ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება. იგი პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა და განაცხადა, რომ მარგველაშვილს ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს.
„ჩვენ ერთიანი პოზიცია გვქონდა და ერთიანად ყველამ მხარი გიორგი მარგველაშვილს დაუჭირა. ჩემი აზრით, მას ყველა თვისება გააჩნია იყოს კარგი პრეზიდენტი. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო და იდეალური ვარიანტიც კი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერმა მარგველაშვილის დადებითი მხარეები და თვისებები დაასახელა. მისი შეფასებით, მარგველაშვილი მენეჯმენტსა და პოლიტიკაშიც გამოცდილია, კარგი ანალიტიკოსი და ექსპერტია.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად რამდენიმე ადამიანი სახელდებოდა. ესენი არიან კახი კალაძე, ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი, არმაზ ახვლედიანი და ვახტანგ ხმალაძე. სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში ჩამოვიდა და როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა შეხვედრა. ამიტომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმის მოლოდინიც არსებობდა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დიდი შანსები ჰქონდა ირაკლი ალასანიას, რომელზეც წინასაარჩევნო პერიოდში თავად პრემიერმაც გააკეთა მინიშნება და რომელსაც მოქმედ მინისტრებსა და პოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისეთი საპრეზიდენტო მოდელისთვის, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება (იგულისხმება კონსტიტუციაში 2010 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლებითაც პრეზიდენტის უფლება-მოსილებები მნიშვნელოვნად იკვეცება) იდეალური კანდიდატურა იქნებოდა ვახტანგ ხმალაძე. ეს განცხადება პრემიერმა გასული წლის ოქტომბერში მთავრობის შემადგენლობის დასახელებისას გააკეთა.
„პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მე ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ“, - განაცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ ალასანია ასეთი უფუნქციო პრეზიდენტობისთვის ენანებოდა. ამიტომ საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა უფუნქციო პრეზიდენტად აქციოს მისი ფავორიტი მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თავის სფეროში მოღვაწეობს და, ასე თუ ისე, საქმესაც ნორმალურად უძღვება. რა ნიშნით იქნა მარგველაშვილი შერჩეული და რა პრივილეგია აქვს მას სხვა კანდიდატურებთან შედარებით, ამ თემაზე for.ge ესპერტებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ პრეზიდენტი მთლად უფუნქციო არ იქნება და მას ე.წ. მთვლემარე ძალაუფლება ექნება.
„თუ ყველაფერი რიგზეა, პრეზიდენტს დიდი ფუნქციები არ აქვს, მაგრამ თუ საპარლამენტო კრიზისია და რაღაც საკითხებია მოსაგვარებელი, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტს გარკვეული არბიტრის ფუნქცია ენიჭება“, - ამბობს გია ნოდია.
მისი თქმით, მარგველაშვილის შერჩევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილი ღებულობს, რადგან ის არ მალავდა მარგველაშვილის მიმართ სიმპათიას და ამიტომ ექსპერტი თვლის, რომ ივანიშვილმა მარგველაშვილი ერთპიროვნულად, პირადი სიმპათიის საფუძველზე აირჩია.
პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტის უფუნქციობის შესახებ განწყობა დღევანდელი პრეზიდენტის უფლებებთან შედარების შედეგად გაჩნდა, თორემ თავისთავად არც მომავალი პრეზიდენტი იქნება უფუნქციო, მისი კონტროლის ქვეშ იქნება საგარეო მხარე, ასევე ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის ასპექტები და ა.შ. აქვე ექსპერტი დასძენს, უფუნქციო პრეზიდენტი გვყავს დღეს და ცხადი ხდება, რომ თუ უფუნქციო პრეზიდენტი იქნება ენერგიული ფიგურა და მოისურვებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას, ის ამას შეძლებს, რისი ნათელი მაგალითიც არის მიხეილ სააკაშვილი.
„შერეულ მოდელში, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ფიგურა პრემიერია, შერეულობა მაინც თავს იჩენს და პრეზიდენტსაც გარკვეული ძალა აქვს. ანალოგიური ტიპის მოდელი, ოღონდ პრეზიდენტზე უფრო მეტი ძალის გადატანით, არის საფრანგეთში და იქ ძალიან ხშირია პრობლემები პრეზიდენტსა და პრემიერის ურთიერთობაში. ეს მაგალითიც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ დღეს ჩვენ რომელიმე ფიგურას კი არა, არამედ სტაბილურობას ვირჩევთ, რადგან არასტაბილურობის ნაღმი ამ კონსტიტუციაშია ჩადებული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, სტაბილურობის თვალსაზრისით გიორგი მარგველაშვილი ბევრი მიზეზის გამო შესანიშნავი კანდიდატურაა. კერძოდ, იგი პიროვნულად ისეთი ადამიანია, რომლისგანაც ავანტიურა პრაქტიკულად გამორიცხულია (მას ამისკენ მიდრეკილება არასოდეს ჰქონია). ამასთანავე, იგი მასშტაბური ხედვის ადამიანია და ამ თანამდებობის სიმაღლეს ასეთი ხედვა შეესაბამება. რაც მთავარია, მას ენდობა პრემიერ-მინისტრიც და თავად მარგველაშვილი სწორედ ივანიშვილის გუნდის წევრია, მას თავისი საკუთარი გუნდი არ ჰყავს.
„ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება, მან შეიძლება პრობლემები შეუქმნას აღმასრულებელ ხელისუფლებას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა არის ის, როდესაც პრეზიდენტს თავისი პოლიტიკური გუნდი არ ჰყავს. მარგველაშვილს თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა არ ჰყავს. ამასთანავე, ის საკმაოდ წარმომადგენლობითია, რაც უცხოეთთან ურთიერთობებში გამოადგება. და ბოლოს, ძალიან პატიოსანია და მისგან ქვეყანას საფრთხე არ უნდა ელოდოს. სწორედ ამას ვირჩევთ ჩვენ ახლა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
„პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის შერჩევა მოხდა იმ ნიშნით, რომ ის კოალიციაში შემავალი არც ერთი პარტიის წევრი არ იყო, ამავდროულად მისი საექსპერტო მოღვაწეობიდან გამომდინარე, ასე თუ ისე, ყველასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებდა, ხოლო ექსპერტის აზრით, სავარაუდოდ გადამწყვეტი იყო ის, რომ გიორგი მარგველაშვილი არის პრემიერ-მინისტრის მეგობარი და მისი შერჩევისას ყველაზე მეტად სწორედ ეს გარემოება იყო გათვალისწინებული.
კახიშვილი ვარაუდობს, რომ კანდიდატურები რამდენიმე კრიტერიუმით იხილებოდა, ერთი კრიტერიუმი იქნებოდა ის, რომ კონკრეტული კანდიდატის წინააღმდეგ კოალიციის წამყვანი ძალები არ წასულიყვნენ, ამასთანავე, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობით უნდა ყოფილიყო მიბმული. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი პრეზიდენტი უფუნქციო იქნება, კახი კახიშვილი ამბობს, რომ ეს მთლად ასე არ არის.
„არ ვიცი, პრემიერ-მინისტრს ვინ რა უთხრა, მაგრამ თუნდაც ის მოდელი არ შეიცვალოს, რომელიც ოქტომბრის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, პრეზიდენტი ნამდვილად არ იქნება უფუნქციო. მართალია, მას არ ექნება ისეთი ფართო უფლებები, როგორიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ დიდ ბერკეტებს ინარჩუნებს როგორც საგარეო, ასევე საშინაო კუთხით. ამასთანავე, პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი წესით და ამდენად, მას საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია ექნება“, - აცხადებს კახიშვილი.
მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვის დაასახელებს კანდიდატად არასაპარლამენტო ოპოზიცია, რადგან დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა. კერძოდ, ექსპერტის განცხადებით, დღეს რომ ივანიშვილს არა მარგველაშვილი, არამედ ვინმე სხვა დაესახელებინა კანდიდატად, სწორედ ეს კანდიდატი მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან თავად პრემიერი სარგებლობს მოსახლეობის მაღალი ნდობით და რეალურად მხარდაჭერა არის მის მიმართ და არა კოალიციის ყველა ლიდერის მიმართ. კახიშვილის თქმით, ახლა მთავარია ის, თუ რამდენად შეძლებს მარგველაშვილი იყოს მთელი საქართველოს, და არა გუნდის „ლიდერშიპის“ პრეზიდენტი, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს ექნება ამის სურვილი, მთავარია, რამდენად აღმოაჩნდება მას მენეჯერული უნარები.
„ჩემთვის უცნობია, რამდენად აქვს გიორგი მარგველაშვილს მართვის უნარი, რადგან მას ძირითადად ექსპერტული საქმიანობიდან ვიცნობ, როდესაც იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აკეთებდა კომენტარებს. მეორე მხრივ, მის სახელს უკავშირდება „ჯიპა“-ს მმართველობა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მარგველაშვილის მხრიდან რამდენიმე ძალიან უცნაური განცხადება გაკეთდა. ალბათ, პრეზიდენტის რანგში იგი მოუვლის როზა ლუქსემბურგის შრომის კოდექსსაც და კიდევ სხვა საკითხებსაც, რომლებზეც პრივატულად საუბრობდა და აღმოჩნდა, რომ ეს საკითხები მნიშვნელოვანი ყოფილა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მთელი ქვეყნის და არა რომელიმე პოლიტიკური ელიტის პრეზიდენტი და ვინმეს სურვილების შემსრულებელი იქნება. კახიშვილი ამბობს, რომ თუკი გავითვალისწინებთ გიორგი მარგველაშვილის ფიგურას, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებლად რჩებოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის შეძლებს ეს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ შერჩეულია ნორმალური საპრეზიდენტო კანდიდატურა, რომელსაც აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მასზე გაკეთებულიყო ფსონი.
„ძირითადი პლიუსი, რაც სხვა მხრივ შეიძლება მინუსადაც ჩაითვალოს არის ის, რომ მარგველაშვილს არ აქვს პარტიული და პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება. სულ რაღაც 6 თუ 7 თვეა, რაც აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო, მანამდე კი ის იყო საზოგადო მოღვაწე, საკმაოდ ცნობილი ექსპერტულ წრეებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ნიშნით იქნა იგი შერჩეული, რადგან მარგველაშვილი არ ასოცირდება კოალიციაში შემავალ არც ერთი პოლიტიკურ პარტიასთან, თვით „ქართულ ოცნებასთანაც“ კი. ამ შემთხვევაში იგი არის ნეიტრალური და ატარებს გარკვეულწილად გამაერთიანებელ ნიშანს“, - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
იგი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის ირგვლივ განხილვა მინიმალური იქნებოდა, რადგან არათუ კოალიციაში, არამედ მის გარეთაც მისი კანდიდატურა მიუღებელი არავისთვის არ არის. ამასთან, ძაბირაძის აზრით, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება გაუჭირდება, მაგრამ იმ გუნდთან ერთად, რომელმაც იგი დაასახელა, ის ამას შეძლებს.