ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებში მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ დაგმონ რუსეთის და მისი ოკუპირებული ადმინისტრაციების პროვოკაციები. პარალელურად, კიევის მერი აშშ-სა და გერმანიას მეტი თავდაცვითი იარაღის მიწოდების მოთხოვნით მიმართავს. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ნატო-ს ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა.
როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და რუსეთისგან მომდინარე საფრთხის კვალდაკვალ გაიღება თუ არა ნატო-ს კარი უკრაინისთვის? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ვახტანგ მაისიას ესაუბრა.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხის მიუხედავად, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ ალიანსის წევრები, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია თვალი დახუჭოს და თქვას, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს უკრაინის ნატოში გაწევრიანება. მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ერთიანი პოზიცია უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?
ვახტანგ მაისაია: დასავლეთი ორ ნაწილად გაიყო. ერთი - ეს არის ატლანტიკური დასავლეთი და მეორე - ევროპული დასავლეთი. ატლანტიკური დასავლეთი - ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, აშშ აქტიურ მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ. ასევე არის ჩეხეთიც, მაგრამ სხვა აზრი აქვს. რაც შეეხება ევროპულ დასავლეთს - საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და განსაკუთრებით უნგრეთი, პესიმისტურად არიან განწყობილი უკრაინის მიმართ. როგორც 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი ჩამოვიდა საქართველოში და ყველანაირი კუთხით მიაღწია სარკოზი-სააკაშვილისა და მედვედევის ხელშეკრულებას, რაც საქართველოსთვის არ იყო კარგი შეთანხმება, დაახლოებით იგივე ვარიანტზე არიან აწყობილები. დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაც იყო ძალიან უცნაური, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი არ განიხილებაო.
რთულია ვთქვათ, რომ ისეთ გამოცდილ და გავლენიან დიპლომატს, როგორიც არის ვადიმ პრისტაიკო, დაუფიქრებლად გაეკეთებინა ასეთი შინაარსის განცხადება...
- რა თქმა უნდა. აქ არის კიდევ ერთი საკითხი - უკრაინაში პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემის გარდა, არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ნატომ ჯერ კიდევ 1999 წელს ვაშინგტონის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღესაც რჩება მთავარ კომპონენტად - ტერიტორიული მთალიანობადარღვეულ ქვეყანას, რომელის ტერიტორიები სხვა ქვეყნის მიერ არის ანექსირებული, ნაწილი ოკუპირებული, ნატო-ში არ მიიღებენ და ეს უნდა ვიცოდეთ. არ ვიცი, თუ მადრიდის სამიტზე მიიღებენ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობა არ იყოს გაწევრიანებისთვის ხელის შემშლელი წინაპირობა, მაგრამ მეეჭვება ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი გეგმა წარმოადგინა და თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოებაში აუცილებლად უნდა მოვიაზროთ რუსეთი. რას ნიშნავს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება?
- ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ოღონდ არ იყოს ომი და ყველაფერზე შეგვიძლია წავიდეთ. მოკლედ, რომ შევაჯამოთ - ასეთია ევროპული დასავლეთის მიდგომები. ნამდვილად, ეს ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ევროპული დასავლეთი პირობად გიყენებს იმ კრიტერიუმს, რომ დღეს უკრაინას და საქართველოს ფორმალურ დონეზეც არ შეუძლიათ შეასრულონ ის მოთხოვნები, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდნენ. გასაგებია, რომ სამხედრო კუთხით არის წინსვლა, მაგრამ სხვა ფაქტორებიც ხომ უნდა იყოს. მარტო სამხედრო ფაქტორით არ განისაზღვრება ნატო-ს წევრობა. წარმოიდგინეთ, რუსეთი გვემუქრება, ამიტომ გვინდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ არ გვიღებენ. მხოლოდ თანაგვიგრძობენ, რომ რუსეთის აგრესიის ქვეშ ვიმყოფებით. ამ ვითარებაში ვართ წლებია.
ცხადია, რომ დასავლეთს არ აქვს ერთიანი პოზიცია, მაგრამ საკუთარი ინტერესები აქვს უკრაინაში აშშ-ს, დასავლეთის არაერთგვაროვანი პოზიციების ფონზე, ფიქრობთ, რომ დათმობს თავის ინტერესებს უკრაინის ხაზზე?
- ამერიკას შეიძლება ბევრი რამ უნდა, მაგრამ ამის უნარი თუ გააჩნია, ეს არის საკითხავი. ამერიკა ცდილობს შეინარჩუნოს სტატუს-კვო და იყოს გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრი. უნდა, რომ როგორმე შეაკოწიწოს მსოფლიო წესრიგის ნარჩენები და ამით აჩვენოს, რომ ამერიკას გააჩნია სტრატეგია. ანუ, ამას მისდევს ამერიკა, მაგრამ გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტები. რუსეთის გარდა არის ჩინეთი. თუ ამერიკამ გლობალურ დონეზე დაიწყო პოზიციების დათმობა, ჩინეთი პირიქით, გლობალურ დონეზე დაიწყებს პოზიციების გამყარებას და საკმაოდ სერიოზულად.
