დაივიწყა ეს ოპოზიციამ. შესაბამისად, ჩვენ მარტივად ვუყურებთ ამ საკითხს - რაზეც შევთანხმდით რამდენად სრულდება. თუ სრულდება - ვმეგობრობთ, თუ არ სრულდება - არ ვმეგობრობთ და ვაკრიტიკებთ. ამ გეგმაზე ლაპარაკი უნდა დაწყებულიყო, როგორც ოპოზიციის საერთო გეგმაზე, რომ როცა ხელისუფლებაში მოვა, ამას გააკეთებს. მათ საერთოდ ამაზე ხმა არ ამოიღეს და ამის საწინააღმდეგოები ილაპარაკეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკური განცხადებით კი, ასეთ გაერთიანებაში მათი პარტიის ადგილი არ წარმოუდგენია, რადგან მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომლის არსებობა ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“. მისივე განცხადებით, არავის ქოლგის ქვეშ ყოფნას არ აპირებენ, თუმცა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყველასთან ითანამშრომლებენ. ბუჩუკურის თქმითვე, ოპოზიციური სპექტრის ერთიანობაზე ბევრად მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრულობა, განსაკუთრებული არათანამიმდევრულობით გამოირჩევა „ნაცმოძრაობა“.