ჩინეთი, რუსეთი არ არის. გარდა იმისა, რომ ჩინეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნაა, პოლიტიკურადაც საკმაოდ შეკრული ქვეყანაა. კომუნიზმია თუ არა, ეს ამერიკელების საქმე არ არის. აბსოლუტურად ჰარმონიზებული და კარგად შეკრული საზოგადოება არის. ამერიკაშიც არის დაპირისპირებები და ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა როგორ არის ამერიკა გახლეჩილი. ამ კუთხით, თუ ამერიკა დაღმავალი ქვეყანაა, ჩინეთი აღმავალია.
ჩინეთი საკამოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრია, რაც, რა თქმა უნდა, ამერიკისთვის საკმაოდ სერიოზული პრობლემა გახდეს...
- რა თქმა უნდა, და, სხვათა შორის, ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება გამოჩნდა უკრაინაში. ჩინეთს უნდოდა ხელში ჩაეგდო ცნობილი მანქანათმშენებლობის ქარხანა, ამერიკელებმა უკრაინის ხელისუფლებაზე მოახდინეს სერიოზული ზეწოლა და ჩინური ინვესტიცია გააუქმებინეს. ასევე, ჩინეთს უნდოდა სერიოზული თანხა ჩაედო უკრაინის ქვანახშირის საწარმოებში, რადგან ქვანახში ძალიან აქტუალურია ჩინეთისათვის.
ასევე, ჩინეთი აპირებდა უკრაინის საზღვაო პორტებში განეხორციელებინა ინვესტიციები და მოეხდინა ანაკლიის მსგავსი პროექტის მშენებლობა, მაგრამ ამერიკელებმა დააბლოკინეს და დღეს უკვე უკრაინასა და ჩინეთს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები არსებობს. ამიტომაც, უკრაინაში არსებული დაპირისპირების ფონზე ჩინელებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციას. გარდა ამისა, ამერიკამ თვითონ არ იცის რა უნდა. გაურკვეველია რა ინტერესები აქვს ჩვენთან, კავკასიაში, ან ევრაზიის ტერიტორაზე.
ანუ, ამერიკა არ აპირებს რუსეთის სასარგებლოდ საკუთრი ინტერესების დათმობას უკრაინაში? წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელა იარაღს არ მიაწვდიდა...
- გასაგებია, მაგრამ... ამერიკა არ აპირებდა ავღანეთიდან გამოსვლას, მაგრამ მოუწია... სწორედ ამერიკაზეა ნათქვამი ცნობილი ანდაზა - „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“ - უნდა თუ არა, ცხადია, პოზიციებს თმობს. გასაგებია, რომ იარაღს აწვდის, მაგრამ ეს ის ამერიკა არაა, რომელიც თავგამოდებით იცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს ბილ კლინტონის და იგივე ჯორჯ ბუშის დროს. ობამამ და განსაკუთრებით ტრამპმა შეასუსტეს ამერიკის ინტერესები. ბაიდენმა ხომ საერთოდ, ვერ გაურკვევია რა პოლიტიკას აწარმოებს.
ფაქტობრივად, დღეს ბუმერანგი უბრუნდება ამერიკას, რომელიც დასცინოდა საბჭოთა ლიდერებს და ეუბნებოდა, რომ თქვენი ლიდერები ბებრები და უუნაროები არიანო, ახლა იგივე პრობლემა აქვს ამერიკას. ყველაზე ახალგაზრდა ჯერჯერობით არის ტრამპი, რომელსაც 75 წელი შეუსრულდა. ანუ, ახალგაზრდა ლიდერები არ ჰყავთ. ასე რომ, ეს ყველაფერი კომპლექსურად გაურკვეველ ვითარებას ტოვებს.
ერთი მხრივ ამერიკა იარაღს აწვდის უკრაინას, მაგრამ მეორე მხრივ უკან იხევს და ამბობს, რომ თუ რუსეთი შეიჭრება, არ ვაპირებ ჩარევასო. იარაღის მიწოდება კარგია, მაგრამ მას გამოყენება უნდა. ჩვენც გვაწვდიდნენ იარაღს, მაგრამ რა მოხდა? - ნახევარი იარაღი იყო ფუჭი, ნახევარის გამოყენება ჩვენმა სამხედროებმა არ იცოდნენ. მოდით, ვთქვათ, რატომ დამარცხდა საქართველო რუსეთთან ომში? - სწორედ ამიტომ! გასაგებია, რომ რუსეთთან მაინც დამარცხდებოდა, მაგრამ ღირსეულად დამარცხდებოდა. მარტო იარაღის მოწოდება არაა გამოსავალი.
როგორც ცნობილია, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოქალაქეთა ევაკუაცია გამოაცხადეს, მოსახლეობა გაიყვანეს კონფლიქტის რეგიონიდან, ეს ნიშნავს, რომ ომი გარდაუვალია?
- სიტუაცია მართული ქაოსისკენ მიექანება, ნებისმიერი სცენარი შეიძლება განხორციელდეს. ძალიან რთულია რამე დასკვნის გაკეთება.